როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„ბავშვის ურჩობა არ უნდა გადაიზარდოს ოჯახური ცხოვრებისთვის ხელისშემშლელ მოვლენად,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი
ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ბავშვისთვის თვითრეალიზაციის შესაძლებლობის მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვმა საკუთარი თავი პიროვნებად უნდა განიცადოს:
„იმის ნაცვლად, რომ მშობელი ბავშვს აძლევდეს თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, მას აბრკოლებს იმით, რომ ცდილობს აჯობოს მას, არ მისცეს იმის გაკეთების საშუალება, რაც ბავშვს უნდა. ბავშვის ურჩობა არ უნდა გადაიზარდოს ოჯახური ცხოვრებისთვის ხელისშემშლელ მოვლენად. შესაძლებელია, რომ ბავშვს შევთავაზოთ არჩევანი, რა უნდა მას ჩვენთვის სასურველ რამდენიმე ალტერნატივას შორის. მან უნდა განიცადოს საკუთარი თავი პიროვნებად, განიცადოს, რომ ის თვითონაც არის ქცევის ავტორი.“
ლელა ტყეშელაშვილის თქმით, ბავშვი მომლოდინე ადამიანის პოზიციაში არ უნდა ვამყოფოთ:
„ბავშვი არ უნდა დარჩეს უბრალო მომლოდინე ადამიანის პოზიციაში. ეს მას ზრდასრულობაშიც შეიძლება გაჰყვეს. ის იქნება მოლოდინის რეჟიმში, ვინ მიაწვდის ინიციატივას. ასეთი ადამიანები ხშირად ექცევიან ხოლმე სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ. ბავშვს ასეთი მდგომარეობა აქვს ოჯახში, რომ მისთვის კომფორტულია დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნა. ამ შემთხვევაში ის არ ისჯება და თავს უკეთესად გრძნობს. შემდგომში, როდესაც იზრდება, იმის გამო, რომ მან არ იცის, როგორ მოიქცეს დამოუკიდებლად, მისთვის უფრო კომფორტულია მოექცეს სხვა ადამიანის ზეგავლენის ქვეშ.“
„მშობლებს, რომლებიც იყვნენ განსაკუთრებით დირექტიულები აღზრდის პროცესში, არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ზრდასრულობის პერიოდში მათი შვილები გათავისუფლდებიან მათი დიქტატისგან და სამაგიეროდ აღმოჩნდებიან სხვა ადამიანების დიქტატის ქვეშ. ხშირად უკვირს მშობელს, რატომ ხდება ასე, რატომ დადის მისი შვილი სხვა ადამიანების ჭკუაზე. იმიტომ, რომ ბავშვმა სხვა სტრატეგია არ იცის. ის ზრდასრულობამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში ასრულებდა სხვა ადამიანების სურვილებს. ბავშვის დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი. რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს დახატული კედლები და დამტვრეული, დაშლილი სათამაშოები. ეს გახლავთ ბავშვის პირველი ინიციატივა, რომელიც თუ მაშინვე ჩაიკვლება და დაითრგუნება, შემდგომში ინიციატივიან ადამიანს ვეღარ მივიღებთ, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანის ეს თვისება უნდა განვითარებულიყო, ჩვენ მას განვითარების შესაძლებლობა არ მივეცით,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.