„პირველი მნიშვნელოვანი მომენტი არის საკუთარ შიშთან და შფოთვასთან გამკლავება მშობლის მხრიდან და ბავშვის გაშვება, ბავშვის გაშვება დამოუკიდებლად სივრცეში, როდესაც მან თვითონ უნდა მიიღოს პირველი გამოცდილება. მნიშვნელოვანია ბავშვის შესაძლებლობებისა და უნარების ნდობა. სწორედ ეს ნდობა დებს პირველ აგურს და არის საფუძველი, რომ ბავშვმა ირწმუნოს საკუთარი თავის. მაგ. ბავშვს მოაქვს რაღაც ჭიქა და მშობელი შიშობს: „ვაიმე, გაგიტყდება, დაზიანდები, წაიქცევი,“ როდესაც დიდი დოზით არის მსგავსი ფრაზები, ბავშვთან მიდის შეტყობინება, რომ გარემო არის საშიში. ის თვლის, რომ მარტო ვერაფერს გაართმევს თავს, იჯერებს, რომ მას არ შეუძლია ამის კეთება. „მოდი, მე ჩაგაცმევ, მე დაგისხამ,“ - ამ ფრაზების შემდეგ ბავშვი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება. ის თვლის, რომ მას ვიღაც სხვა სჭირდება სირთულეებთან გასამკლავებლად. როდესაც ეს წლების მანძილზე გრძელდება, ბავშვი იწყებს შემდეგნაირად ფიქრს: „როდესაც ახალ გამოცდილებასთან მიხდება შეხება, მე ყოველთვის მჭირდება ვიღაც სხვა, ვისთან ერთადაც გავაკეთებ ამას, ან ვინც გააკეთებს ჩემს მაგივრად. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყოს.“
ეკა ნინოშვილის თქმით, ბავშვი სამყაროს ინიციატივის გამოვლენისას შეიმეცნებს:
„მივცეთ ბავშვს შესაძლებლობა, რომ თვითონ დააგროვოს ცხოვრებაში გამოცდილება. მაგ. 2-3 წლის ბავშვს უნდა, რომ თვითონ დაასხას ბოთლიდან წყალი ჭიქაში. ამ დროს მშობელს პირველი აზრი ებადება, რომ ბავშვი წყალს დაასხამს. თუ ბავშვი წყალს დააქცევს და მშობელი ეტყვის; „მე გითხარი, რომ ცოტა წყალი უნდა ჩაგესხა ჭიქაში,“ ეს, რა თქმა უნდა, ზრუნვის გამოვლენაა, მაგრამ ბავშვმა ამ დროს განიცადა მარცხი. შესაძლოა, ის შემდეგში გაფრთხილდეს ახალი ინიციატივის გამოვლენისას. ბავშვები 2-3 წლის ასაკში შეიმეცნებენ გარემოს სწორედ საკუთარი ინიციატივებით, გამოკვლევებით, თუ რა შეუძლიათ და რა - არა. თუ ის დაისჯება მშობლისგან და დაიწყება კრიტიკა, დაიწყებს ნაკლები ინიციატივის გამოჩენას.“
„რა შეიძლება ამ დროს მშობლის მხრიდან იყოს სასურველი ქცევა? ის, რომ თვითონ ვაჩვენოთ და ხელი შევუწყოთ მისი გამოცდილების დაგროვებას. ბავშვს შევთავაზოთ ალტერნატიული გზა. ნიჟარაში ჩავდგათ ჭიქა და ვაჩვენოთ ბავშვს ბევრი წყლის ჩასხმისას როგორ გადმოიღვრება წყალი. ჭიქაში ცოტა წყალი ჩავასხათ და ავუხსნათ, რომ ეს არის ცოტა. პირველ ეტაპზე ყოველთვის მშობელთან ერთად უნდა აკეთოს ბავშვმა რაღაც. თავიდანვე რომ ბავშვს გადავაბაროთ ყველაფერი და ვუთხრათ: „რაც გამოგივა, გამოგივა,“ არც ეს არის სწორი. ამიტომ ჯერ მშობელმა უნდა აჩვენოს ბავშვს, მასთან ერთად გააკეთოს რაღაც, აუხსნას როგორ იქნება უკეთესი, შემდეგ გამოერიდოს და იყოს უბრალოდ მხარდამჭერი შვილის. მშობელმა უნდა ადევნოს თვალი ბავშვს, რომ მან ყველაფერი უკეთ და სწორად გააკეთოს. როდესაც ბავშვი რაიმე უნარს გაივარჯიშებს, რა თქმა უნდა, მან ეს უნდა აკეთოს დამოუკიდებლად,“ - აცხადებს ეკა ნინოშვილი.
წყარო: აზროვნების აკადემია
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები