Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ლოკდაუნის დროს განსაკუთრებით მძიმე დღეში ჩაცვივდნენ ქალები,“ - ფსიქიატრი მანანა შარაშიძე

ფსიქიატრი მანანა შარაშიძე კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ჩაკეტვა აუცილებელია, თუმცა შეზღუდვები უნდა იყოს მიზნობრივი. მანანა შარაშიძე აღნიშნავს, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური დეპრესია ​ფსიქიკურ დეპრესიასაც იწვევს:

“კოვიდ-19 იწვევს ეკონომიკურ დეპრესიას, რაც თავის მხრივ იწვევს ფსიქიკურ დეპრესიას. მოიმატებს სუიციდების რიცხვი. ქვეყანას არ აქვს სუიციდის პრევენციის პროგრამა. ფისიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გასაძლიერებელია. ახლა ჩვენ ყველას გვჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება.“

მანანა შარაშიძე აცხადებს, რომ ლოკდაუნის დროს განსაკუთრებით მძიმე სტრესის ქვეშ ქალბატონები იმყოფებიან, რადგან მათ სამსახურისა და ოჯახის საქმეების შეთავსება უხდებათ. ფსიქიატრი ყურადღებას ამახვილებს პანდემიის დროს ​ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე. ის მშობლებს მოუწოდებს, პატარებს ინფორმაცია მათი ასაკის გათვალისწინებით მიაწოდონ.

მანანა შარაშიძის თქმით, ​შფოთვა და შიში საფრთხეზე ნორმალური რეაქციაა, თუმცა ზომიერების დაცვა უნდა შეგვეძლოს. ფსიქიატრის მტკიცებით, ის ადამიანებიც კი, რომლებიც კორონავირუსის არსებობას უარყოფენ, ასე შიშის გამო იქცევიან და მისგან გაქცევას ცდილობენ.

„ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვირუსი არ არსებობს, ეშინიათ. ზოგიერთს ძალიან ეშინია. კონსპირაციის თეორიებში წასვლა არის თავდაცვა,“ - აცხადებს მანანა შარაშიძე.

წყარო: ​დილა ფორმულაზე


წაიკითხეთ სრულად