Baby Bag

„მშობელს ხშირად უკითხავს: შეიძლება თუ არა ბავშვი ჩავსვა ჭოჭინაში, იმიტომ, რომ ამას მიკრძალავენ,“ - ორთოპედი ლევან ქაჯაია

ორთოპედმა ლევან ქაჯაიამ ჭოჭინაში ბავშვის ჩასმასთან დაკავშირებულ დილემაზე ისაუბრა, რომელიც მშობლებს ხშირად აწუხებთ. გარდა ამისა, მან მშობლებს ურჩია 15-16 წლამდე ბავშვი ორთოპედთან გეგმიურ შემოწმებებზე რეგულარულად ატარონ:

„მნიშვნელოვანია, რა ასაკში ვსვამთ ჭოჭინაში ბავშვს. ხშირად უკითხავს მშობელს ჩემთვის: შეიძლება თუ არა ბავშვი ჩავსვა ჭოჭინაში, იმიტომ, რომ ამას მიკრძალავენ და აკრძალულია. როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი ცდილობს ვერტიკალიზაციას, ცდილობს ფეხზე დადგეს, რაღაც მცდელობა აქვს ნაბიჯის გადადგმის, თავისუფლად შეგვიძლია ბავშვი ჩავსვათ ჭოჭინაში. ჭოჭინა ერთგვარი დამცველობითი მექანიზმიც არის, რომ ბავშვი სადღაც არ შეძვრეს და რაღაც არ მოუვიდეს. ეს არანაირ პრობლემას არ უქმნის მენჯ-ბარძაყის სახსარს.

ყურადღება მისაქცევია მენჯ-ბარძაყის სახსარზე. მშობლებს რეკომენდაციას ვუწევ, რომ სამ თვემდე ბავშვს ჩაუტარდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი კვლევით. რაც უფრო ადრეულად იქნება დასმული დისპლაზიის დიაგნოზი, მკურნალობასაც უფრო კარგი შედეგი აქვს ხოლმე. 4-5 წლის ასაკში მოხდეს ტერფის დიაგნოსტირება. 6 წლიდან დავაკვირდეთ ხერხემლის ფორმირებას. ჩონჩხოვანი სისტემა არის მზარდი სისტემა, რომელსაც თითქმის ყოველთვის სჭირდება დაკვირვება 15-16 წლამდე, მანამ ბავშვი ჯერ კიდევ იზრდება. 15-16 წლამდე წელიწადში ერთხელ თუ არა ორ წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროა გეგმიურად ორთოპედის მონახულება. თუ რაღაც პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და ჩონჩხოვან სისტემაში რაღაც ცვლილებებთან, მაშინ წელიწადში ერთხელ, რა თქმა უნდა. არც დისპლაზიის და არც ბრტყელი ტერფის დიაგნოზი არ არის განაჩენი. დროული დიაგნოსტიკა დადებითად ჩატარებული მკურნალობის საწინდარიც არის,“- მოცემულ საკითხზე ლევან ქაჯაიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF​

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბავშვების პრობლემები უმეტესად არა ცხვირის ღრუში, არამედ - ცხვირ-ხახაშია" - ოტორინოლარინგოლოგი

,,ბავშვების პრობლემები უმეტესად არა ცხვირის ღრუში, არამედ - ცხვირ-ხახაშია" - ოტორინოლარინგოლოგი

,,​როდესაც პაციენტი შემოდის ჩემთან და მეუბნება, რომ მას აქვს ყურის პრობლემა, პირველ შეკითხვას ყოველთვის ცხვირთან დაკავშირებით ვუსვამ ხოლმე და ვაკვირდები  რეაქციასაც - სულ უკვირთ, რა შუაშია ცხვირი, როდესაც ისინი ყურის ჩივილებით მოდიან. განსაკუთრებით, მშობლებს მინდა - გავაგებინო, რომ ეს პირდაპირ კავშირშია, მით უმეტეს, ბავშვებში", - ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგმა, პროფესორმა გიორგი გოგნიაშვილმა ,,პირველი არხის"  გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,ბავშვების პრობლემები უმეტესად არა ცხვირის ღრუში, არამედ - ცხვირ-ხახაშია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებისთვის ცხვირი და სუნთქვის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია ყურის ფუნქციებისთვის. თუ ამას არ მივაქცევთ ყურადღებას, ბავშვს უკვე შეექმნება პრობლემები სმენის მხრივ და შემდგომ სერიოზული ჩარევები გვიწევს ყურზე. ამიტომ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებში ნორმალური სუნთქვა წინაპირობაა იმის, რომ არა  მარტო ცხვირის ფუნქცია მოვაწესრიგოთ, არამედ - ყურის ფუნქციაც.

საკმაოდ ხშირია ვირუსული ინფექციების დროს ყელის პრობლემები. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ პირდაპირ არ დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპიით - ეს ორგანიზმისთვის არის დამღუპველი. ანტიბიოტიკი ძალიან კარგი პრეპარატია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი მიზანი და დანიშნულება. ვირუსის დროს, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ყელის ტკივილი - ხშირ შემთხვევაში, უნდა განვასხვავით - ეს ტკივილი არის ვირუსული თუ ბაქტერიული. ამას ძალიან მარტივად გავარკვევთ სისხლის ანალიზის მეშვეობით. თუ ბაქტერიული მონაცემები მომატებულია სისხლის ანალიზში, ეს ტკივილი ბაქტერიულია და უნდა ვიმკურნალოთ ანტიბიოტიკით, თუ ვირუსულია - მაშინ აზრი არ აქვს ანტიბიოტიკების მოხმარებას, რადგან უფრო ვაზიანებთ ჩვენ ამით ორგანიზმს, ვაქვეითებთ იმუნიტეტს და შესაბამის ვირუსს ეძლევა საშუალება, რომ უფრო მეტად დაგვაზიანოს", - აღნიშნა გიორგი გოგნიაშვილმა. 

წყარო: ,​,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად