Baby Bag

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

უნდა ვუმკურნალოთ თუ არა მედიკამენტებით ჭარბი ოფლიანობის პრობლემას ბავშვებში? - პედიატრ თემურ მიქელაძის რეკომენდაცია მშობლებს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

„როდესაც ჰორმონალური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მაინც არის ხოლმე კლინიკური გამოვლინებები. ექიმს შეუძლია ამ კლინიკური გამოვლინებების ამოცნობა და დანიშნოს ჰორმონული კვლევები. საკმაოდ ბევრი ბავშვი მოგვმართავს ჭარბი ოფლიანობით. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ნერვულ სისტემას აქვს ორი ტიპი: სიმპათიკოტონიური და ვაგოტონიური ტიპები. ბავშვებში, რომლებშიც ჭარბობს ვაგოტონიური ტიპი, საკმაოდ ხშირია ასეთი ოფლიანობა. ხშირია სისხლძარღვოვანი რეაქციები, წამოწითლებები. სახეზე აწითლდებიან ხოლმე ბავშვები, გინახავთ საკმაოდ ხშირად.

მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს იმდენად ჭარბი ოფლიანობა აქვთ, რომ წერის დროს მათი რვეული და საწერი ფურცელი ბოლომდე სველდება. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ბავშვებში ბოტოქსით მკურნალობა. სხვა მედიკამენტოზურ ჩარევას არ გირჩევთ. 9 წლის ასაკიდან პრეპუბერტატულ ასაკად ითვლება. მე ვთვლი, რომ როდესაც ნეიროჰორმონალური აქტივობა გამოსწორდება, მათ შორის ვეგეტატიური ნერვული სისტემაც გადაერთვება, დაბალანსდება, 13-14 წლის ასაკში ბავშვს ჭარბმა ოფლიანობამ უნდა გაუაროს. მშობელი არ უნდა აჩქარდეს მედიკამენტებთან დაკავშირებით, კლინიკურ კვლევებსაც დაანებეთ თავი. ვერაფერს ვერ მიაგნებთ. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ ამის გამო და ეს ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, როგორც წესი,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​„მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ბავშვებზე“ - როგორ შევუმსუბუქოთ შვილებს პანდემიით გამოწვეული სტრესი

​„მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ბავშვებზე“ - როგორ შევუმსუბუქოთ შვილებს პანდემიით გამოწვეული სტრესი

როგორ შეცვალა კოვიდ-19-მა ბავშვთა ყოველღდღიურობა და რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა პატარების ფსიქოლოგიური სიჯანსაღისთვის? - ამ თემებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი რუსუდან მხეიძე.

- ქალბატონო რუსუდან, კორონავირუსმა საზოგადოების ცხოვრება შეცვალა, რა ზეგავლენა მოახდინა ბავშვების გონებრივ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე?

- ვერ ვიტყვით, რომ უფროსებთან შედარებით ბავშვები უფრო მძიმედ იტანენ ვირუსს, მაგრამ მათი ცხოვრება საკმაოდ შეიცვალა. განსაკუთრებით, პატარები, რომლებიც საოცრად ელოდებიან სკოლაში სწავლას, ეს მომენტი განიცადეს ყველაზე მძიმედ. მეორე, არის ის, რომ ძირითადად სახლში უწევთ ყოფნა, ვეღარ ნახულობენ თანატოლებს, ვეღარ მიდიან ბებიასთან და ბაბუასთან. ახალგაზრდებს საკმაოდ მყიფე ფსიქიკა აქვთ, რასაც ამ მდგომარეობამ უფრო მძიმე დაღი დაასვა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გაიზარდა ადამიანების რიცხვი, რომლებსაც დეპრესია, შფოთვები აქვთ.

- სკოლები დაიხურა, ბავშვები ვეღარ თამაშობენ თანატოლებთან, ფაქტობრივად, სახლში არიან გამოკეტილები. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ შეუმსუბუქონ ის სტრესი, რაც პანდემიამ გამოიწვია მათში?

- ჩვენ, ყველა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ბავშვებზე - ეს იქნება კითხვა, თამაში, ხატვა თუ სხვა. ბევრმა მშობელმა მოიფიქრა აქტივობები, რომლითაც ეხმარებიან შვილებს, მაგალითად, ავეჯის ერთად მოხატვა, წიგნის ერთად კითხვა და ცდილობენ, ბავშვებს გაუქარწყლონ ის დეფიციტი, რაც თანატოლების ნაკლებობით აქვთ. ერთი მხრივ, დადებითიც შეგვიძლია დავინახოთ ამ ყველაფერში, მშობლების ძირითადი ნაწილი სახლშია და მათ მეტი დრო აქვთ შვილებთან საურთიერთოდ, ამასთან, თვითონაც ერთობიან.

- პანდემიის პირობებში ბავშვთა დიდი ნაწილი უფრო მეტად გახდა გაჯეტებზე დამოკიდებული. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ კუთხით ბავშვებს?

- ისედაც ხომ იყვნენ მიჯაჭვულები და პანდემიის ფონზე ბევრად გაიზარდა დამოკიდებულება. სულ იყო და არის საუბარი, რომ მოაცილეთ ბავშვები გაჯეტებს, თუმცა არაფერი გამოდის. იმისთვის, რომ რამენაირად დააკავონ ბავშვები, ამ ალტერნატივას ირჩევენ, ყურადღებას აღარ აქცევენ. ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა მოხდეს, რადგან ეს ნორმა არ არსებობს, ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ბავშვები მეტად გაღიზიანებულები ხდებიან. მშობლებიც თავის მხრივ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, როცა დილიდან საღამომდე მუშაობა უწევთ, აღარ რჩებათ დრო თვითონ გაართონ ტელეფონის ნაცვლად. არაფერი არ არის დასამალი იმაში, რომ მშობლების უმეტესობას ერთი სული აქვს, ბავშვები სკოლაში მიიყვანონ, რომ დრო გამოუთავისუფლდეთ.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად