„რაღაც პერიოდის მერე, როდესაც ბავშვი უკვე დედას სცილდება, იწყებს სიარულს, ის აღმოაჩენს თავის თავს, გამოეყოფა დედას. მეს ცნობიერება შემოვიდა, ბავშვი იძახის „მე თვითონ.“ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა და მოქმედებებში დამოუკიდებლობის მიცემა. რატომ? შემეცნებითი თვალსაზრისით ბავშვმა გარემო უნდა აღმოაჩინოს. ამ განცდაში ჩვენ მხარს ვუჭერთ მას, ვაღიარებთ მის ემოციებს, პატივს ვცემთ.“
თამარ გაგოშიძის თქმით, თანამედროვე ურთიერთობებში პატივისცემის დეფიციტია, რასაც ბავშვები ძალიან განიცდიან:
„სიტყვა „პატივისცემა“ ამოღებულია ქართული ლექსიკონიდან ადამიანებთან ურთიერთობაში. ბევრი ბავშვი მეუბნება, რომ მშობელი პატივს არ სცემს. მე ვეკითხები: „კი მაგრამ, ხომ უყვარხარ მშობელს?“ ბავშვს შეუძლია განსხვავება. პატივისცემასა და სიყვარულს შორის განსხვავებააო, მეუბნება. ბავშვი ამბობს, მშობელი პატივს უნდა მცემდესო. ეს რას ნიშნავს? შენ ბავშვის ავტონომიას აღიარებ. ეს ბავშვს ხელს უწყობს, რომ თავად სცადოს. დაეცა, უნდა ადგეს, ხელი მოჰკიდოს და ისევ სცადოს. თავისი მცდელობები არ უნდა დააკლოს და ასე სწავლობს დაბრკოლების გადალახვას და არ ეშინია. მან იცის, რომ ამ დაბრკოლებას გადალახავს, მაგრამ რა შემთხვევაში იცის ეს? თუ მას აქვს უსაფრთხო გარემო.“
თამარ გაგოშიძე აცხადებს, რომ მშობელმა ბავშვზე ზრუნვის პარალელურად მას თავისუფლება უნდა მისცეს:
„შენ რომ მზრუნველი ხარ, მაგრამ არ ერევი, ბავშვმა იცის, რომ დახმარებას გაუწევ. აქ მეორე მომენტი დგება, ჩვენ არ ვიცით დახმარების თხოვნა. ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვს. მშობლები ხშირად ასწავლიან ბავშვს: „არ ითხოვო დახმარება, ეს სირცხვილია და შენს სისუსტეზე მეტყველებს.“ ჩვენ ბავშვს უნდა ვასწავლოთ დამოუკიდებლად დაბრკოლების გადალახვა. ეს პატარა ასაკში ხდება ყველაფერი. ექვს წლამდე უნდა მორჩე ყველაფერს. ეს არის მისთვის ემოციურად უსაფრთხო გარემო, ისე დაბრკოლებას ვერ გადალახავს. სკოლაში რატომ არ ლახავს ბავშვი დაბრკოლებას? მისთვის უსაფრთხო გარემო არ არის. ეს მისთვის ძალიან მძიმე გარემოა, პირველი ნაბიჯის გარემო. მან იცის, რომ მხარს არავინ დაუჭერს. მას ეშინია დაბრკოლების გადალახვის, შეცდომის დაშვების.“
„დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხშირია წარუმატებლობის შიში. ეს მარტო ჩვენთან არ არის. დასავლეთშიც ახლა წამოვიდა ზუსტად კვლევები, რომლებიც გვეუბნება, რომ ჩვენ ადამიანებს ეს უნდა ვასწავლოთ, დავანახოთ, რომ წარუმატებლობა მათი ცხოვრების ნაწილია,“ - აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.
წყარო: შემდეგი გაჩერება
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები