Baby Bag

​როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია და რა ზომებს უნდა მიმართოს?

​როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია და რა ზომებს უნდა მიმართოს?

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია და რა ზომებს უნდა მიმართოს? - ამ და სხვა თემებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი.

- ქალბატონო ნინო, ზოგადად, რა არის ბულინგი და რემდენად საშიშია ბავშვებისთვის?

- ბულინგი ინგლისური სიტყვაა, მას ქართული შესატყვისი არ აქვს და ნიშნავს დაცინვას, აბუჩად აგდებას, დაშინებას, ჩაგვრას და ა.შ. იგი წარმოადგენს ხანგრძლივად განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან ინდივიდის მიმართ, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში არ შეუძლია თავის დაცვა.

უცხოეთში ათასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული ჩაგვრის პრობლემასთან დაკავშირებით. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბულინგი/ჩაგვრა გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში. უნდა აღინიშნოს, რომ ბულინგი არ წარმოადგენს წარმავალ პრობლემას, ბევრი ბავშვისთვის ის ხდება მრავალწლიანი ტანჯვის მიზეზი. ბავშვი, რომელიც ბულინგის/ჩაგვრის მსხვერპლია, შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფიზიკური დაზიანებებისგან ან განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს, დაუქვეითდეს თვითშეფასება. შესაძლოა, ბავშვი ხშირად აგვიანებდეს გაკვეთილებზე ან აცდენდეს სკოლას. გაუარესდეს მისი სასწავლო წარმატება. ასეთი ბავშვები თავს არიდებენ სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობას, კარგავენ მეგობრებს.
- ვის აზიანებს ბულინგი? სჭირდება თუ არა დახმარება ბულინგის გამტარებელს?
- ერთ-ერთი მკვლევარი როლანდი, ბულინგთან დაკავშირებით აღწერს „ბულინგ-სტრუქტურას“ - სოციალურ სისტემას, რომელიც მოიცავს: მჩაგვრელს (ბულინგის გამტარებელს), მსხვერპლს და დამკვირვებელს (პერიფერიულ მსხვერპლს). ბულინგი აზიანებს მასში მონაწილე ყველა პიროვნებას, როგორც ბულინგის გამტარებელს, ასევე მსხვერპლს და დამკვირვებელს, რაც უარყოფითად აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც ახორციელებენ ბულინგს/ჩაგვრას, შემთხვევათა 95%-ში თავად არიან ბულინგის მსხვერპლნი. მკვლევარების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმ ბავშვების პოზიცია, რომლებიც არ იყვნენ დაცინვის უშუალო მსხვერპლი. აღმოჩნდა, რომ მათი თვითშეფასება მნიშვნელოვნად ქვეითდება.
საინტერესოა ვიცოდეთ, რა მიზეზი უდევს საფუძვლად ბულინგის გამტარებელი ადამიანის ქცევას. მიზეზი შეიძლება მრავალი არსებობდეს. მაგალითად, პიროვნული თავისებურებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, საკუთარი უპირატესობის დემონსტრირების მძაფრი მოთხოვნილება, თანატოლთა წრეში ადგილის დამკვიდრების მცდელობა, დაბალი სოციალური სტატუსი, ოჯახის დაბალი კომპესანტორული პირობები და ა.შ. ამ მიზეზების არსებობა გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ბულინგის გამტარებელი საჭიროებს სპეციალისტის დახმარებას. ამასთანავე, საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მჩაგვრელი შეძლებს სოციალურად მისაღები ფორმით მოახერხოს საკუთარი პიროვნების წარმოჩენა, შესაძლებლობების გამოვლენა და ა.შ.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია?
- რიგ შემთხვევაში, ბულინგის მსხვერპლი ბავშვები მალავენ პრობლემას. ამიტომ მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ მცირედი ცვლილებების მიმართაც კი. ბულინგის არსებობაზე შესაძლოა მიანიშნებდეს, რამდენიმე ფაქტორი:
  • ბავშვი ხდება ჩაკეტილი, თავს არიდებს სოციალურ ურთიერთობებს, კომუნიკაციას წყვეტს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან;
  • დაქვეითებულია გუნება-განწყობა;
  • მომატებულია შფოთვა და დაძაბულობა;
  • ბავშვს სხეულზე აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები;
  • ბავშვის პირადი ნივთები ხშირად იკარგება ან არის დაზიანებული;
  • ბავშვი თავს არიდებს სკოლას ან სასკოლო ღონისძიებებს;
  • მოულოდნელად უარესდება აკადემიური მოსწრება;
  • იცვლება კვებასთან ან ძილთან დაკავშირებული ჩვევები და სხვა.
- რა ზომებს უნდა მიმართოს მშობელმა თუ გაიგო, რომ მის შვილს აბულინგებენ?
- თუ არსებობს მცირედი ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია, პირველ რიგში, მშობელი უნდა დაელაპარაკოს მას. მნიშვნელოვანია, ამ დროს მშობელი იყოს კარგი მსმენელი და გამოიჩინოს მოთმინება. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მისი გრძნობები მშობლისთვის მნიშვნელოვანია. მშობელი უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას: სად, როდის, რა სიხშირით და ვის მიერ ხორციელდება ჩაგვრა, რა სახის არის განხორციელებული ქმედებები, დადგინდეს შემსწრე პირების ვინაობა, რა შედეგი გამოიწვია მომხდარმა ფაქტმა და ა.შ. მშობელმა სიტუაციის მოგვარება არ აიღოს მხოლოდ საკუთარ თავზე, ბავშვთან ერთად იმსჯელოს პრობლემის მოგვარების გზებზე. მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს განცდა, რომ თავად წყვეტს ამ პრობლემას, ის არ უნდა იქნეს წახალისებული თავდაცვის მიზნით ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაზე. თუ ჩაგვრა ხორციელდება სკოლის სივრცეში, მშობელმა უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს, ადმინისტრაციას, კლასის დამრიგებელს, ფსიქოლოგს, რათა ერთობლივი ძალისხმევით აღმოიფხვრას ჩაგვრის შემთხვევა. თუ ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედება მოიცავს დანაშაულის ნიშნებს (ფიზიკური ძალადობა, მუქარა, გამოძალვა და სხვა), მშობელმა უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.
- ბულინგის შემთხვევები ხშირად სკოლაში ხდება. როგორ უნდა ჩაერიოს მასწავლებელი თუკი შეამჩნია ბულინგის ნიშნები?
- ბულინგის თითოეული შემთხვევა ძალზედ გასნხვავებულია. თუმცა, არსებობს საკითხები, რომელიც თანაბრად აქტუალურია ყველა სკოლისთვის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ ინტერვენციას, რაც გულისხმობს ფსიქოგანათლებას, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწვლებლებისა და მშობლების კომპეტენციის ამაღლებას ბულინგის თემასთან დაკავშირებით. ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამის შემუშავებას და ჩართვას სასწავლო გეგმაში, მოსწავლეებისთვის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას, მშობლებთან აქტიურ თანამშრომლობას.
ბულინგის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ბავშვებს გაუზიაროს ბულინგის საწინააღმდეგო ალგორითმი: არ აჰყვნენ და მხარი არ დაუჭირონ მჩაგვრელს, რაც მჩაგვრელს განაიარაღებს. ბულინგის მსხვერპლს აგრძნობინონ, რომ ის მარტო არ არის და მას ჰყავს მხარდამჭერები. ბულინგის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, ბავშვების მხრიდან მოხდეს შეტყობინება პასუხისმგებელ პირთან. ყველასთვის უნდა იყოს ნათელი, რომ ბულინგის დამალვის ან მოთმენის მიზეზი არ არსებობს.
- როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
- ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სპეციალისტის ჩართულობა, მით უფრო, თუ ადამიანი ხედავს, რომ თავად ვერ უმკლავდება პრობლემას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედები​ს ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ბავშვის ფსიქიკაზე დედის შფოთვის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

​მშფოთვარე დედებს მშფოთვარე შვილები ჰყავთ. ეს არის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევა, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. უამრავი ექსპერიმენტია ამ მიმართულებით ჩატარებული. ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომელიც ვნახე, აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმობამდეც კი, ბევრად ადრეულ პერიოდში, დედებს, რომლებიც შფოთავენ, ჰყავთ ასეთივე მშფოთვარე შვილები.“

ირინა ტაბუციძის თქმით, მშფოთვარე ბავშვებს უძილობა, ხასიათის ცვალებადობა და მოუსვენრობა აწუხებთ:

„მშფოთვარე ბავშვს ღამის ძილი აქვს არეული, ხშირად ტირის, ​ხშირად არის უფრო მოუსვენრად. ეს უწყვეტი რგოლივით გამოგვდის. დედები შფოთავენ იმიტომ, რომ ბავშვებს არ სძინავთ. ბავშვები კი იმიტომ ტირიან, იმიტომ არ იძინებენ, რომ დედები არიან ასე მშფოთვარე მდგომარეობაში. ერთმანეთზე გადაბმულია ეს ამბავი.“

„ამ ყველაფერს ხელს ძალიან უწყობს ​ოჯახში არასტაბილური სიტუაცია, როდესაც არის კონფლიქტები, ძალადობის ფაქტები. ასევე მუშაობს ის შემთხვევებიც, როდესაც რამოდენიმე ადამიანი ერთად ზრდის ბავშვს. ყველას თავისი კომპეტენტური აზრი აქვს: ბებიას, დედას, მამას. მით უმეტეს, თუ ამ ადამიანების აზრი ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა კიდევ უფრო რთულად არის საქმე. ჩვენ ხშირად შვილებს ისე ვაჩენთ, რომ არც ვინტერესდებით, ზედმეტ ლიტერატურას არ ვკითხულობთ. ძაღლს რომ ვყიდულობთ, ყვავილი შემოგვაქვს ახალი, პირველ რიგში, ინტერნეტში ვეძებთ ინფორმაციას. შვილის გაჩენა არ არის მხოლოდ ინსტინქტების დონეზე. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ირინა ტაბუციძემ „Music Box” – ის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „Music Box”

წაიკითხეთ სრულად