Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახლავე გეუბნებით, ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს ადამიანი თუნდაც ჩვენთან მოხვდება და გამოვა ცოცხალი,“ - დავით გადელია

„ახლავე გეუბნებით, ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს ადამიანი თუნდაც ჩვენთან მოხვდება და გამოვა ცოცხალი,“ - დავით გადელია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ აუცრელ პაციენტებში კოვიდის მძიმე მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა:

„ძალიან ხშირად მთხოვენ ხოლმე, რომ რამენაირად მივიღოთ. მიაჩნიათ, რომ კლინიკაში თუ მოხვდნენ, გადარჩებიან. ახლავე გეუბნებით, მაღალი ასაკის, 70-75 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდი რომ არ დამართნოდათ, მშვენივრად იცხოვრებდნენ, ​ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ის ადამიანი თუნდაც ჩვენთან მოხვდება და გამოვა ცოცხალი.“

„ვიღაცას იმის გამო, რომ თავის თავს არ უსაყვედუროს, კომპლექსი აქვს და ამის ჩანაცვლებას ახდეს, რომ ჩვენ დაგვაბრალოს. თუ ეს შვებას მოგგვრით, კი ბატონო, გვლანძღეთ. აიცერით ახლავე, აცერით თქვენი მშობლები, ბებია-ბაბუა და არ გექნებათ ეს კომპლექსი. იმაში მაინც იქნებით გათავისუფლებული, რომ თქვენ რაც შეგეძლოთ, გააკეთეთ.”

„მოდიან, „ბაბუა მომიკლეს,“ „დედა მომიკლეს.“ ​75 წლის ადამიანს რომ მოიყვან, რომელსაც არც აცრა აქვს, სხვა დაავადებები აქვს და არც გიზრუნიათ სხვა დროს, პირველივე დღიდან რეანიმაციაში რომ მოხვდება, რა შეგვიძლია, რა უნდა გავაკეთოთ?!“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გადელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად