Baby Bag

„პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღოთ,“- ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ადამიანის საკვებ რაციონში პურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება იყოს მამაკაცი, მოზარდი, ქალი. შავი პურის მირთმევა ყველას შეუძლია. თუ ადამიანს წონის პრობლემა არ აქვს, 100-180 გრამი დღეში შეუძლია მიირთვას. მით უმეტეს, როდესაც არის გვიანი შემოდგომა, ზამთარი, როდესაც ადამიანს სჭირდება ნოყიერი კვება. პურის მირთმევას ვურჩევდი განსაკუთრებით დილით. საუზმე თუ არის ნოყიერი, მერე მთელი დღე ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.

შავი პური ძალიან მდიდარია B ვიტამინებით. B ვიტამინი ჩვენს ნერვულ სისტემას ძალიან სჭირდება. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის მდიდარია მაგნიუმითა და რკინით. მაგნიუმი ასევე კარგია ნერვული სისტემისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უყვარს ხორცი, არის ვეგეტარიანელი, შავი პურის მირთმევა სასურველია.

ბავშვი თუ ალერგიული არ არის, 3 წლიდან შეგვიძლია მივცეთ. მე მყავს 3 წლის ოჯახის წევრი და ჩვენ უკვე ვაძლევთ მას შავ პურს. ქართულ სამზარეულოში პური ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი. ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტის პრობლემა, მათთვის უნდა ამოვიღოთ რაციონიდან თეთრი პური. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, არ არის საჭირო რაციონიდან პურის სრულად ამოღება. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება პურის ამოღება, მხოლოდ მოკლე პერიოდით, თუ რაციონი მდიდარია წიწიბურათი, ბრინჯით ან სხვა ბურღულეულით. მე მაინც ვურჩევ, რომ პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღონ,“- აღნიშნულ საკითხზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები, სამწუხაროდ, მაღალი იქნება,“ - ივანე ჩხაიძე

„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები, სამწუხაროდ, მაღალი იქნება,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ იმ მოლოდინების შესახებ ისაუბრა, რომელიც ექიმებს პანდემიის მიმდინარეობასთან და ახალი ტალღის დაწყებასთან დაკავშირებით აქვთ:

​მეხუთე ტალღის სიმძიმის განმსაზღვრელი იქნება, თუ რა გამოიწვევს შემთხვევების მატებას. ყველაზე დიდი რისკი არის, როდესაც შემთხვევების მატება უკავშირდება ახალ ვარიანტს. კორონავირუსის ახალი ისეთი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია სერიოზული ცვლილებების გამოწვევა და შემთხვევების მკვეთრი მატება, დღეისთვის არ არის. ალფა და დელტა ვარიანტი არის კოვიდ-19-ის ყველაზე სერიოზული და სახიფათო ვარიანტები. ჩვენ მათი შედეგები უკვე ვიწვნიეთ. თუ ახალი მუტაცია გამოჩნდება, რომელსაც ისეთივე თვისებები ექნება გადაცემისა და ლეტალობის, როგორიც დელტა ვარიანტს, შესაძლებელია, ამან გამოიწვიოს შემთხვევების მატების ახალი ტალღა.“

ივანე ჩხაიძის თქმით, „მიუ“ მუტაცია არ მიეკუთვნება იმ მუტაციებს, რომელთაც ეპიდაფეთქებების გამოწვევა შეუძლიათ:

„ის მუტაცია, რომლის შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად საუბრობენ, ე.წ. „მიუ“ მუტაცია, რომელიც ჩვენს მეზობელ თურქეთშიც არის, არ მიეკუთვნება იმ მუტაციებს, რომელსაც შეუძლია შემთხვევების მატების, ეპიდაფეთქებების გამოწვევა. ​ჯანმო მას განიხილავს, როგორც ინტერესის ვარიანტს. დღეისთვის ის 50 ქვეყანაშია აღნიშნული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში მისი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.“

„თუ ჩვენ ველოდებით მეხუთე ტალღას, ეს უკავშირდება სეზონურ მატებას შემთხვევების, რომელიც უკავშირდება საქართველოში პერიოდს ოქტომბრიდან მარტამდე. ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს სეზონური ვირუსების მატება. მათ შორის, შესაძლებელია იყოს ​კორონავირუსებით გამოწვეული შემთხვევების მატება. მეოთხე ტალღის პიკი ქვეყანაში იყო აგვისტოს 17-დან 24 რიცხვამდე. გარდაცვალების პიკი ინფიცირების პიკიდან 4-6 კვირის შემდეგ აღინიშნება. ახლანდელი კვირა და მომდევნო კვირა იქნება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები, სამწუხაროდ, მაღალი იქნება. ოქტომბრიდან დაწყებული იქნება გარდაცვალების მინიმალური რაოდენობა. ამავე პერიოდში ველოდებით ინფიცირების შემთხვევების კლებასაც,” - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ Euronews Georgia - ს ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ Euronews Georgia 

წაიკითხეთ სრულად