Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაცნობებთ, რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარიანტი,“ - გიორგი ფხაკაძე

„გაცნობებთ, რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარიანტი,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის შესახებ საუბრობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გაიცანით ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი “AY.4.2” - ჯერ სახელი არ აქვს. ზოგი ექსპერტი დელტა +" -ს ეძახის, მაგრამ ის K417N-ია. შესაბამისად ზოგი ექსპერტი დელტა ++"-ს ეძახის. რაც გინდათ ის დაუძახეთ. ფაქტია, რომ ვერაგია. მე უფრო მომწონს “დელტას შვილიშვილი.“ ისე დელტა ვარიანტის “ოჯახიდან” არის.

​პირველად “შეამჩნიეს” ივლისში, მაგრამ უკვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე და 33 ქვეყანაში. უკვე “ამოიცნეს” ლაბორატორიებში: ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ევროპაში. ბრიტანეთში კი 6%  უკვე ამ ახალი ვარიანტით არის ინფიცირებული. ფხაკაძე გაცნობებთ, რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარიანტი. ოფიციალურად ჯერ ვერ/არ დაადგინეს. ისე ყველა ვარიენტის და ტალღების გამოცხადება მე მიწევს და “ოფიციალურად” 1-2 კვირის მერე აღიარებენ ხოლმე. ამას მე მგონი ყველა შეეჩვია.

ეს ვარიანტი არის “დელტა ვარიანტის” (B.1.617.2) 10-15%-ით კიდევ უფრო გადამდები ვარიანტი და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება.

შეგახსენებთ “დელტა,” ანუ ინდური ვარიანტი 50% -ით უფრო გადამდები იყო ვიდრე “ალფა,” ანუ ბრიტანული ვარიანტი.

ვინც გადაიტანა უკვე კოვიდი, დაცულები არ ხართ, რომ ეს დელტა+ და ++ არ დაგემართებათ . ჩათვალეთ რომ არც გადაგიტანიათ კოვიდი, ანუ იმუნიტეტი არ გააქვთ. ​ვინც ხართ აცრილი სპუტნიკით, სინოფარმით, სინოვაკით და ასტრაზენეკათი დაცულები არ​ ხართ და დროზე აიცერით ფაიზერით!

კარგი ამბავი არის ის, რომ საქართველოში არსებული ვაქცინებიდან “ფაიზერი” არის ეფექტური როგორც დელტა, ასევე დელტა+ შტამების შემთხვევებში. სამედიცინო პირბადე არის ასევე საკმაოდ ეფექტური. ფიზიკური დისტანცია (საუკეთესოა ორმეტრიანი) ასევე აჩვენებს კარგ შედეგებს.

ფრთხილად იყავით!“ 

წაიკითხეთ სრულად