ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვების ნაწილს აქვს სეპარაციის შფოთვა. ძალიან რთულია ამ მდგომარეობის გადალახვა,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში შფოთვითი აშლილობების სხვადასხვა ფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვების ნაწილს მშობლებთან განშორება და სასწავლო გარემოსთან შეგუება ძალიან უძნელდება:
„საბავშვო ბაღში წასვლაზე, სკოლაში წასვლაზე, სკოლაში დარჩენაზე ძალიან დიდი სიფრთხილზე გვმართებს ჩარჩოების დაწესებასთან დაკავშირებით. ყველა ბავშვი ვალდებულია და უნდა წავიდეს სკოლაში, უნდა დარჩეს იქ, მაგრამ ყველა ბავშვი ამას ვერ ახერხებს, იმიტომ არა, რომ არის განებივრებული, იმიტომ არა, რომ არის თავხედი, იმიტომ არა, რომ არ ემორჩილება დაწესებულ წესებს, უბრალოდ ნაწილს აქვს ე.წ. სეპარაციის შფოთვა. ბავშვი არ რჩება სასწავლო გარემოში უფროსის, ახლობლის გარეშე. ჩვენ ვიცით ასეთი ბავშვები და ძალიან რთულია ამ მდგომარეობის გადალახვა.“
თამარ გაგოშიძის თქმით, ზოგიერთი ბავშვისთვის მშობლის გარეშე დარჩენა პანიკური შეტევის ტოლფასია:
„ბავშვს ეჩვენება, რომ მას დატოვებენ საყვარელი ადამიანები და აღარ მიაკითხავენ. პანიკური შეტევის ტოლფასია ზოგიერთი ბავშვისთვის მშობლის გარეშე დარჩენა. მე არ ვარ მომხრე, როდესაც მასწავლებლები საბავშვო ბაღში მშობელს ეუბნებიან: „მოკეტე კარი, იტირებს და გაჩერდება.“ ეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც ბავშვს კანფეტი უნდა, ჩვენ არ ვაძლევთ კანფეტს, იტირებს და გაჩერდება. ვიცით ბავშვები, რომლებიც მთელი წელი, ზოგიერთი ორი წელიც კი, მშობლის გარეშე არ ჩერდება სკოლაში.“
„არის მეორე ტიპის შფოთვითი აშლილობის ფორმა, რომელიც ჩვენ ხშირად გვხვდება ბავშვებში. ეს არის სასკოლო შფოთვა. ბავშვს უხარია სკოლაში წასვლა. სკოლა არ აძლევს იმის საბაბს, რომ არ წავიდეს სკოლაში, უნდა ბავშვს წასვლა, მიდის კარებამდე და იქ იწყებს ტირილს. ესეც არის პანიკური შიშის ტოლფასი. დედა კარგად იქცევა, როდესაც ამ დროს უკან მოჰყავს ბავშვი. ეს არის ირაციონალური შფოთვა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და მხარდაჭერა. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოთერაპია. მშობელი მარტო ვერ გაუმკლავდება ამას,“- აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.