ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ხშირად მშობელი ნაცვლად იმისა, რომ ბავშვის ემოციის დატევა მოახერხოს, იწყებს მის შერცხვენას,“ - ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა
ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვებში სტრესის გამოვლენის თავისებურებებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ პატარებს სტრესთან დამოუკიდებლად გამკლავება უჭირთ და მშობლებისგან მხარდაჭერას საჭიროებენ. მაია ცირამუას თქმით, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის შერცხვენა მიუღებელია:
„ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან ბავშვის მხარდაჭერა. არ არის საჭირო კრიტიკა. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ბავშვს ეშინია, მშობელი, ნაცვლად იმისა, რომ მისი ემოციის დატევა მოახერხოს და იყოს მისი მხარდამჭერი, იწყებს ბავშვის შერცხვენას. ის შვილს ეუბნება: „რისი გეშინია? შენ ხომ უკვე დიდი ხარ, შენ ხომ ვაჟკაცი ხარ!“ ეს არის ბავშვის ემოციური საჭიროებების უგულებელყოფა.
მაია ცირამუა აცხადებს, რომ სტრესი ბავშვებში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და კოგნიტურ უნარებზეც. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, რომელიც ბავშვს ამ დროს აწუხებს, ძილის დარღვევაა:
„ბავშვს ერღვევა ძილი. ძილის დარღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკერი. რომლითაც ბავშვი გვაძლევს სიგნალს, რომ მისი ემოციური ცხოვრება აღარ არის ისეთი სტაბილური. სტრესის დროს კოგნიტური ფუნქციონირების გარკვეულწილად შეზღუდვა ხდება. აქ არის კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, დასწავლის უნარის დაქვეითება, რაც, საბოლოო ჯამში, ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება ხოლმე.“
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ დროს, როგორ ამოიცნოს ნიშნები და შემდეგ ამ ნიშნებზე რა რეაქცია ჰქონდეს,“ - აცხადებს მაია ცირამუა.