Baby Bag

„ეს აუცილებლად უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები მომავალ დედებს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ნაყოფის ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე ისაუბრა, რომელსაც ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის არასათანადო მიღება იწვევს:

„უნდა გესაუბროთ ერთ-ერთი მძიმე თემის შესახებ. თუ ძალიან მგრძნობიარე ხართ სამედიცინო პათოლოგიების მიმართ, ეს ლაივი არ ნახოთ. მეორე მხრივ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს. მე ვისაუბრებ ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე, როდესაც ნაყოფი იბადება თავის ტვინის გარეშე, ამას ჰქვია ანენცეფალია, ან იბადება ხერხემლის განვითარების ანომალიებით. ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიებია, რომელთა არიდება საკმაოდ მარტივად შეიძლება, თუ ხარ ინფორმირებული.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ადამიანის ორგანიზმში ზურგის და თავის ტვინის განვითარებისთვის ნერვული მილის სწორად ფორმირებაა აუცილებელი:

„ადამიანის ორგანიზმში თავის ტვინის და ზურგის ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია ე.წ. ნერვული მილი. ნერვული მილი რომ ფორმირდეს, აუცილებელია ეს ნერვული ღარები დაიხუროს. თუ ქალი ფეხმძიმობის პერიოდში არ მიიღებს ფოლიუმის მჟავას, ამის გამო ნაყოფს შეიძლება დარჩეს დაუხურავი ნერვული მილი. აქედან განვითარდება დამახასიათებელი ანომალიები. შესაძლოა, არ განვითარდეს ხერხემალი სრულყოფილად, გარეთ გამოვიდეს ზურგის ტვინი, მისი გარსები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დამბლების განვითარება. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ დედა არ იღებდა ფოლიუმის მჟავას ორსულობის პერიოდში.“

„ფოლიუმის მჟავის მიუღებლობას კიდევ ერთი გართულება ახლავს. შეიძლება ბავშვი დაიბადოს ტვინის არარსებობით, ანენცეფალიით. როდესაც ფოლიუმის მჟავის მიღება არ ხდება, დიდი ჰემისფეროები არ ყალიბდება. ნაყოფი, რომელიც იბადება ტვინის გარეშე მოყვანილობით ემსგავსება ბაყაყს. ტვინი რომ არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი არსებობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ბავშვი ძალიან მალევე იღუპება,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნუღარ პანიკობ, ეგ დრო უკვე წავიდა... ეს ინფექცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწყისი შტამები იყო,“- გიორგი ღოღობერიძე

„ნუღარ პანიკობ, ეგ დრო უკვე წავიდა... ეს ინფექცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწყისი შტამები იყო,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ომიკრონის სახლში მართვის წესებზე ისაუბრა და საზოგადოებას საინტერესო რჩევები მისცა.

„ბოლო დღეებში ბევრი ადამიანია ჩვენ გარშემო ინფიცირებული. ძალიან ბევრი პანიკობს. ბევრი უჩივის ხველას, სურდოს, სიცხის დაგდების პრობლემას. როგორ უნდა მართო ამ შემთხვევაში სწორად, მარტივად და სწრაფად? არ ღირს აქ პანიკა. ეს აბსოლუტურად მარტივი, ჩვეულებრივი ინფექციაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ჩვენთვის სერიოზულად აღქმადი დაავადება არ არის, როგორიც თავიდან იყო.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ომიკრონი 5 მთავარი სიმპტომით ამოიცნობა:

​მინდა გითხრა, როგორ გამოიცნო ომიკრონი ძალიან სწრაფად, რა გჭირდება, რაში არ დახარჯო ფული, რა გააკეთო სწრაფად და მარტივად. ომიკრონისთვის ტიპური ნიშანი არის სურდო. ხველა და გამოხატული სუნთქვის უკმარისობა ნამდვილად არ არის. ადამიანს აქვს სურდო, სხვა არაფერი. შეიძლება სიცხეც კი არ ჰქონდეს, ისე ჩაიაროს ინფექციამ. უმარტივესი შტამია. სურდო შეიძლება ჰქონდეს 10-დან 7 ინფიცირებულს. 68%-ს აქვს თავის ტკივილი, არის დაღლილობის განცდა, ცემინება. ბოლო პერიოდში ყელის ტკივილმაც მოიმატა.“

„ზოგიერთი ადამიანი, რომ გაიკეთებს ტესტს, დაუდგინდება კოვიდი, პანიკობს. დამშვიდდი, ეგ დრო უკვე წავიდა. ახლა ნუღარ პანიკობ. ეს ინფექცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე საწყისი შტამები იყო. ძალიან მარტივად ჩაივლის. რომც არ გაიგო, რომ კოვიდი გაქვს, ბევრად მარტივად ჩაივლის, ვიდრე როცა საქმის კურსში ხარ, რომ კოვიდი გაქვს, პანიკას იწყებ და ათას წამალს სვამ, რომელიც არაფერში არ გჭირდება. ფულს ყრი ტყუილად,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

სახლში ომიკრონის მკურნალობასთან დაკავშირებით დეტალურ რჩევებს გაეცანით თანდართულ ვიდეოში.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი 

წაიკითხეთ სრულად