Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზამთარი საქართველოში იქნება ჯოჯოხეთი, სიკვდილიანობა იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს არის,“ - გიორგი ფხაკაძე

„ზამთარი საქართველოში იქნება ჯოჯოხეთი, სიკვდილიანობა იქნება იმაზე  მაღალი, ვიდრე დღეს არის,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ცუდი მოლოდინები აქვს:

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედგაცრუება. საქართველოში ეს ზამთარი იქნება უმძიმესი,​ საავადმყოფოებში ადგილები არ იქნება, ჟანგბადის ნაკლებობა იქნება ძალიან დიდი, სიკვდილიანობა იქნება ძალიან მაღალი, იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე არის დღეს.“

გიორგი ფხაკაძის თქმით, ის საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანას ტოვებს:

​ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ჩემი უსაფრთხოების გამო მე საქართველოდან მივდივარ. ვფიქრობდი, რომ კიდევ ცოტახანს გავჩერებულიყავი, მაგრამ რამოდენიმე დღეში მივდივარ. აზრს ვერ ვხედავ აქ ყოფნის. რაც შემეძლო, გავაკეთე, ეს არის მაქსიმუმი.“

„ალბათ, უფრო დიპლომატიურად, რბილად უნდა მელაპარაკა, მაგრამ ამომასხა ფარისევლობამ, ვითომ პროფესიონალიზმმა და ვითომ სიყვარულმა. მაპატიეთ, არ მაქვს ეს ემოცია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ, არ მაქვს ეს განწყობა. ​ქვეყანა შედის უმძიმეს მდგომარეობაში, არავინ არ ფიქრობს ადამიანებზე. ზამთარი საქართველოში იქნება ჯოჯოხეთი,“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად