Baby Bag

„ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ...“ - მაია ბუწაშვილი ომიკრონის შტამის სახლის პირობებში მართვის შესახებ

„ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ...“ - მაია ბუწაშვილი ომიკრონის შტამის სახლის პირობებში მართვის შესახებ

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მსუბუქ პაციენტებს სახლის პირობებში ომიკრონის შტამთან გამკლავების წესები გააცნო:

„ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. მაგრამ ამჟამად უფრო დიდი პრობლემაა ბინაზე მართვაში ჩართული ექიმების დეფიციტი. მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტები და უსიმპტომოებიც კი ღელავენ და დიდი უკმაყოფილებაა იმაზე, რომ ექიმი არ დაუკავშირდა, ან ერთხელ დაუკავშირდა და შემდეგ აღარ. ოჯახის ექიმები უკიდურესად გადატვირთულები არიან და მათთვის საყვედურის თქმა ნამდვილად არასწორია. თუმცა პაციენტების უკმაყოფილებაც გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ ჭირდება, ყველა პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან კავშირი. ამიტომ ამ რგოლში (ანუ დისტანციური მეთვალყურეობის) რაც შეიძლება მეტი ექიმის ჩართვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. (ალბათ,სხვა პროფილის ექიმების სწრაფად ტრეინინგი და კოვიდზე კონსულტირებაში ჩართვაც კარგი იქნებოდა).

მანამდე კი ბინაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ექიმი არ/ვერ უკავშირება და ახსოვდეთ რამდენიმე ძალიან მარტივი წესი (რაც ძალიან ხშირად გაჟღერებულა, ახალი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორება ალბათ არ იქნება ზედმეტი ამჟამინდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით):

1. კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ. უმრავლესობას არავითარი წამალი არ ჭირდება

2. ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ. ტკივილი მართლად ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ როგორც წესი, არავითარ გართულებებს არ იწვევს და რამდენიმე დღე თუ მოითმენთ, აუცილებლად გაივლის. შეიძლება დავეხმაროთ გამაყუჩებლებით და სავლებით.

3. ისევ აქტუალურია სატურაციის ზომვა. კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის, თითი თბილი უნდა იყოს გაზომვისას. ნორმალური მაჩვენებელია ჟანგბადის შემცველობა 94-ზე მეტი.

4. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია გარკვეული კვლევები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ინფიცირებულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამას ექიმი წყვეტს და თუ აუცილებლად არ მიაჩნია, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით ექიმებს. თქვენივე სასიკეთოდ გირჩევენ, რომ არ გჭრდებათ ტომოგრაფია და ხშირად ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა გასაკეთებლად ზოგჯერ რიგებში მოგიწევთ დგომა, ხშირად სრულიად არასაჭიროდ.

5. კოვიდს არავითარი გადასხმები არ ჭირდება. თუ სითხის მიღება შეგვიძლია, გადასხმის არავითარი საჭიროება არ არსებობს. გადასხმა არ არის მკურნალობა, უბრალოდ სითხის შევსებაა.

6. საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი.

7. სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.

8. იზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის.

ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ ყველას,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თურქეთი ინტენსიურად იყენებს Favipiravir-ს, ეს პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ ამბულატორიულ რეჟიმში დადასტურებისთანავე გამოიყენება და დადებითი შედეგებიც აქვს“

„თურქეთი ინტენსიურად იყენებს Favipiravir-ს, ეს პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ ამბულატორიულ რეჟიმში დადასტურებისთანავე გამოიყენება და დადებითი შედეგებიც აქვს“

ექიმი ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია სოციალუ ქსელში პრეპარატ Favipiravir-ის შესახებ წერს. როგორც ის აღნიშნავს, მედიკამენტი თურქეთში COVID-19-ის სამკურნალოდ ამბულატორიულ რეჟიმში დადასტურებისთანავე გამოიყენება და დადებითი შედეგებიც აქვს:

„მეგობარს ვესაუბრე, თურქეთში მუშაობს, კოვიდ-19 დაუდასტურდა და ეს პრეპარატი მისცეს ბინაზე. თურქეთი ინტენსიურად იყენებს Favipiravir-ის. ეს პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ ამბულატორიულ რეჟიმში დადასტურებისთანავე გამოიყენება და დადებითი შედეგებიც აქვს. თურქულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა უკვე თავად დაიწყეს მისი წარმოება.

„ფავიპირავირი“ იაპონიაში გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა. პრეპარატი 2014 წელს დაამტკიცეს. მედიკამენტს „ავიგანის“, „არეპლივირის“, „ფავილავირისა“ და „ავიფავირის“ სახელებითაც აწარმოებენ.

ფაქტები ამბობენ, რომ პაციენტები, რომლებიც ფავიპირავირს იღებენ, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ხოლმე და მათი ფილტვების მდგომარეობა უფრო სწრაფი ტემპებით უმჯობესდება, ვიდრე სხვების. რაც მთავარია, პრეპარატის უფსაფრთხოება დადასტურებულია - ის 2014 წელს დაამტკიცა იაპონიამ გრიპის სამკურნლოდ და მისი გამოსვლის დღიდან პაციენტებს რამე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენიათ.

​ჩემი აზრით, შეიძლება უკვდავების წყალი არაა და 100% პრევენციას დაავადების გართულების ვერ აკეთებს, მაგრამ ამბულატორიულად არარაციონალურად დანიშნულ მედიკამენტურ პრაისლისტებს ნამდვილად სჯობია. მითუმეტეს გრიპის და კოვიდ-19 ინფექციების ზედდებების დროს ის იდეალურ მედიკამენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ორივე აგენტზე მოქმედებს.

ეს პრეპარატი ჩვენთან რეგისტრირებული არ არის, აფთიაქებში არ იყიდება და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. კარგია თუ შემოიტანს სახელმწიფო, ოფიციალურმა კვლევებმაც ანახა, რომ ჰოსპიტალიზაციის ხანგძლივობას ძალიან ამცირებს.

კარგი და მოქნილი ამბულატორიული მართვა (პატარა ქვეყანა ვართ და ლოჯისტიკურად არ უნდა გაგვიჭირდეს), ესაა კოვიდ პანდემიის დასასრულის დასაწყისი, სხვა ყველა გზა მიდის წრეზე... წლიდან წლამდე...

ტალღიდან ტალღამდე...
შტამიდან შტამამდე...
ვაქსერებიდან ანტივაქსერებამდე...
შეზღუდვებიდან დისტანციურ განათლებამდე...

კომედიური წუთშესვებით,“ - წერს ექიმი ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია.

წაიკითხეთ სრულად