ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ექვს წლამდე ასაკის ბავშვის რუტინის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, თუ რას ელიან მისგან ოჯახის უფროსი წევრები:
„ბავშვის მოვლა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა მისი აღზრდისთვის.აღზრდას სჭირდება შესაბამისი რუტინა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რას მოელოდებიან მისგან უფროსები ოჯახში. ჩვენ დიდ ოჯახებად ვცხოვრობთ. ხშირად ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, როგორ უნდა მიუდგეს ბავშვს. ჩვენი კატეგორიული რჩევაა, რომ ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ბავშვის მიმართ გამოყენებულ უნდა იყოს ერთი და იგივე წესი. მე ვეჩხუბები და თქვენ ეფერებით, თქვენ ეფერებით და მე ვეჩხუბები, მე არ ვაძლევ კანფეტს და თქვენ აძლევთ, ეს არის სრულიად დაუშვებელი. ჩვენთვის ბავშვი არის სუბიექტი. ეს არ არის ობიექტი, რომელიც უნდა აიღო, დაბანო, მერე ჩატენო საჭმელი, დააძინო და უყიდო სათამაშო. ეს არ არის ხოლმე საკმარისი. ბავშვი არის სუბიექტი და ორი წლის ბავშვსაც ჩვენ ვუთანხმებთ რუტინულად რას ვაკეთებთ რის მერე.“
თამარ გაგოშიძემ რჩევები მისცა იმ მშობლებს, რომლებსაც ბავშვის დაძინების პრობლემა აქვთ:
„ხშირად უთქვამთ მშობლებს, რომ დაძინება არის კატასტროფა. ჩვენ ვუთანხმებთ ბავშვს, რას რის მერე ვაკეთებთ. ლაპარაკია 2-3 წლის ასაკის ბავშვებზე. შუადღიდან იწყება უკვე ეს. დღის მეორე ნახევრიდან ჩვენ ვეუბნებით, რომ ახლა ვივახშმებთ, მერე ვითამაშებთ და ხომ იცი, მერე დავიძინებთ. ეს რეფრენივით გასდევს დაძინებამდე. ბავშვს ეს სულ ესმის და ეს არის განწყობის შემუშავება დაძინებისთვის. ეს რიტუალი არის დაძინების რიტუალი.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვს ძილის წინ ეკრანის დრო არ უნდა ჰქონდეს:
„მაგალითად, ვივახშმეთ. არ არის მისაღები, რომ ბავშვს ძილის წინ ჰქონდეს ეკრანის დრო. დაძინებამდე ორი საათით ადრე ბავშვი უნდა იყოს მოშორებული ეკრანს. ეკრანის გარდა შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ჩვენ ვეუბნებით, ახლა ვითამაშებთ. თუ გაქვთ დრო, თქვენ ეთამაშებით. თუ არ გაქვთ დრო, ეუბნებით, რომ ჯერ შენ ითამაშებ, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, მერე ვითამაშებთ ერთად. ეს მუდმივად მეორდება. ისე არ არის, რომ მე დღეს ხასიათზე ვარ, ან სადმე წავედი, არ ვარ სახლში და ამიტომ გაცდება ჩვენი თამაში. ამას სჭირდება მუდმივობა. რუტინა ეს არის.“
„ბავშვი რას ეუბნები იმას კი არ აქცევს ყურადღებას, როგორ ეუბნები, იმას აქცევს ყურადღებას. მშობელი გეუბნება, რომ არაფრით არ შემიძლია ამის დამორჩილება. ასეთი რამე არ არსებობს. თუ ჩვენ თვალებში შევხედავთ და მშვიდად ვეტყვით: „შეხედე, მე ეს უნდა გავაკეთო, მე ველოდები, რომ შენ ამას გააკეთებ და მე მერე შემოგიერთდები. შენ ყოჩაღი გოგო/ბიჭი ხარ, ძალიან კარგად ითამაშებ,“ აი, ეს არის რუტინა,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
,,ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია''
სიცილისა და დაცინვის თემაზე ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ პირველი არხის გადაცემაში ,,დღის კოდი'' ისაუბრა.
,,სიცილის წარმომავლობაზე დიდი კამათი იყო, ბევრ ადამიანს „უმტვრევია“ თავი. ითვლებოდა რომ სიცილსა და იუმორზე მონოპოლია ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ მთლად ასე არ არის. უმაღლეს მაიმუნებში - შიმპანზეს, ორანგუტანგს, გორილას აქვთ იუმორის მსგავსი რამ, იცინიან ღიტინის დროს, სპეციფიკურ გამომეტყველებას ღებულობენ უწმაწურ ქმედებებზე, რომელსაც თვითონვე აკეთებენ და უხარიათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იუმორმა ფორმირება განიცადა და ბევრი მოსაზრება არსებობს თუ რატომ განვითარდა. პირველი, ეს არის სტრესის მოსახსნელი საშუალება და მეორე, ფლირტი. იუმორის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, წარმატებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესთან.''
გაგა ნიჟარაძის თქმით, ითვლება, რომ ადამიანს იუმორი უჩნდება პირველი წლის ბოლოდან. როდესაც ერთი წლის ბიჭი ან გოგო ხედავს, რომ დედამისი მის საწოვარიან ბოთლს იღებს და ვითომ სვამს, ამაზე ეღიმება. ესე იგი, ის ხედავს შეუსაბამობას, შეუსაბამობა კი აუცილებელი ნიშანია იუმორისა. ერთი ფრანგი ფსიქოლოგი აღწერს შესანიშნავ ამბავს. ზაფხულის დილაა, ის ზის თავის ოთახში და შემოდის მისი პატარა შვილიშვილი, სამი წლის გოგო. მიდის და ეუბნება- „ბაბუ, საღამომშვიდობისა“ (ამ დროს დილაა) და ამაზე ბავშვი იცინის. ეს არის დიდი ნაბიჯი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ის ხვდება, რომ შეუძლია გადატრიალების შექმნა სამყაროში, თავისი სიტყვით. ანუ, შეუძლია თქვას დილით - საღამომშვიდობის და ამით არ დაინგრევა ქვეყანა.
,,როდესაც ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს, იუმორს არ კარგავს, ეს მის თავისუფლებაზე მეტყველებს. ცნობილ პოეტს, ფრანცუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და მან სიკვდილის წინ დაწერა - „რას იწონის ჩემი ტანი, ხვალ ჩემი კისერი გაიგებს“- ამას რომ დაწერ სიკვდილის წინ დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელი უნდა იყო.''
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, იუმორის გრძნობა არის ინდივიდუალური. სად გადის ზღვარი არ ვიცი, ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა. აი მაგალითად, მე წამიკითხავს ნაწარმოები, რომელიც თურმე იუმორისტულად არის დაწერილი, მაგრამ ვერ მივხვდი, გერმანული იუმორია ასეთი. ასევე, ეთნიკური იუმორიც თავისებურია, ის რაც ერთ ადგილას სასაცილოა, მეორეგან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხშირად, იუმორი არის თავდაცვის საშუალება. აი, ახლა მე რომ ჩამოვვარდე ამ სკამიდან, შევეცდები გავიცინო, რადგან ამ მარცხის გადაფარვას იუმორით შევძლებ. მაგალითად, საშუალო ასაკის მასწავლებელი, რომელიც მარტოა სახლში და დაჯდომის დროს ჩაუტყდა სკამი, არაფერს იტყვის, შეიძლება ქმარი მოიხსენიოს, რატომ არ იყიდა სკამიო და ა.შ. ის არ ეცდება იუმორი შემოიტანოს მოქმედებაში. ასევე იქნება პირველ კლასელებთან, რადგან ამ ბავშვების წინ ეს მარცხი მის თვითშფასებას ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ იგივე მოხდა თანამშრომლების თანდასწრებით, მაშინვე დაიწყებს სიცილს,'' - დასძინა გაგა ნიჟარაძემ.
რამდენად შეიძლება დაცინვა იყოს მსუბუქი?
,,თუ რომის პაპს დასცინებ - ერთია და თუ შენს მეგობარს - მეორე. ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია. თუ პრობლემა იუმორში გადაჰყავს ქმარს, ცოლი ამას ვერ გაუგებს. ასე რომ, იუმორს თავისი ადგილი აქვს.
ასევე, არსებობს შავი იუმორი, როდესაც ვიცინით ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა ვიცინოდეთ. შავი იუმორის განსაზღვრებაა ასეთი, რომ ის ჰგავს ფეხებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ცნობილია, რომ შავკანიანები, შავკანიანების შესახებ ანეგდოტებზე არანაკლებად იცინიან, ვიდრე თეთრკანიანები. ეს იმის მაჩვენებელია რომ ორ ერს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მაგრამ სერიოზული არა. აი, ოსური ანეგდოტები იმ დღეს მოისპო, როდესაც ცხელ ფაზაში გადავიდა ქართულ-ოსური ურთიერთობები.
ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ანეგდოტის სამი ძირითადი თემა არსებობს: სექსი, ტუალეტი და პოლიტიკა. დიდი ხანია აღარ გამიგია პოლიტიკაზე ანეგდოტები (როგორც ორთქლის გამოშვების საშუალება), რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ არ ვართ ისე ცუდად, რომ ეს დაგვჭირდეს. ადამიანს, რომელსაც თვითონ უფლებები დათრგუნული აქვს და არ არის კარგად, ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გამოჰყავს ისე, როგორც იდიოტი.''
,,ინტერნეტის დიდი ჭია არ ვარ და კარგად არ ვიცნობ ამ სამყაროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პასუხისმგებლობა მოხსნილია (ანონიმურობიდან გამომდინარე), ადამიანი აკეთებს უფრო უარყოფითს, ვიდრე მაშინ როდესაც ეშინია რომ გამოიჭერენ.''