ბავშვის სწორად განვითარებას უშლის თუ არა ხელს, ხშირი შექება ან პირიქით კრიტიკა მშობლების მხრიდან და როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.
- მშობლების მხრიდან შექებაზე მეტად ბავშვების გაკრიტიკება რამდენად ცუდია მათი ფსიქიკისთვის და უშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია აქცენტი დადებითზე გაკეთდეს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ მოზარდის პოზიტიური ქცევა. თუმცა, თუ ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს ან უფროს ადამიანს ეს არ მოსწონს, საჭიროა ფაქიზად მივცეთ უკუკავშირი, რასაც, მოდი, კრიტიკას ნუ დავარქმევთ. ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ არის ესა თუ ის ქცევა მისაღები მშობლისთვის, ანუ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი უკუკავშირი. მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი. ჩვენს რეალობაში ხშირად გვესმის მშობლებისგან, გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილებს აღარ ჰყოფნით ენერგია ახსნისთვის, თუმცა აუცილებელია გამოვნახოთ დრო და რესურსი, რომ ბავშვებს კრიტიკის ნაცვლად, ადეკვატური უკუკავშირი მივცეთ. ის, რაც არ მოგვწონს, კი არ გავუკრიტიკოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის საზიანო კონკრეტული ქმედება მათთვის და რა შედეგს მისცემს. ამით არჩევანის წინაშე დავაყენებთ, თავად აირჩიონ ქცევა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება.
- თუ პირიქით, მეტად აქებენ და ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს, ხომ არ მოვადუნებთ მათ და დავუკარგავთ მოტივაციას, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს?
- ამ შემთხვევაშიც, როდესაც ვამბობთ მეტად შექებას ან მეტად გაკრიტიკებას, ისევ არაადეკვატურ უკუკავშირთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, რისთვის ვაქებთ ბავშვს. ხშირად იმისთვის ვაქებთ, რაშიც წვლილი არ მიუძღვის, მაგალითად, სილამაზე. იქ, სადაც იზრდებიან ესმით ფრაზები: „რა კარგი ხარ, პრინცესა“, „რა ლამაზი ხარ“ და ა.შ. როდესაც იზრდებიან და გადადიან მიკროსოციუმიდან მაკროსოციუმში (ბაღი, სკოლა და ა.შ.) იქ უკვე იქმნება პრობლემები, რადგან იგივე უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან ვეღარ ხედავენ, რამაც დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე. ბავშვებს აუცილებელია დადებითი უკუკავშირი მივცეთ რაღაცის კეთებისთვის, ეს იქნება სწავლა თუ სხვა რამ. მეტად ან ზედმეტად შექება არასწორია, ყოველთვის მიზანშეწონილია ჩარჩოში, ზომიერების ფარგლებში ადეკვატური რეაქციები.
- როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი, შექებასა და კრიტიკას შორის?
- მშობლები კვალდაკვალ უნდა მივყვებოდეთ შვილების ქმედებებს. იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მივუთითებთ, ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს, ეს კი მათ შედეგების გაანალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც მშობელი იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ ჩვენ მოკლე ფრაზებს ვიყენებთ, მაგალითად, „არ შეიძლება“, ბავშვს კითხვა უჩნდება, რატომ არ შეიძლება, აუცილებელია დასაბუთებულად ავუხსნათ. ასევე სიტყვა „რატომ“, რომელსაც იყენებენ მშობლები. ხშირად ბავშვს უნდა კონკრეტული რამ, თუმცა არ იცის, რატომ უნდა, შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს და მეტ გაუგებრობას შეუქმნის ბავშვს. ასე რომ, არსებობს ფრაზები ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც მშობლებს დაეხმარება დაიჭირონ ოქროს შუალედი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ანარეკლი შვილების ქმედების.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს იყვნენ თავდაჯერებულები და ამასთანავე არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა?
- მნიშვნელოვანია ბავშვს და ზოგადად ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს, ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის თვითშეფასება, ვინაიდან თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ამასთან. თვითშეფასება არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, უნარებზე, თვისებებზე. ეს ყალიბდება ზუსტად იმ უკუკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იქნება საკუთარი თავისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თუ ნებისმიერი იმ სოციუმისგან მიღებული უკუკავშირი, სადაც უწევს ყოფნა, ასე ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. ერიქსონის თეორიას გავიხსენებ, სადაც ის გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, 18 თვიდან 3 წლამდე. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. ეს ერთ-ერთი კრიზისის გადალახვის პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს თვითონ კვებას, ჩაცმას, ნაბიჯების გადადგმას. ამ დროს თუ მშობელი იქნება მხარდამჭერი და ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა იქნება სწორად მხარდაჭერილი, ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, ხოლო კრიზისი ილახება ჯანსაღად. თუ მშობელი ზემზრუნველია, ანუ არ აძლევს საშუალებას თვითონ გააკეთოს რამე, ასეთ დროს პატარას უყალიბდება ეჭვის განცდა საკუთარ თავის და შესაძლებლობების მიმართ. ამით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, რაც თავდაჯერებულობას უშლის ხელს. თუ 3 წლამდე კრიზისი ჯანსაღად გადაილახა, შემდეგი კრიზისის გადალახვა უფრო მარტივი იქნება მოზარდებისთვის, აქ უკვე შემოდის სკოლა, სადაც დიდი როლი აქვთ პედაგოგებს, თანატოლებთან ურთიერთობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერებულობა ფსიქიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ადეკვატური თვითშეფასება ეს არის სუიციდის საუკეთესო პრევენცია. თუ მშობლები (ოჯახის წევრები) და სააღმზრდელო დაწესებულებები სწორი უკუკავშირით ხელს შევუწყობთ, შვილები ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ პიროვნებებად, ეს მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. თავდაჯერებულობა გულისხმობს მუდმივ სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და თვითრეალიზაციისკენ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ძირითადად, მდგომარეობა ყურადღებას იქცევს 3 წლის ასაკიდან, ადრეულ ასაკში რთული გასამიჯნია ეს ბავშვის ჩვეულებრივი აქტივობაა თუ ჰიპერაქტივობა'' - როგორ იმართება ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი?
როგორ იმართება ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი? - აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრმა თამარ-ტატა ბაზღაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ჰიპერაქტივობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტი ხშირად გვხვდება საზოგადოებაში. ზოგ შემთხვევაში სიდრომი მიმდინარეობს უპირატესად ყურადღების დარღვევით, ზოგ შემთხვევაში ჰიპერაქტიურობით და არის კომბინირებული ვარიანტი, როდესაც ორივე პრობლემა ერთნაირად ვლინდება:
,,ძირითადად, მდგომარეობა ყურადღებას იქცევს 3 წლის ასაკიდან. ადრეულ ასაკში რთული გასამიჯნია ეს ბავშვის ჩვეულებრივი აქტივობაა თუ ჰიპერაქტივობა. ამ სირთულის გამო დიაგნოზი ძირითადად არ ისმევა 6 წლამდე. როგორც წესი, მიმდინარეობს დაკვირვება, რა დოზით ვლინდება ჰიპერაქტიურობა, რამდენად ახლავს ყურადღების პრობლემები და რამდენხანს გაჰყვება ბავშვს ჰიპერაქტიურობა. თუ ბავშვი უბრალოდ ცელქი და მოუსვენარია, თუმცა არ აქვს ყურადღების, დასწავლის პრობლემა, უსმენს, ითვისებს - არ არის საგანგაშო. უფრო საყურადღებოა, როდესაც ბავშვი არ გვისმენს, არ ითვისებს ასაკის შესაბამის უნარებს და ფიქსირდება ზღვარგადასული ჰიპერაქტიურობა.
იდეალურ შემთხვევაში ბავშვთან მულტიგუნდური მიდგომა გამოიყენება და მუშაობს რამდენიმე სპეციალისტი. ვიწყებთ ფსიქოედუკაციით, ანუ იგივე ფსიქოგანათლებთ, რის დროსაც მშობელს ვაწვდით ინფორმაციას, თუ რას გულისხმობს ეს სინდრომი, რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს, რა სირთულეებს იწვევს ეს სიმპტომები, როგორი მიდგომები შეიძლება გამოიყენოს მშობელმა და ა.შ. იდეალურ შემთხვევაში სკოლა აუცილებლად ჩართული უნდა იყოს, რაც საქართველოში ცოტა რთული საკითხია, თუმცა ნელ-ნელა მაინც არის გარკვეული მზაობა სკოლის მხრიდან, რომ მიიღონ გარკვეული რეკომენდაციები და უკეთ ააწყონ ურთიერთობა ჰიპერაქტიურ ბავშვთან.''
