როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ ჭეშმარიტება გაუძღვეს წინ,“ - შალვა ამონაშვილი ბავშვის აღზრდის შესახებ
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს შვილის სულიერი აღზრდის შესახებ საინტერესო რჩევები მისცა:
„სად ვიპოვოთ ჩვენ ღმერთი? მარტო ცაში ვიყუროთ? დაბლა ღმერთი არ არის?! ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ღმერთი ჩვენშია. ჩვენ ერთმანეთს ღმერთის თვალებით უნდა ვუყურებდეთ. სულის საქმე ეს არის, რომ აშენოს სიყვარული. „ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ ჭეშმარიტება წაუძღვეს.“ რა ჩავუნერგოთ ჩვენს შვილს პირველ რიგში? თვალები, გულის ფეთქვა, ის სინაზე, რითაც გიჭირავთ ბავშვი, ეს უკვე აღზრდაა.“
შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვის სული უნდა ააწყო და სულის სიმები ერთმანეთს შეუხამო:
„სული უნდა ააწყო. ერთმანეთს შეუხამო სულის სიმები. რა უნდა იყოს პირველი სიმი, რომელიც ბავშვს უნდა შევუხამო? მთელი ცხოვრება ეს უნდა ვაკეთოთ, უცბად კი ვერ ააწყობ. სიყვარულის სიმი დაუჭიმე შვილს სულში, მოუწესრიგე ეს სული. „გიყვარდეს,შვილო,“ - ჩემი ძუძუც ამას ეუბნება, ჩემი ხელებიც ნაზად რომ უჭირავს ბავშვი, თვალებიც ამას ეუბნება. მერე მამა მოვა, შეაგდებს ბავშვს ჰაერში, დაიჭერს და ამას ეუბნება. ეს არის საკრარული აღზრდა.“
„ჩააგონეთ თქვენს შვილებს, თუ ჩვილები არიან, ჩვილობიდან, თუ სამი-ხუთი-თხუთმეტი წლისა არიან, ამ ასაკიდან: „გიყვარდეს, შვილო, როგორც მე შენ მიყვარხარ. არაფერს არ გთხოვ, მარტო მიყვარხარ. მიყვარს ყველა ადამიანი. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთის შვილები არიან ყველანი. არის ცუდი და არის კარგი ადამიანი, მაგრამ გავიხსენოთ, როდესაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მარჯვნივ და მარცხნივ ყაჩაღები გააკრეს ჯვარზე. რა უთხრა მათ ქრისტემ, ვიდრე მამასთან ამაღლდებოდა? თქვენ დღესვე ჩემს გვერდით იქნებითო. მან შეუნდო მათ. ცუდია ადამიანი? შევუწყოთ ხელი, რომ კარგი გახდეს. უჩვენე ათასჯერ კარგი მაგალითი, შესთავაზე შენი გულწრფელობა, სიყვარული, მსხვერპლი გაიღე. რაღაც შეიცვლება ადამიანში,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.