Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა პაციენტმა ბინაზე დაიწყო სისხლის გამათხელებლების მიღება და ხშირ შემთხვევაში გაცილებით უარესი შედეგი მიიღეს,“ - ინფექციონისტი ეკა ჭოლაძე

„ყველა პაციენტმა ბინაზე დაიწყო სისხლის გამათხელებლების მიღება და ხშირ შემთხვევაში გაცილებით უარესი შედეგი მიიღეს,“ - ინფექციონისტი ეკა ჭოლაძე

ინფექციონისტმა ეკა ჭოლაძემ საზოგადოებაში სისხლის გამათხელებლების პოპულარობის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მედიკამენტების მიღება საფრთხილოა:

„პანდემიის დასაწყისიდან, როდესაც გამოჩნდა მოსაზრება, რომ კოაგულაცია უნდა იკონტროლოს პაციენტმა, სისხლის გამათხელებლები უნდა მიიღოს, აღმოვჩნდით მეორე უკიდურესობაში, როდესაც ყველა პაციენტმა ბინაზე დაიწყო მათი მიღება. ხშირ შემთხვევაში გაცილებით უარესი შედეგი მიიღო პაციენტმა.“

ეკა ჭოლაძის თქმით, თუ პაციენტი ჯანმრთელია და ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, კოაგულოგრამის კონტროლი საჭირო არ არის:

​ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა იყოს გათვლილი და გათვალისწინებული. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში თრომბოემბოლიის რისკი ძალიან მცირეა. თუ პაციენტი არის ახალგაზრდა, ჯანმრთელი, არ არის დატვირთული, არ აქვს ქრონიკული რისკ-ფაქტორები, არის მსუბუქი მიმდინარეობა, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს გეგმიურად კოაგულოგრამის კონტროლი. არც ასაკი არ განაპირობებს სისხლის გამათხელებლების მიღების პირდაპირ ჩვენებას. ამ წალმებს ბევრი გართულება აქვს და გახანგრძლივებული მოქმედებისაა. სწრაფად მათი მოქმედების შემაჩერებელი წამლები არ გვაქვს, ასე რომ მათი მიღება ძალიან საფრთხილოა.“

„თუნდაც პატარა სისხლჩაქცევა თავისუფლად ამატებს D-დიმერის რაოდენობას. ეს არ ნიშნავს, რომ იქ სადმე თრომბია და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ანტიკოაგულანტი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთი მედიკამენტის მიღებისას. მხოლოდ D-დიმერით მუშაობა ძალიან არასწორია. თრომბოციტები უნდა იყოს შემოწმებული, ასევე თირკმლის ფუნქცია. ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე ამ წამლების დაწყება ძალიან საშიშია,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკა ჭოლაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად