Baby Bag

„ეს აუცილებლად უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები მომავალ დედებს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ნაყოფის ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე ისაუბრა, რომელსაც ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის არასათანადო მიღება იწვევს:

„უნდა გესაუბროთ ერთ-ერთი მძიმე თემის შესახებ. თუ ძალიან მგრძნობიარე ხართ სამედიცინო პათოლოგიების მიმართ, ეს ლაივი არ ნახოთ. მეორე მხრივ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს. მე ვისაუბრებ ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე, როდესაც ნაყოფი იბადება თავის ტვინის გარეშე, ამას ჰქვია ანენცეფალია, ან იბადება ხერხემლის განვითარების ანომალიებით. ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიებია, რომელთა არიდება საკმაოდ მარტივად შეიძლება, თუ ხარ ინფორმირებული.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ადამიანის ორგანიზმში ზურგის და თავის ტვინის განვითარებისთვის ნერვული მილის სწორად ფორმირებაა აუცილებელი:

„ადამიანის ორგანიზმში თავის ტვინის და ზურგის ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია ე.წ. ნერვული მილი. ნერვული მილი რომ ფორმირდეს, აუცილებელია ეს ნერვული ღარები დაიხუროს. თუ ქალი ფეხმძიმობის პერიოდში არ მიიღებს ფოლიუმის მჟავას, ამის გამო ნაყოფს შეიძლება დარჩეს დაუხურავი ნერვული მილი. აქედან განვითარდება დამახასიათებელი ანომალიები. შესაძლოა, არ განვითარდეს ხერხემალი სრულყოფილად, გარეთ გამოვიდეს ზურგის ტვინი, მისი გარსები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დამბლების განვითარება. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ დედა არ იღებდა ფოლიუმის მჟავას ორსულობის პერიოდში.“

„ფოლიუმის მჟავის მიუღებლობას კიდევ ერთი გართულება ახლავს. შეიძლება ბავშვი დაიბადოს ტვინის არარსებობით, ანენცეფალიით. როდესაც ფოლიუმის მჟავის მიღება არ ხდება, დიდი ჰემისფეროები არ ყალიბდება. ნაყოფი, რომელიც იბადება ტვინის გარეშე მოყვანილობით ემსგავსება ბაყაყს. ტვინი რომ არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი არსებობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ბავშვი ძალიან მალევე იღუპება,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად