Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

წონაში მატების 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი

წონაში მატების 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას იმ მდგომარეობებზე, რომლებიც წონაში მატებას იწვევს.

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მეტ-ნაკლებად მისდევს ცხოვრობის ჯანსაღ წესს, მაგრამ მაინც იმატებს წონაში. სწორედ ამიტომ განვიხილოთ მდგომარეობები, რომლებიც წონაში მატებას იწვევს. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის ტარდება ლაბორატორიული კვლევები, მიღებული შედეგების საფუძველზე კი, საჭიროების შემთხვევაში, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად ხდება მედიკამენტის ჩართვა. 

მდგობარეობები, რომლებიც იწვევს წონაში მატებას, არც ისე ცოტა, მაგრამ დღეს განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა:

1. მეტაბოლური სინდრომი - ეს არის კომპლექსური მდგომარეობა, რომელშიც ერთიანდება: ინსულინის მიმართ რეზისტენტობა (ჰორმონ ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის დაქვეითება), არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევის ციფრების მატება), ლიპიდური ცვლის მოშლა (ცხიმების ცვლის დარღვევა, ორგანიზმში ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება, ხოლო „კარგი“ ქოლესტერინის შემცირება).

2. ჰიპოთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური უკმარობა, რომლის დროსაც ნელდება ნივთიერებათა ცვლა.
3. დეპრესია - ამ დროს ორგანიზმში ხდება ჰორმონალური ბალანსის რღვევა, რაც მომატებული კილოგრამების საფუძველია.
4. ინსომნია - უძილობის დროს ხდება ჰორმონ ინსულინის მიმართ ორგანიზმის მიერ მგრძნობელობის დაქვეითება და იზრდება მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბების რისკი.
5. მენოპაუზა - ამ მდგომარეობის დროს ქალბატონებში ჰორმონალური დისბალანსის გამო ხშირია მომატებული კილოგრამები.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

წაიკითხეთ სრულად