როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა.
- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?
- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?
- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.
- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)
- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.
- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?
- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.
- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?
- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.
„ბავშვს მორალი ორ წლამდე არ აქვს. მას უნდა, რომ რაც კარგია, მისი იყოს,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე
პედიატრი ქეთი ნემსაძე ბავშვის განვითარების უმთავრეს ეტაპზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ პატარები ყველაზე მეტად ნულიდან ორ წლამდე ვითარდებიან. ქეთი ნემსაძის თქმით, ორ წლამდე ასაკის ბავშვის მიმართ ჭარბი მოთხოვნები არ უნდა გვქონდეს და მას მოზრდილივით არ უნდა ვექცეოდეთ. პედიატრი აღნიშნავს, რომ ორ წლამდე ბავშვებს მორალი არ აქვთ და მათი აზროვნება ძალიან განსხვავებულია:
„ბავშვს მორალი ორ წლამდე არ აქვს. მისი მორალია: „რაც კარგია, ჩემია. რაც ჩემია, შენი ვერ გახდება.“ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ეტაპზე ბავშვს უთხრა რაიმე ნივთზე: „სხვას მიეცი.“ ის სხვას არ გაუყოფს რამეს, ეს არის ჯანმრთელი ბავშვის ფუნქცია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუჯავრდეთ ბავშვს, თუ ის სხვას არ უყოფს რამეს. გაზიარება არ არის მისი პრობლემა. არ უნდა წავეჩხუბოთ ბავშვს. მას უნდა, რომ რაც კარგია, მისი იყოს. შემდეგ ჩვენ ნელ-ნელა ავუხსნით, რომ კარგს უნდა მიაღწიო, მაგრამ სხვისი უფლებები არ უნდა დაარღვიო.“
ქეთი ნემსაძე ორ წლამდე ბავშვებში ეფექტიან დასჯის მეთოდოლოგიაზე საუბრობს და მშობლებს ურჩევს, ბავშვებს ხშირად შეახსენონ ყველაფერი ის, რასაც ისინი სწორად აკეთებენ:
„ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დასჯის მეთოდოლოგია არის ასეთი, ის ემყარება ტაიმ-აუტს. თუ ნულიდან ორ წლამდე ბავშვმა რაღაც დააშავა, ნივთი აიღო და გადააგდო, ჩვენ ერთი წუთის განმავლობაში ვუხსნით მას, რომ ეს არ არის კარგი, მიგვყავს უსაფრთხო შესვენების სკამზე ან კუთხეში. კუთხეში დაყენება შეიძლება მხოლოდ ერთი წუთით. ამის შემდეგ მას ამას არასდროს გავახსენებთ. ბავშვს გავახსენებთ იმას, რაც მან კარგი გააკეთა. განსაკუთრებით ძილის წინ შევაქებთ ბავშვს. ეს არის ის, რითაც მტკიცდება კარგი ჩვევები. ბავშვს შევახსენებთ, რა გააკეთა კარგი. ეს დასწავლის პერიოდია. ყველაზე მეტად ბავშვი ვითარდება ნულიდან ორ წლამდე,“
„სტრესი არის რამდენიმე სახის. არსებობს ასატანი სტრესი. რას ნიშნავს ეს? როდესაც ბავშვი პასუხობს გაკვეთილს, გულისცემა ოდნავ უჩქარდება, არის ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს დადებითი სტრესია, რომელიც განვითარებას და ადაპტაციის უნარის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასეთი სტრესი არ უნდა ავაცილოთ ბავშვს. სერიოზული სტრესი გადადის ტოქსიკურ ბიოქიმიურ პროცესებში. ასეთი სტრესი არის დაბადებისთანავე დედისა და ბავშვის დაშორება,“ - აცხადებს ქეთი ნემსაძე.