Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„კულტურას დავარტყით და ქართველი წარმოვიდგინეთ, რომ დიდი ღიპი აქვს, სვამს და უსაქმურია,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„კულტურას დავარტყით და ქართველი წარმოვიდგინეთ, რომ დიდი ღიპი აქვს, სვამს და უსაქმურია,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში არსებული ტენდენციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი სისტემა მოშლილია:

„კულტურას დავარტყით და ქართველი წარმოვიდგინეთ, რომ დიდი ღიპი აქვს, სვამს და უსაქმურია. ეს ხატი ჩაიდო ახალგაზრდებში. გაჩნდა სიტყვა „ღრუზინული,“ ანუ სასაცილო. არ არის მოდაში, რომ ქართველად წარმოჩინდე. ქუჩაში ნორმატიული წესები (მე არ ვლაპარაკობ ქურდულ მენტალიტეტზე) შეიცვალა. მე რომ ვიყავი სკოლაში, მეცხრე-მეათე კლასში ბიჭებში ჩხუბები და გარჩევები სულ იყო, მაგრამ იმ ნორმებით ჩხუბის დროს დანის წაღება არ შეიძლებოდა. არა იურიდიული, პოლიციური, არამედ ქუჩის ნორმებით არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ახლა თუ გინდა ბენზო ხერხი წაიღე ან ოცმა კაცმა ცემეთ ერთი. ეს ნორმატივიც მოიშალა.“

​სასწავლებლებს აეკრძალათ აღმზრდელობითი ფუნქცია. ოჯახზეც უკვე სერიოზული შეტევაა. დისკრედიტირებულია მშობლების თაობა. მე ვსაუბრობ იმაზე, რა ტენდენციებია. ორიენტირი აღარ არის. მივიღეთ ჯგუფები, რომლებიც ერთი სხვა გავლენის ქვეშაა, მეორე - სხვა გავლენის ქვეშ. ორიენტირის გარეშე ადამიანს უჭირს, რომ შეაფასოს თავისივე ქცევა,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურა მხეიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია

წაიკითხეთ სრულად