Baby Bag

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ღიმილის დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი, თუმცა ღიმილი სულ არსებობს. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, არანაირ რასას, არანაირ რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია. თითოეულ ჩვენს რეაქციას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. ეს ყველაფერი ტვინში მიმდინარე პროცესებია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ეს სამივე გახლავთ ჩვენი სიამოვნების, დაჯილდოვების, კარგი ხასიათის ხელშემწყობი.

ის, რომ ღიმილი აჯანსაღებს, ეს ნამდვილად ასეა. ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, ძლიერდება უამრავი სისტემის მუშაობა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის,“ - მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალგაზრდობის ელექსირი“ - რა იწვევს კანის დაბერებას და როგორ შევამციროთ ეს პროცესი?

„ახალგაზრდობის ელექსირი“ - რა იწვევს კანის დაბერებას და როგორ შევამციროთ ეს პროცესი?

„ახალგაზრდობის ელექსირი“, - ამ სათაურით ექიმის ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:

„დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს!!!!!!

ბევრი რამ იწვევს კანის დაბერებას. არსებობს რაღაცები, რასაც ვერ შევცვლით (ნატურალური დაბერება, შინაგანი დაბერება) და არსებობს რაღაცები, რისი შეცვლითაც ზეგავლენას მოვახდენთ და შევამცირებთ დაბერების პროცესს.

ნატურალურ დაბერებას და შინაგან დაბერებას (natural aging, „intrinsic aging“) ვერაფერს მოვუხერხებთ - ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ შესაძლებელია სხვა ტიპის დაბერებაზე ვიმოქმედოთ, რომელსაც ნაადრევი დაბერება ეწოდება (premature aging) და ის გარემო ფაქტორებით და ცხოვრების წესით არის განპირობებული („extrinsic aging“).
პრევენციული ზომების მიღებით ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ამ ტიპის დაბერების პროცესი:
1. ნაადრევ დაბერებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს მზე. ამიტომ მნიშვნელოვანია მზის სხივებისგან რუტინული დაცვა, ყოველდღიურად. არ აქვს მნიშვნელობა, ზღვის სანაპიროზე ვიმყოფებით თუ დავრბივართ. 15 წუთით ადრე მზეზე გასვლის წინ გამოიყენეთ მზისდამცავი - SPF30, UVA + UVB;
2. კანის ფერის გასამუქებლად სჯობს, გამოიყენეთ ავტო-გასარუჯი (self-tanner), ვიდრე გაირუჯოთ მზეზე ან სოლარიუმში. მზეზე ყოველი გარუჯვის დროს თქვენი კანი ნაადრევად ბერდება;
3. დაანებე თავი მოწევას. თამბაქო აჩქარებს დაბერების პროცესს, არამარტო კანის, არამედ მთელი ორგანიზმის. ის აჩენს ნაოჭებს;
4. თავიდან აირიდეთ ხშირი სახის მიმიკების მიღება. ამით თქვენ ახდენთ სახის კუნთების შეკუმშვას და წლების განმავლობაში ვითარდება ხაზები. გამოიყენეთ მზის სათვალე მზეზე ყოფნის დროს;
5. ჭამეთ ჯანსაღის, ბალანსირებული საკვები. სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ ბევრი ახალი ხილის და ბოსტნეულის მიღებით ხდება კანის დაზიანების პრევენცია, რომელიც ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს; ასევე რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ საკვების მიღება, რომელშიც შედის ბევრი შაქარი, რაფინირებული ნახშირწყლები ხელს უწყობს და აჩქარებს დაბერების პროცესს;
6. შეამცირე ალკოჰოლის მოხმარება. ის ახდენს კანის დეჰიდრატაციას;
7. ივარჯიშე რუტინულად, სისტემატურად კვირაში 4-5-ჯერ. კვლევებით დადგენილია, რომ ვარჯიში ახდენს იმუნური სისტემის ბუსტირებას, ასევე ცირკულაციის გაუმჯობესებას;
8. გაიწმინდე, დაიბანე კანი ნაზად. სკრაბმა შესაძლოა, გააღიზიანოს კანი. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. კანის გაღიზიანება აჩქარებს დაბერების პროცესს. ნაზი დაბანა აშორებს კანიდან ჭუჭყს, მაკიაჟს და სხვა ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა, გააღიზიანოს კანი;
9. დაიბანე სახე დღეში 2-ჯერ და გაოფლიანების შემდეგ. ქუდმა, ჩაფხუტმა ან სხვა ნივთმა შესაძლოა, გააოფლიანოს სახის კანი. რეკომენდებულია სახის დაბანა, რაც შეიძლება სწრაფად გაოფლიანების შემდგომ;
10. გამოიყენეთ სახის დამატენიანებელი ყოველდღიურად. ის „კეტავს“ წყალს კანში, ატენიანებს და იცავს გარე გამაღიზიანებლებისგან. ამით კანი გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად;
11. შეაჩერე კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენება, რომლებიც იწვევს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას;
P.S. დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს. არ მოტყუვდეთ. დაიცავით კანი მზისგან და დაიტენიანეთ რუტინულად,“ - წერს ექიმი ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად