ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ისეთი საბავშვო ბაღი უნდა შეარჩიოთ, სადაც ბავშვის გართობაზე კი არა, მის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს საბავშვო ბაღის სწორად შერჩევასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:
„საბავშვო ბაღის მთავარი ფუნქცია არის ბავშვის სკოლისთვის და მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება. მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების აქტივობა ბავშვისთვის არის თამაში. მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება ნიშნავს ბავშვის თვითკომპეტენტურობის განცდას. ბავშვმა იცის, რომ ის შეძლებს დაბრკოლების გადალახვას. ისეთი საბავშვო ბაღი უნდა შევარჩიოთ, სადაც ბავშვის გართობაზე კი არა, მის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვისთვის თამაშს გართობის ფუნქცია არ აქვს:
„შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ როდესაც ჩვენ ვახსენებთ თამაშს, მას აქვს გართობის ფუნქცია. ამ ასაკში თამაშს არ აქვს გართობის ფუნქცია. ექვს წლამდე ასაკის ბავშვისთვის თამაში არის წამყვანი აქტივობა. როგორც ჩვენთვის არის შრომა, ასევე არის მათთვის წამყვანი აქტივობა თამაში.“
„ბავშვს ეტყობა, თუ მისთვის საბავშვო ბაღი კარგი გარემოა. ის ბედნიერია, კმაყოფილია, არ წუწუნებს, სიხარულით გარბის ბაღში. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი მისთვის ადეკვატურ გარემოში იმყოფება. ძალიან საინტერესოა კულტურალური განსხვავებები. ქართველი დედა მასწავლებელს ეკითხება: რა ჭამა ბავშვმა? რამე ხომ არ მოუვიდა? რატომ არის დასვრილი? რატომ არის აჩეჩილ-დაჩეჩილი? ფრანგი და ამერიკელი დედა ეკითხება: როგორ იყო მთელი დღის განმავლობაში? რა ისწავლა ჩემმა შვილმა? როგორ ხასიათზე იყო? ჭამა და დასვრილია თუ არა, იმას ნაკლებად აინტერესებს. რა თქმა უნდა, ჰიგიენის დაცვა საბავშვო ბაღში არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. ბავშვის მოვლა არ არის საბავშვო ბაღის ფუნქცია, მისი ფუნქცია არის ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.