,,აღვნიშნავ ასევე იმას, რომ თავის ტვინში გარკვეული ცვლილებები აისახება და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს ეს. აქ შეიძლება იყოს გარკვეული უბნების შემცირება, რომელიც პასუხისმგებელია ყურადღების კონცენტრაციაზე, ემოციის და ქცევის მართვაზე. ასევე არის პრეფრონტალური უბნების და მათ სისხლით მომარაგების დეფიციტი, რომელიც პასუხისმგებელია წახალისება-დასჯის მეთოდების ეფექტურობაზე. თუმცა საქართველოში კვლევის ამ ტიპის მეთოდებს ჯერ არ ვიყენებთ, არ არის ფართოდ გავრცელებული. საკმაოდ ძვირადღირებული მეთოდებია და იშვიათად მივმართავთ დიაგნოსტიკის პროცესში,'' - დასძინა თამარ-ტატა ბაზღაძემ.
ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრმა მართვის მეთოდებთან დაკავშირებითაც ისაუბრა:
,,რაც შეეხება მართვის მეთოდებს, პირველივე რასაც ვეუბნებით მშობლებს არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური აბი, რომელსაც ბავშვს მივცემთ და ის გახდება მშვიდი, დამჯერი და ბეჯითი. პრობლემა არის კომპლექსური და მას სჭირდება ოჯახის სრული ჩართულობა, რისთვისაც ისინი მზად უნდა იყვნენ. ფსიქოედუკაციის შემდეგ, ვთავაზობთ გარკვეულ ჩარევებს, როგორიცაა ქცევითი ტექნიკების გამოყენება და რჩევები, როგორ უნდა მართონ ჰიპერაქტიური ბავშვის ქცევა. ქცევით თერაპიას ატარებს სპეციალისტი, თუმცა მშობელი ჩართულია და ითვალისწინებს რეკომენდაციებს. თუ ქცევის მართვის მოდელი არ შეიცვალა ოჯახის ფარგლებში, მხოლოდ სპეციალისტი ამას ვერ მოაგვარებს.
მნიშვნელოვანია ჩარევის დროულად დაწყება, რადგან პრობლემასთან გამკლავება უფრო რთულია დიდ ასაკში. ყველაზე ხშირად რასაც ვხვდებით არის ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, რომელიც ძალიან ხშირად ახლავს ჰიპერაქტიურობას. ბავშვი არის დაუმორჩილებელი, ნეგატიურად განწყობილი, მუდმივად წინააღმდეგობაშია, ყველანაირ ინსტრუქციას ცუდად იღებს, ჯიუტობს, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ეს, მაინც აკეთებს. ასეთი ქცევა ვლინდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი მუდმივად შენიშვნებს იღებს და ესმის გარშემომყოფებისგან თუ როგორი ცუდია, ცუდად იქცევა, მოუწესრიგებელია და ა.შ. ამიტომ ვითარდება ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, რომელთან მუშაობაც მეტ პრობლემას ქმნის დიდ ასაკში, ვიდრე 4 წლის ასაკში რომ დაგვეწყო ჰიპერაქტიურობაზე მუშაობა. ასევე, შესაძლებელია სხვა პრობლემების თანდართვა, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე თვითონ ჰიპერაქტიურობას. მაგალითად, შფოთვითი რეგისტრის აშლილობა. შფოთვა ვლინდება გადაჭარბებული მოუსვენრობით, ნერვიულობით (როდესაც მშობელს შორდება ან სკოლაში დაფასთან გამოსვლის დროს), ნებისმიერი მოვლენა იწვევს შფოთვის განვითარებას. მოზარდობის პერიოდში, მოსალოდნელია ბიპოლარული აშლილობა, კიდევ უფრო იმატებს ამ დროს აქტივობა და შესაძლოა, ბავშვის ქცევა უკონტროლო გახდეს ან განვითარდეს დეპრესია,'' - აღნიშნა თამარ-ტატა ბაზღაძემ.