Baby Bag

სტრესისა და შფოთვისგან გასათავისუფლებელი ვარჯიშები - ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე

სტრესისა და შფოთვისგან გასათავისუფლებელი ვარჯიშები - ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე

ფსიქოთერაპევტმა დავით ანდღულაძემ ძლიერი შფოთვით მოცული ადამიანებისთვის გამოსადეგი და ეფექტიანი ვარჯიშების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანებს შეუძლიათ ამ დროს ყურადღება მიმართონ არა მედიკამენტებისკენ, არამედ კონკრეტული აქტივობებისკენ:

„როდესაც ატანილია შფოთვით ადამიანი, ​მოცულია შფოთვით და პანიკურ მდგომარეობაშია, რა უნდა გააკეთოს ამ მდგომარეობაში? ვერ გეტყვით, რომ ამ დროს ყურადღება გადაიტანოთ რამეზე. როგორც წესი, ამ დროს არ გაქვთ ამის საშუალება. ამ განსაკუთრებული შფოთვის დროს, რამდენ თქვენგანს გამოუყენებია პრეპარატი? ამოგიღიათ ჩანთიდან, ჯიბიდან, უჯრიდან, დალოდებიხართ რამდენიმე წუთს. თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ ყურადღება მიმართოთ იმ საცავისკენ, სადაც არის ეს წამალი. ამ დროს, როგორც წამლისკენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ყურადღება, ისევე შეგიძლიათ ყურადღება მიმართოთ რეალობისკენ, რომელიც ცოტა ხნის წინ დაკარგეთ. რომ არა ეს შფოთვა, რა მდგომარეობაში იქნებოდით ახლა, რას გააკეთებდით ახლა?!“

დავით ანდღულაძის თქმით, შფოთვის დროს ძალიან კარგია სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება:

„ამ დროს უპირატესობას ვანიჭებთ ფიზიკურ აქტივობას. ​ფიზიკური აქტივობაა სუნთქვაც. კარგია ღრმა ჩასუნთქვა და სუნთქვის შეკავება საკმაოდ დიდხანს. არის ასევე სხვა ტიპის აქტივობებიც, როგორიცაა ბოლთის ცემა. ამას ისედაც აკეთებთ ხოლმე. ამაზე უკეთესია სირბილი, ჩაბუქვნა. ამ დროს, რადგან ფიზიკურად იტვირთება ადამიანი, გული უჩქარდება. უნდა აუჩქარდეს კიდეც. შფოთვის დროს ადამიანს ისედაც აჩქარებული აქვს გული. გულის აჩქარება ისევ შფოთვასთან, საფრთხესთან არის ასოცირებული, ამიტომ მსგავსი აქტივობები არ ღირს. რა ტიპის აქტივობა გვირჩევნია?! უმჯობესია, მარტივია და პრაქტიკაში უკეთ გამოსაყენებელია მსუბუქი, განმეორებადი მოძრაობები.“

დავით ანდღულაძემ მჯდომარე პოზიციაში შესასრულებელ სპეციალურ ვარჯიშებზეც ისაუბრა, რომელთა დახმარებით ადამიანები შფოთვის დამარცხებას შეძლებენ:

„რომ ვზივარ, შემიძლია თავი ვაქნიო. ხომ ცუდად ვარ, ხომ წამოხტომა მინდა, მაგრამ თავი რომ გადავაქანო და გამოვაქანო, რა მიშლის ხელს?! ეს იმ შემთხვევაში გამოგვადგება, როდესაც პრობლემა არის მწვავე, მაგრამ არც იმდენად, რომ კისრის კუნთები იყოს ზედმეტად დაჭიმული. ვიღაცისთვის ეს შეიძლება აკვანთან ასოცირდებოდეს, ვიღაცისთვის ზღვაზე, გასაბერ ლეიბზე წოლასთან. მთავარი ის არის, რომ ეს განმეორებადი მოძრაობა ადვილად აღქმადია ჩვენი ცნობიერებისთვის, არის პროგნოზირებადი. ​შფოთვა-ფორიაქის დროს ვართ დაკარგულები. განცდა მაქვს, რომ არ ვიცი სად ვარ. ასევე შეგვიძლია კისრის განზრახ გადაწევა. შემიძლია თავი მოვაბრუნო მარჯვნივ, მოვაბრუნო მარცხნივ. რომელი მოძრაობის შესრულების საშუალებასაც მაძლევს ჩემი კისერი, იმას ვაკეთებ.“

დავით ანდღულაძის თქმით, შფოთვის დასაძლევი ვარჯიშების შესრულება ფეხზე დგომისასაც შეგვიძლია:

„იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ფეხზე მდგომმა. ხან ერთ ფეხზე გადავიტანთ სიმძიმეს, ხან მეორეზე. ფეხზე მდგომებს შეგვიძლია მთლიანად წავიდეთ მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს. მერე უკვე ვნახავ, რომ ამ მოძრაობაზე გადადის ჩემი ყურადღება, ​შფოთვა თანდათანობით ქვეითდება, შინაგანი სიმშვიდის ხარისხი იმატებს. უფრო მარტივია, რომ ფიზიკურად ერთ ადგილზე ვიდგე, მაგრამ ტორსი მოვაბრუნო ჯერ ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს. ხელები რაც უფრო თავისუფალი იქნება, მით უკეთესი. ხელს მიმართულება არ უნდა მივცეთ. მოქნეული მხარი მას თავად წაიღებს და წამოიღებს.“

„შეგვიძლია ყურადღება მივიქციოთ ტაშის შემოკვრით. შეიძლება დავიწყო ნელა და მერე ავაჩქარო. შეიძლება ძალაზე ვიყო ორიენტირებული, ხელები კარგად ამეწვას. ეს არის არა თვითგვემა, თვითდაზიანება, არამედ ყურადღების გადატანის გზა და საშუალება. ეს ჩვევად არ უნდა იქცეს. ეს არის, რაც ყველაზე ნაკლებად გვაწყობს, მაგრამ უკეთესი თუ მიუწვდომელია იმ მომენტში, ასეთი აქტივობა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა,“ - აღნიშნა დავით ანდღულაძემ.

წყარო:​ „აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა თქმა უნდა, იმუნიტეტი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული,“- ფსიქიატრი რეზო კორინთელი

„რა თქმა უნდა, იმუნიტეტი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული,“- ფსიქიატრი რეზო კორინთელი

ფსიქიატრმა რეზო კორინთელმა იმუნიტეტზე ფსიქიკური მდგომარეობის ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„რა არის ეს იმუნიტეტი? ეს იმუნიტეტი არის ის, რომ ზოგს ჯანმრთელი სხეული აქვს და ზოგს სუსტი? რამდენად არის იმუნიტეტი დაკავშირებული ფსიქიკურ მდგომარეობასთან? რა თქმა უნდა, ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ადამიანი, რომელიც შიშს არ აჰყვება, გონივრულად მოიქცევა, მისი იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდია. ფსიქიკური მდგომარეობა განაპირობებს ჩვენი სხეულის მდგომარეობასაც. როდესაც ადამიანი მშვიდად არის, ის არ ეძლევა უარყოფითი აზრების ზეგავლენას. ბლოკავს ამას. უარყოფითი აზრი არის, რომ რაღაც ცუდი ხდება და შენ არაფერი არ გეშველება. ზოგი გეუბნება: „მალავენ, არ ამბობენ.“ უნდობლობის ვირუსს ავრცელებენ.

მაგალითად, იყო ასეთი მარშალი, ექიმი, რომელიც იყენებდა ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებში ჯგუფურ თერაპიას. დისკუსიას აწყობდნენ, ხვდებოდნენ ერთმანეთს პაციენტები, ესაუბრებოდნენ, ვინ რა გააკეთა. ვინც ჯგუფს ესრებოდა, მათში ტუბერკულოზისგან განკურნებული პაციენტის რიცხვმა სამჯერ მოიმატა. ის აკონტროლებდა დადებით აურას, დადებით ატმოსფეროს ავადმყოფებს შორის. ფსიქიკურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“- აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო:​ „აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად