Baby Bag

„შენგან არაფერი არ გამოვა“, „რას ჰგავხარ“, „რით ვეღარ გაიგე?!“... - შენიშვნები, რომლებიც ბავშვს აკნინებს, არ უნდა ვუთხრათ მათ“ - მარინა კაჭარავა

„შენგან არაფერი არ გამოვა“, „რას ჰგავხარ“, „რით ვეღარ გაიგე?!“... - შენიშვნები, რომლებიც ბავშვს აკნინებს, არ უნდა ვუთხრათ მათ“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოთერაპევტი მარინა კაჭარავა ბავშვებთან ურთიერთობის თემაზე საუბრობს. როგორც იგი აღნიშნავს, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გაბრაზებულა, თუმცა გააჩნია, როგორ გამოვხატავთ ბრაზს:

„ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია მშობლებისთვის გაუთავებელი ჭკუის დარიგება, რადგან მშობელზე მეტად შვილი არავის არ უყვარს და მან უკეთ იცის, როგორ მოიქცეს. უფრო მეტიც, შვილს როცა უჭირს, მშობელთან უნდა გაიქცეს, მას უნდა გაუზიაროს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეხვდება მშობელი ამას. გულწრფელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე, როგორც მშობელი, ვარ გულწრფელი, როცა ვბრაზობ და ამას აღვნიშნავ და თუ ზედმეტი მომივიდა, აუცილებლად ბოდიშს მოვიხდი.“

მარინა კაჭარავას თქმით, მშობელი თუ სულ ყვირის, ბავშვიც სწავლობს ყვირილს, ბავშვები მშობლის ქცევის კოპირებას აკეთებენ:

„როგორ შეიძლება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გაბრაზდე, მაგრამ ამ დროს მთავარია, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ბავშვს, მაგალითად, ნეგატიური შეფასება, ფრაზა „შენგან არაფერი არ გამოვა“, „რას ჰგავხარ“, „რით ვეღარ გაიგე?!“... შენიშვნები, რომლებიც ბავშვს აკნინებს და თვითშეფასებაზე ძალიან მოქმედებს, არ უნდა ვუთხრათ მათ.“

ფსიქოთერაპევტი მშობლებს ასწავლის მეთოდს „არგანხილვა“, რომლითაც შვილებთან პრობლემის მოაგვარებაა შესაძლებელი:

„არსებობს ასეთი მეთოდი - „არგანხილვა“, როცა რაღაცას არ განიხილავ. მაგალითად, ბავშვი ზამთარში ამბობს, რომ ეზოში ტრუსებით და მაისურით უნდა ჩასვლა, თუკი შეჰყევი ამ მოედანზე, ის მოგიგებს, ე.ი. მშობელი იწყებს კამათს, რომ გაცივდები, ეშლება ნერვები, ბავშვს კი არ ესმის. მის მსგავსად მოიქეცით, ანუ თქვენც არ გაიგებთ მის ნათქვამს და ეტყვით, ეზოში გინდა ჩასვლა? და ამ დროს ჩაცმის ორ თქვენთვის სასურველ ვარიანტს შესთავაზებთ. ანუ მშობელმა არ უნდა განიხილოს ტრუსებით და მაისურით ზამთარში ეზოში ჩასვლა. შენ ხარ მშობელი, გაქვს პასუხისმგებლობა შვილზე და აქედან გამომდინარე შენ, მშობელი წყვეტ ამას შვილთან ერთად.“

მან ასევე ფრანგული ბაღების მაგალითი მოიყვანა, სადაც წითელი ხაზია გაბმული და ამ ხაზის იქით გადასვლა ბავშვებს, პედაგოგებს და მშობლებსაც ეკრძალებათ.  ამითი ბავშვები სწავლობენ, რომ არსებობს რაღაც, რაც არ შეიძლება:

„ბავშვებს სიამოვნების გადავადება ორი-სამი წლიდან უნდა ვასწავლოთ. მაგალითად, კანფეტი უნდა, ამ დროს ვეუბნებით, ჯერ ეს, მერე კანფეტი. თუნდაც 5 წუთით მოცდა რომ ვასწავლოთ, ეს ცხოვრებაში ძალიან გამოადგება, ამით კონტროლის მექანიზმს აამუშავებს.“

ზოგადად, გულრწფელობა არის უალტერნატივო, შეგეშალა-აღიარე, თუმცა ამ დროს ავტორიტეტი არ უნდა დაკარგოს მშობელმა:

„ეს ყველაფერი არ არის რთული, როდესაც ადამიანი ვითარდება. მაგალითად, თუ თქვენი თინეიჯერი შვილი ისეთ მუსიკას უსმენს, რომელიც არ მოგწონთ, მას პირდაპირ კი არ უნდა უთხრათ, რომ ეს არ ვარგა და გამორთოს. ჩამოუჯექით მას და ერთად მოუსმინეთ მუსიკას, შემდეგ თქვენ მოასმენინეთ ის მუსიკა, რასაც თავად უსმენთ.“

მარინა კაჭარა ასევე საუბრობს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვს ჭკუიდან გადავყავართ:

„როცა მშობელი გაბრაზებულია ემოციებს მუდმივად ბლოკავს, ეს იწვევს დაავადებებს. ზოგადად, გაბრაზების დროს ქცევაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რომ საქციელია მშობლისთვის მიუღებელი. ბავშვს ამ დროს უნდა უთხრათ, რომ ის გიყვართ, მის გვერდით ხართ, თუმცა მისი საქციელი არ მოგწონთ. შვილებს აკლიათ მშობლებთან ემოციური კონტაქტი. მშობლების ძირითადი საზრუნავია აჭამონ, ამეცადინონ... და ამ დროს ემოციური კონტაქტი - რა უჭირს, რა ულხინს, რა სწყინს... იკარგება. თუ ბავშვს სკოლაში წასვლა არ უნდა, მის არწასვლას არ განიხილავ, თუმცა ეკითხები რა ხდება სკოლაში, რატომ არ უნდა წასვლა... რომ უყვირი ამითი რამეს უშველი? ალბათ, უჭირს რაღაც სკოლაში რომ არ უნდა წასვლა. ამაზე აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ.“

წყარო: ​„იმედის დღე“ - „წესები მშობლებისთვის“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)