Baby Bag

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

„როდესაც ჰორმონალური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მაინც არის ხოლმე კლინიკური გამოვლინებები. ექიმს შეუძლია ამ კლინიკური გამოვლინებების ამოცნობა და დანიშნოს ჰორმონული კვლევები. საკმაოდ ბევრი ბავშვი მოგვმართავს ჭარბი ოფლიანობით. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ნერვულ სისტემას აქვს ორი ტიპი: სიმპათიკოტონიური და ვაგოტონიური ტიპები. ბავშვებში, რომლებშიც ჭარბობს ვაგოტონიური ტიპი, საკმაოდ ხშირია ასეთი ოფლიანობა. ხშირია სისხლძარღვოვანი რეაქციები, წამოწითლებები. სახეზე აწითლდებიან ხოლმე ბავშვები, გინახავთ საკმაოდ ხშირად.

მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს იმდენად ჭარბი ოფლიანობა აქვთ, რომ წერის დროს მათი რვეული და საწერი ფურცელი ბოლომდე სველდება. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ბავშვებში ბოტოქსით მკურნალობა. სხვა მედიკამენტოზურ ჩარევას არ გირჩევთ. 9 წლის ასაკიდან პრეპუბერტატულ ასაკად ითვლება. მე ვთვლი, რომ როდესაც ნეიროჰორმონალური აქტივობა გამოსწორდება, მათ შორის ვეგეტატიური ნერვული სისტემაც გადაერთვება, დაბალანსდება, 13-14 წლის ასაკში ბავშვს ჭარბმა ოფლიანობამ უნდა გაუაროს. მშობელი არ უნდა აჩქარდეს მედიკამენტებთან დაკავშირებით, კლინიკურ კვლევებსაც დაანებეთ თავი. ვერაფერს ვერ მიაგნებთ. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ ამის გამო და ეს ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, როგორც წესი,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„D-დიმერი როდესაც იმატებს ორგანიზმში, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მოხდა თრომბის წარმოქმნა,“ - თერაპევტი ბეჟან ხელიძე

„D-დიმერი როდესაც იმატებს ორგანიზმში, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მოხდა თრომბის წარმოქმნა,“ - თერაპევტი ბეჟან ხელიძე

​​თერაპევტი ბეჟან ხელიძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ D-დიმერის ანალიზის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის თრომბის განვითარების საფრთხეების შესაფასებლად გამოიყენება:

„პირველ რიგში, რაც შეეხება D-დიმერს, მოკლედ რომ ვთქვათ, ​D-დიმერი არის თრომბის დაშლის პროდუქტი. D-დიმერი როდესაც იმატებს ორგანიზმში, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მოხდა თრომბის წარმოქმნა. ეს ძირითადად 99%-ში ხდება ღრმა ვენებში, ანუ ფეხებში, რასაც ხელს უწყობს უძრაობა. საქართველოში ისედაც ძალიან დიდი პოპულაციაა, რომელსაც აწუხებს ღრმა ვენების თრომბოზი. ამ ადამიანებს ისედაც აქვთ D-დიმერი მომატებული.“

ბეჟან ხელიძის თქმით, კლინიკაში შეყვანილ ყველა პაციენტს უმოწმდება D-დიმერის მაჩვენებელი, აღნიშნული ანალიზი კი რამდენჯერმე ტარდება გამეორებით:

„კლინიკაში ვინც შემოდის, ყველა პაციენტს უკეთდება D-დიმერი. ​ეს ანალიზი გარკვეული ინტერვალით მეორდება და ყოველ სამ დღეში ტარდება. თუ ადამიანს აქვს მაღალი D-დიმერი და ღრმა ვენების თრომბოზი, მაშინ ეს გამოწვეულია სწორედ ღრმა ვენების თრომბოზით და არა კორონავირუსით.“

„რაც შეეხება D-დიმერს, თუ რაში ვიყენებთ მას ექიმები, ჩვენ მას ვიყენებთ რისკის შესაფასებლად, რომ შემდეგ სათანადო ანტიკოაგულაციური მკურნალობა დავნიშნოთ. პაციენტისთვის ეს არ უნდა იყოს შემაშინებელი. საქართველოში ნათლად გამოჩნდა, რომ პრობლემას ქმნის ჭარბი წონა. ჭარბ წონას ისედაც თან სდევს უძრაობა, შესაბამისად, ადამიანები ისედაც რისკის ქვეშ არიან, რომ ​ღრმა ვენების თრომბოზი განვითარდეს და D-დიმერი მაღალი ჰქონდეთ. პრობლემურია არტერიული ჰიპერტენზია და დიაბეტი. ეს ჯგუფი არის პაციენტების, რომელიც არის საყურადღებო,“ - აღნიშნავს ბეჟან ხელიძე.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად