Baby Bag

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

„შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა, ეს რჩევა მექნება მშობლებისთვის,“- ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის პრობლემის აქტუალობის შესახებ ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა შვილები სპორტზე აუცილებლად ატარონ:

„სიმსუქნის პრობლემა ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან აქტუალურია. მიზეზი გასაგებია. წინანდელ თაობებს რომ შევადაროთ, ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ. ცხოვრების წესი შეიცვალა, გაძლიერებულია ინტელექტუალური დატვირთვა, ეკრანთან მიჯაჭვულობა. ბავშვები გაცილებით ნაკლებს მოძრაობენ და გაცილებით მეტ კალორიას იღებენ, მათ შორის რაფინირებული, ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების სახით. მოსახლეობა მაქსიმალურად გადასულია სუპერმარკეტში არსებულ კონსერვანტებით, დამატკბობლებით, შაქრით გამდიდრებულ პროდუქტებზე. შედეგი სახეზეა. სიმსუქნის ეპიდემია, რომელიც დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ჩვენამდეც მოვიდა.

რჩევა მექნება მშობლებისთვის: შვილის სპორტზე მიყვანა არის აუცილებლობა. თუ ვინმეს შვილი ხელს არ იბანს, იგივენაირად, თუ სპორტზე არ დადის, ეს არის ხელის არდაბანვის ტოლფასი დანაშაული, მე ვიტყოდი. მაქსიმალურად ყველას მოგიწოდებთ, ტკბილეულობას, ნამცხვრებს, კანფეტებს კონსერვანტებით გამდიდრებულ პროდუქტებს ნუ შევიძენთ. თქვენ თუ არ შეიძენთ და სახლში არ მოიტანთ, თქვენი შვილები ამას ვერ შეჭამენ,“-აღნიშნა ირაკლი ფაღავამ.

წყარო: ​Mziuri Med 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი,“ - ივანე ჩხაიძე

„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში კოვიდ-19-ის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვირუსი ყველაზე საშიშია წლამდე ასაკის პატარებისთვის:

„ყველაზე საშიში არის წლამდე ასაკი. წლამდე ასაკის ბავშვი, ​თუ კორონავირუსი დაფიქსირდა და ცხელება არის, აუცილებლად უნდა იყოს საავადმყოფოში. იქ გართულებების რისკი გაცილებით მაღალია. ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩვენ ყოველთვის უფრო ფრთხილად ვართ. იმუნური სისტემის მზაობა გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში. ჩვენ ყოველთვის გვეშინია წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ნებისმიერი ვირუსული ინფექციის.“

ივანე ჩხაიძის თქმით, მაისში გრიპის არცერთი შემთხვევა საქართველოში არ ფიქსირდება და გრიპის სეზონი აპრილში დასრულდა:

„მაისის თვეში არცერთი შემთხვევა არ არის გრიპი. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბერში და მთავრდება ყველაზე გვიან აპრილში. წელს ქვეყანაში ორი შემთხვევაა დაფიქსირებული გრიპის. ის, რომ ახლა სეზონური ვირუსების მატება აღინიშნება, ეს ფაქტია, მაგრამ ეს არ არის გრიპი. გრიპის დროს აუცილებლად არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სახსრების, კუნთების ტკივილი, ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ეს არის გრიპი. ის ვირუსები, რომლებიც ახლაა, ძირითადად სასუნთქ სისტემაზე მოქმედებენ.​ არის ხველა, ცხვირიდან გამონადენი, შეიძლება იყოს მსუბუქი ყელის ტკივილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა, არავითარ შემთხვევაში ძლიერი დაღლილობის, სხეულის ტკივილის, საერთო სისუსტის შეგრძნება. ეს უფრო გრიპისთვის არის დამახასიათებელი.“

„თუ ტემპერატურა ორი-სამი დღის განმავლობაში მაღალ ციფრებზეა, მაშინ ​უნდა იფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი. არცერთ იმ ტიპის ვირუსს არ ახასიათებს გახანგრძლივებული ტემპერატურა 38-ზე მაღალი. ყველაზე მარტივი რჩევა ეს იქნება. თუ თქვენი შვილი არ ჭამს, ძილიანია, უხასიათოდ არის, იფიქრეთ, რომ ეს შეიძლება იყოს კორონავირუსი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად