Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - თემაზე ზაზა თელია საუბრობს

როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - თემაზე ზაზა თელია საუბრობს

როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ესაუბრა.

- როგორ აისახება ბავშვის კანზე მზეზე დიდხანს ყოფნა და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს?

- მრავალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მზისგან ულტრაიისფერი სხივები სერიოზულ ზიანს აყენებს, არამარტო კანს, არამედ მთლიანად ორგანიზმს. შეკრებილი ინფორმაციის მიხედვით, სტატისტიკურად ადამიანის ცხოვრებაში კანის დამწვრობის ეპიზოდების უმეტესი წილი მოდიოდა ბავშვთა ასაკში. მოგეხსენებათ, ერთი დამწვრობის ეპიზოდიც კი კანის კიბოს განვითარების რისკს, დაახლოებით 20-30%-მდე ზრდის. შესაბამისად, ბოლო პერიოდია, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება დამწვრობების პრევენციისთვის სამედიცინო ასოციაციების მხრიდან, როგორიც არის ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცია. სამწუხაროდ, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში დამწვრობის ეპიზოდები უფრო ხშირია, ვინაიდან მათ უყვართ ზაფხულში წყალში ყოფნა, დღის მანძილზე გარეთ თამაში, შესაბამისად, მშობლებს უჭირთ რეკომენდაციების დაცვა. მზისგან დამცავის გარდა, მშობლებს ურჩევენ, რომ სწორად შეარჩიონ საცურაო მაისურები, რომლებიც ფარავს ბავშვის კანის დიდ ნაწილს, ასევე, საცურაო ქუდი, რომელსაც ე.წ. ფრთები აქვს და იცავს ბავშვის კისერს. ძალიან მნიშვნელოვანია მზის სათვალის გამოყენება, რადგან თვალებიც ზიანდება მზის ულტრაისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, არა მარტო დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, არამედ სხვა დამაზიანებელი ეფექტის პრევენციისთვისაც.

- როდიდან უნდა წავუსვათ ბავშვს მზისგან დამცავი?

- 0 წლიდან რეკომენდებულია მზისგან დამცავის კრემის გამოყენება.

- როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი კრემი და რა ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს?

მოგეხსენებათ, ბავშვის კანი მეტად მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, შესაბამისად, კრემი უნდა იყოს ორმაგი დაცვის, უკეთეს შემთხვევაში, ოთხმაგი დაცვის. აუცილებელია, რომ იყოს ულტრაისფერი A და B სხივისგან დამცავი და კარგი იქნება თუ დამატებული ექნება ხილული (visible) და ინფრაწითელი სხივისგან დაცვის მექანიზმიც, ვინაიდან ეს სხივებიც დამაზიანებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბავშვებისთვის რეკომენდებულია SPF 50.

რაც შეეხება შემადგენლობას:

ორი ტიპის მზისგან დამცავი არსებობს, ე.წ. ფიზიკური და ქიმიური ფილტრაციის. ფიზიკური ფილტრაცია გულისხმობს, რომ მზისგან დამცავი კანს ეკვრება და მზის ულტრაისფერ სხივებს ირეკლავს, ხოლო ქიმიური ფილტრაციის შემთხვევაში თვითონ ნივთიერებები შთანთქავს ულტრაისფერ სხივებს. 

ბავშვებში რეკომენდებულია ფიზიკური ფილტრაციის მზისგან დამცავის გამოყენება, რომელიც შეიცავს, როგორც წესი, სამ ნივთიერებას: თუთიის ოქსიდი, რკინის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი. თუმცა ასევე შესაძლებელია, გამოვიყენოთ ორმაგი ფილტრაციის მზისგან დამცავი, ვგულისხმობ, რომ კრემი შეიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს და ამასთანავე, შემადგენლობაში იყოს ქიმიური ფილტრაციაც.

უმჯობესია, თუ მზისგან დამცავი იქნება სქელი კონსისტენციის. კრემი უნდა გადანაწილდეს ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებში და განახლდეს ორ საათში ერთხელ. თუ ბავშვი აუზში, ზღვაში ან შხაპის ქვეშ დასველდა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია განახლება. მოზრდილი ადამიანების შემთხვევაში რაოდენობა, დაახლოებით, გოლფის ბურთის ზომის იყოს, ხოლო ბავშვებისთვის ეს რაოდენობა ნახევრდება.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად