Baby Bag

„ეს აუცილებლად უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები მომავალ დედებს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ნაყოფის ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე ისაუბრა, რომელსაც ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის არასათანადო მიღება იწვევს:

„უნდა გესაუბროთ ერთ-ერთი მძიმე თემის შესახებ. თუ ძალიან მგრძნობიარე ხართ სამედიცინო პათოლოგიების მიმართ, ეს ლაივი არ ნახოთ. მეორე მხრივ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს. მე ვისაუბრებ ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე, როდესაც ნაყოფი იბადება თავის ტვინის გარეშე, ამას ჰქვია ანენცეფალია, ან იბადება ხერხემლის განვითარების ანომალიებით. ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიებია, რომელთა არიდება საკმაოდ მარტივად შეიძლება, თუ ხარ ინფორმირებული.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ადამიანის ორგანიზმში ზურგის და თავის ტვინის განვითარებისთვის ნერვული მილის სწორად ფორმირებაა აუცილებელი:

„ადამიანის ორგანიზმში თავის ტვინის და ზურგის ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია ე.წ. ნერვული მილი. ნერვული მილი რომ ფორმირდეს, აუცილებელია ეს ნერვული ღარები დაიხუროს. თუ ქალი ფეხმძიმობის პერიოდში არ მიიღებს ფოლიუმის მჟავას, ამის გამო ნაყოფს შეიძლება დარჩეს დაუხურავი ნერვული მილი. აქედან განვითარდება დამახასიათებელი ანომალიები. შესაძლოა, არ განვითარდეს ხერხემალი სრულყოფილად, გარეთ გამოვიდეს ზურგის ტვინი, მისი გარსები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დამბლების განვითარება. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ დედა არ იღებდა ფოლიუმის მჟავას ორსულობის პერიოდში.“

„ფოლიუმის მჟავის მიუღებლობას კიდევ ერთი გართულება ახლავს. შეიძლება ბავშვი დაიბადოს ტვინის არარსებობით, ანენცეფალიით. როდესაც ფოლიუმის მჟავის მიღება არ ხდება, დიდი ჰემისფეროები არ ყალიბდება. ნაყოფი, რომელიც იბადება ტვინის გარეშე მოყვანილობით ემსგავსება ბაყაყს. ტვინი რომ არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი არსებობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ბავშვი ძალიან მალევე იღუპება,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვმართოთ ბავშვებში უარით გამოწვეული აგრესიული ქცევა?

როგორ ვმართოთ ბავშვებში უარით გამოწვეული აგრესიული ქცევა?

ხშირად ბავშვები აგრესიულად იქცევიან, თუ გარკვეულ სურვილს არ შეუსრულებ. როგორ ვმართოთ მათი აგრესიული ქცევა? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ლელი ყიფიანი.

- ხშირად ბავშვები აგრესიულად იქცევიან, თუ გარკვეულ სურვილს არ შეუსრულებ. რა დროს უნდა ვუთხრათ უარი მათ?

- აგრესია ეს არის ქმედება ან მუქარა, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ადამიანისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიურიზიანის მიყენებას. ის ბავშვებისა და მოზარდების მნშვნელოვან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. ბავშვები, რომლებიც აგრესიულად იქცევიან, შესაძლოა ზიანი მიაყენონ არამარტო საკუთარ თავს, არამედ ოჯახს თანატოლებს და მთლიანად საზოგადოებას.

კვლევები აჩვენებს რომ ბავშვები, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიული ქცევებით, უფრო მეტად აღენიშნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მომავალში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფსიქო აქტიური ნივთიერებების მოხმარებას და ჩართული იყვნენ ძალადობრივ ქმედებებში. ბავშვებში აგრესია შესაძლოა სხვადასხვა სახით გამოვლინდეს: ტირილი, ბრაზი, ჩქმეტა, კბენა, ყვირილი, ფეხების ბაკუნი დარტყმა, სხვების ან საკუთარი ნივთების დაზიანება, შეურაცხყოფისმიყენება, დაცინვა, მუქარადა ბულინგი .

აგრესიული ქცევა შესაძლებელია იყოს 2 სახის: ინსტრუმენტული და მტრული.

ინსტრუმენტულ აგრესიას ყოველთვის აქვს გარკვეული მიზანი და საკმაოდ გავრცელებულია მცირეწლოვან ბავშვებში. ინსტრუმენტული აგრესიის ერთ-ერთი ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ასაკის ბავშვებს არ აქვთ ენობრივი და სოციალური უნარები, ამიტომ მიმართავენ ინსტრუმენტულ აგრესიას საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. ხოლო უფრო მოზრდილ ასაკში ინსტრუმენტული აგრესიული ქცევა შესაძლებელია აიხსნას მიზანდასახულობით, საკუთარი მიზნების მიღწევა, წარმატებისკენ მისწრაფებით და სირთულეების დაძლევით.ასეთ შემთვევაში, აღზრდა მიმართული უნდა იყოს იქითკენ რომ მოხდეს კონტროლი დამანგრეველი, დამაზიანებელი ფორმების და წახალისება იმ ასპექტებისა, როგორიცაა მიზანსწრაფულობა, საკუთარი აზრის დაცვა, არას თქმაიმაზე, რაც მას არ სურს ან არ სიამოვნებს. რაც შეეხება მტრულ აგრესიას, არ არსებობს რაიმე ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ იქცევიან ბავშვები აგრესიულად, თუმცა არსებობს გარკვეული მახასიათებლები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ან გაზარდოს აგრესიული ქცევის გამოვლენა. ეს შესაძლოა იყოს ემოციების რეგულაციის სირთულე და სოციალური უნარების დეფიციტი. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები, როდესაც ბავშვმა უკვე ამოწურა ყველა სხვა გზა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომლის დროსაც აგრესიის გამოვლენა შესაძლებელია იყოს ბრძოლა გადარჩენისთვის ან უკავშირდებოდეს მშობლის მიერ აკრძალვებს, შეზღუდვებს. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ფრუსტრაციამ, ან ტრავმულმა გამოცდილებამ. რისკ ფაქტორს ასევე წარმოადგენს დასწავლილი ქცევა, მაგალითად, როგორ ურთიერთობენ ოჯახის წევრები ერთმანეთთან, როგორ აგვარებენ პრობლემებს ერთამანეთში და ბავშვთან მიმართებაში. როგორი გარემოა ოჯახში: ზედმეტად მკაცრიმიდგომა ან უგულებელყოფა, არათანმიმდევრული მიდგომები, როდესაც ბავშვს არ აქვს ემოციური მხარდაჭერა, სითბო და სიყვარული მშობლებისგან. ასევე,მნიშვნელოვანია სოციალური, ეკონომიკურიგენეტიკური, ბიოლოგიური და ბიოქიმიური ფაქტორები.

იმისათვის რომ შეამციროთ ან აღმოფხვრათ აგრესიული ქცევის გამოვლენა, მნიშვნელოვანია: უფროსებმა დაამყარონ მყარი ურთიერთობები და შეუქმნან უსაფრთხო სტაბილური და სტრუქტურირებული გარემო.

- როგორ ვასწავლოთ უარის მშვიდად მიღება?

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ მართოთ აგრესიული ქცევა:

  1. მკაფიოდ განსაზღვრული წესები და მოლოდინები;
  2. ბავშვი უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და რომ მისი გესმით;
  3. შეაქეთ და წაახალისეთ მისი კარგი ქცევა;
  4. რაც შეიძლება მეტ აქტივობებში ჩართეთ, რომ მისი ენერგიები წარიმართოს სასარგებლო საქმიანობისკენ;
  5. პრობლემის გადაჭრა უნდა მოხდეს მაშინვე ,როგორც კი ის წარმოიშობა;
  6. მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზის დადგენა, რა სიტუაცია ან მოვლენები იწვევს ბავშვის აგრესიულ ქცევას;
  7. დაეხმარეთ ემოციების მართვაში და მისთვის აუციელებელი უნარჩვევების გამომუშავებაში;
  8. დაუწესეთ შეზღუდვები და სანქციები (მაგალითად, მისთვის ყველაზე სასურველი აქტივობის ან ნივთის აკრძალვა გარკვეული დროით) იმისათვის, რომ სასურველ ქცევას მიაღწიოთ. აუციელებელია დაიცვათ, ზედმიწევნით წინააღმდეგ შემთხვევაში ქცევა გახდება მანიპულატორული;
  9. მართეთ საკუთარი ემოციები, თუ აგრესიაზე აგრესიით უპასუხებთ ბავშვი/ მოზარდი ჩათვლის რომ სასურველს მიაღწია.

- რას ურჩევდით მშობლებს?

მიუხედავად ყველაფრისა აგრესიული ქცევის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა ბავშვისთვის, უსაფრთხო, სტაბილური და მოსაიყვარულე გარემოს შექმნა. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად