როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„ორი წლის ბავშვზე რომ გეტყვიან ჰიპერაქტიურიაო, უნდა იყოს! ეს არის მისი ინტელექტის განვითარების აუცილებელი პირობა,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლების მხრიდან ბავშვის თავისუფლების ზედმეტად შეზღუდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი წლის ასაკში ბავშვის ჭარბი აქტიურობა ნორმალური მოვლენაა:
„ორი წლის ბავშვზე რომ გეტყვიან ჰიპერაქტიურიაო, უნდა იყოს! ჩვენ არ გვინდა, რომ იყოს და ვცდილობთ, რომ გავაჩეროთ, მივაჩეჩოთ ტელეფონი. გვეშინია, რომ არ დაეცეს. ეს არის მისი ინტელექტის განვითარების აუცილებელი პირობა. ცხადია, ბავშვს უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნა. ფანჯრები კარგად უნდა ჩაკეტო. საშუალება უნდა მისცე ბავშვს მოძრაობის. ხელში აყვანილი რომ დაგყავს მთელი ცხოვრება, იატაკზე არ სვამ, არაფრის საშუალება არ აქვს ამ ბავშვს, ასე არ შეიძლება.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვს ძალიან დიდი ყურადღება და უსაფრთხო გარემოს შექმნა სჭირდება:
„ბავშვს დიდი ყურადღება სჭირდება. გვერდით გაიხედავ და მართლა შეიძლება ორი წლის ბავშვმა რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ გული გაგიხეთქოს. სწორედ ამიტომ, მჭრელი საგნები ზემოთ უნდა იყოს. ზემოთაც აძვრება ბავშვი, არ არის პრობლემა. ამის დაშლა არ შეიძლება. უნდა მიჰყვე ბავშვს. აიღო დანა? აჩვენე, რა არის, როგორ არის. ამის მოთმინება, დრო და ნერვები ვის აქვს ახლა?! შენ კიდევ ყველაფერს უკრძალავ. ეუბნები: „ამას ხელი არ მოკიდო, იმას ხელი არ მოკიდო.“ ეგ არ არის თავისუფლების შეზღუდვა?!“
„საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას ბავშვი ძალიან არ უნდა შევაშინოთ. ბავშვები ძალიან შემეცნებითი ტიპები არიან. ინფორმაცია უნდა იყოს ობიექტური, არაემოციური. ძალიან შეშინება, როგორც ვიცით ხოლმე, რომ „ცეცხლი წაგეკიდება და ვიღაცები შეგჭამენ,“ ასე არა. ჩვეულებრივად ვეუბნებით ბავშვს: „დაგეწვება ხელი, გაგიწითლდება, გეტკინება.“ ვამბობთ იმას, რაც რეალურია, ყოველგვარი ემოციური რაღაცების გარეშე. ხშირად არის, აინტერესებს ბავშვს, რატომ უნდა გაიხედოს მარჯვნივ, მარცხნივ ქუჩაზე გადასვლისას. ამ შემთხვევაში უნდა ვუთხრათ: „იმიტომ, რომ დაგეჯახება მანქანა, თუ არ გაიხედავ.“ არიან ბავშვები, ვისაც რისკის შეგრძნება არ აქვს. ჰიპერაქტიური და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები ამით გამოირჩევიან,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.