Baby Bag

როდის უნდა ვუთხრათ შვილს, რომ ნაშვილებია, როგორი კომუნიკაცია უნდა დავამყაროთ მასთან, რათა თავიდან ავარიდოთ ფსიქოლოგიური ტრავმა?

როდის უნდა ვუთხრათ შვილს, რომ ნაშვილებია, როგორი კომუნიკაცია უნდა დავამყაროთ მასთან, რათა თავიდან ავარიდოთ ფსიქოლოგიური ტრავმა?

როდის უნდა ვუთხრათ შვილს, რომ ნაშვილებია, როგორი კომუნიკაცია უნდა დავამყაროთ მასთან, რათა თავიდან ავარიდოთ ფსიქოლოგიური ტრავმა? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ესაუბრა. 

- ქალბატონო მარიამ, როდის უნდა ვუთხრათ შვილს, რომ ის ნაშვილებია, ანუ არსებობს საუკეთესო დრო ამის სათქმელად? 

- როდის შეიძლება ვუთხრათ ბავშვს რომ ის ბიოლოგიური შვილი არ არის? - ამ კითხვაზე კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. ვერ ვიტყვით რომ შეგვიძლია დავასახელოთ უნივერსალური დრო, ასაკობრივი ზღვარი, როდესაც შეიძლება ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. ბავშვის ინფორმირება ინდივიდუალური მახასიათებლებიდან და კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ადრეული ასაკიდანვე უნდა მოხდეს. აუცილებელია ეტაპობრივად შევამზადოთ ბავშვი. თავდაპირველად ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ზღაპრები, ანიმაციები, ისტორიები, სხვა ადამიანებზე. ეს აქტივობები დაეხმარება ბავშვს შემდეგ ეტაპზე მომზადებული შეხვდეს პირადი ინფორმაციის მიღებას. მთავარია საინფორმაციო მესიჯი და მიმართულება უნდა იყოს ის, რომ შესაძლოა შვილი არ იყოს ბიოლოგიური, მაგრამ ის ისეთივე სასურველი იყოს მშობლებისთვის და ისევე უყვარდეთ, როგორც ბიოლოგიური შვილი, მთავარი ხომ ემოციური კავშირია, რაც ბავშვს და მშობლებს შორის უნდა ყალიბდებოდეს. 

- რა უნდა გავითვალისწინოთ, რათა ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა არ დავაზიანოთ? 

- ხშირად გვსმენია ისეთი ისტორიები, როდესაც შვილად აყვანის შემდეგ ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, შეწყვიტა კონტაქტი მეგობრებთან და ნათესავებთან, შეუცვალეს ბავშვს სახელი და დაბადების რიცხვი, რათა მაქსიმალურად „დაეცვათ“, დაემალათ ისტორია, თუმცა ბავშვს მაინც მიუღია ინფორმაცია კლასელისგან ან სრულიად უცხო „კეთილის მსურველი“ ადამიანისგან. ხშირად ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღება ზრდასრულობის ასაკში ხდება და რა თქმა უნდა, უფრო მწვავე რისკები, უარყოფითი შედეგები დგება. რომ შევაჯამოთ, სასურველია ბავშვს ინფორმაცია მივაწოდოთ ეტაპობრივად, ადრეული ასაკიდან, თუმცა ამ პროცესის დაწყებამდე აუცილებელია შევაფასოთ მისი ასაკობრივი, ფსიქიკური მზაობა, ემოციური ფონი და აუცილებლად ჩავრთოთ ფსიქოლოგი, კონსულტაციის ფორმატში. 

- ზოგადად, რა სახის ტრავმის მომტანია ეს ბავშვისთვის? 

- უნდა გავითვალისწინოთ, ინფორმაციის მიღების შემდეგ ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს შერეული ემოციები, წამოვიდეს ქცევითი სირთულეები, ეს სრულიად ბუნებრივია, პროცესის ნაწილია და მნიშვნელოვანია მშობლებს ამ ცვლილებების მისაღებად, გასამკლავებლად ჰქონდეთ მზაობა. მოგეხსენებათ, ოჯახი არის პირველი სოციალური გარემო, მოდელი, სადაც ბავშვის იდენტობა ყალიბდება. როდესაც ბავშვი დგება ტყუილის წინაშე, რა თქმა უნდა შესაძლოა დადგეს იდენტობის კრიზისი, რომელიც აუცილებლად უნდა იმართოს და ჩართული იყოს სპეციალისტი, რათა სხვა მწვავე სირთულეები არ წარმოიშვას. 

- რა თქმა უნდა, ყველა ოჯახის შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადად რომ ვთქვათ, როდესაც ოჯახში ჩნდება ბიოლოგიური ბავშვი, მშობელი როგორ უნდა მოიქცეს, ასეთ დროს, როგორი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს არაბიოლოგიურ შვილთან, რათა ბავშვს აარიდოს ეჭვიანობა, სტრესი და სხვა სახის პრობლემები? 

- ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი გრძნობდეს უპირობო მიმღებლობას, სითბოს, ზრუნვასა და სიყვარულს. იცოდეს, რომ ოჯახში მას კონკრეტული ადგილი აქვს, როგორც ოჯახის სხვა წევრებს. არ შევადაროთ შვილები ერთმანეთს, მაქსიმალურად ვცადოთ დროის დაბალანსება, ხშირად წამოვწიოთ და ხაზი გავუსვათ ბავშვის მიღწევებს, ძლიერ მხარეებს. ხშირად გაუზიარეთ, როგორი ბედნიერი ხართ რომ ის თქვენს ცხოვრებაში არის, რამდენი რამ ისწავლეთ მისგან, როგორც პიროვნებამ და როგორც მშობელმა.

- ზოგადად, რა რჩევებს მისცემდით მშობლებს?

- როგორც ვახსენე, ინფორმაციის მიღების შემდეგ ბავშვს (ზრდასრულს) შესაძლოა შერეული ემოციები გაუჩნდეს, შეწყვიტოს თქვენთან კომუნიკაცია ან პირიქით, ეს ცვლილებები ბუნებრივია და პროცესი თავისთავად გულისხმობს. მთავარია, ბავშვმა იცოდეს რომ თქვენ ისევ ხართ აქ, მისთვის. ისევ გიყვართ, ისევ უპირობოდ იღებთ და პატივს სცემთ მის ემოციებს. როდესაც სურვილი გაუჩნდება უფრო მეტი კითხვა დასვას და უფრო მეტი გაიგოს საკუთარი თავის, ისტორიის შესახებ თქვენ ამაში დაეხმარებით და არაფერს დაუმალავთ. ბავშვმა უნდა იცოდეს რომ ინფორმაციის გაგება ან მისი რეაქცია თქვენს სურვილს არ შეცვლის, ისევ გქონდეთ ჯანსაღი, თბილი ურთიერთობა და ისევ გიყვარდეთ.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე, როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება?“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე, როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება?“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ საქართველოში თავისუფლების არასწორი გაგების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფალ ქცევად ხშირად ისეთი ქცევები აღიქმება, რომლებსაც თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს:

„თავისუფლებასთან და თავისუფალ ქცევასთან დაკავშირებით ითვლება, რომ მე თუ ეტიკეტს ვიცავ, არათავისუფალი ტიპი ვარ. ჩვენთან თავისუფლებას ცოტა სხვა ინდიკატორები აქვს. რომ გაჩვენოთ, რომ თავისუფალი ვარ, რამოდენიმე რაღაც უნდა გავაკეთო: უნდა შემეძლოს ბილწსიტყვაობა, არაფრის არ უნდა მრცხვენოდეს, უნდა შემეძლოს დიდხანს სექსზე საუბარი. ეს არის ინდიკატორები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან. რომ აჩვენონ, რომ თავისუფლები არიან, ასე იქცევიან.

სიმორცხვე ადამიანის ჩვეულებრივი და ძალიან კარგი თვისებაა. ჩემს ძაღლსაც რცხვენია რაღაცას რომ დააშავებს ხოლმე. არაფრის არ გრცხვენოდეს, უზრდელი იყო და მარტო სექსზე ლაპარაკობდე, როგორ ფიქრობთ, ეს არის თავისუფლება? შენ შეგიძლია ეტიკეტიც დაიცვა, ზრდილობიანიც იყო და შენზე თავისუფალი არავინ არ იყოს. არ სჭირდება თავისუფლებას მტკიცებითი ფორმა და დემონსტრირება, რომ თავისუფალი ხარ,“- მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ „საზოგადოებრივი რადიოს“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „საზოგადოებრივი რადიო“

წაიკითხეთ სრულად