Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არსებობს გრიპი, რომელიც იწყება 37 ტემპერატურით და შემდეგ ადის მაღალ ციფრებამდე,“ - ინფექციონისტი ფატი გაბუნია

„არ არსებობს გრიპი, რომელიც იწყება 37 ტემპერატურით და შემდეგ  ადის მაღალ ციფრებამდე,“ - ინფექციონისტი ფატი გაბუნია

​​ინფექციონისტი ფატი გაბუნია სეზონური გრიპის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს:

„გრიპი გახლავთ მწვავე დაავადება მძიმე მიმდინარეობით. მოწმენდილ ცაზე დილას ავდექი, არაფერი მაწუხებს, საღამოს დამეწყო შემცივნება, კანკალი, მომემატა ტემპერატურა, არის 38 ან უფრო მაღალი. არ არსებობს ქრონიკული გრიპი, არ არსებობს შემპარავი გრიპი. არ არსებობს გრიპი, რომელიც იწყება 37 ტემპერატურით და შემდეგ ადის მაღალ ციფრებამდე.“

ფატი გაბუნიას თქმით, გრიპის უმთავრესი სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა:

„მაღალი ტემპერატურა გახლავთ გრიპის კარდინალური სიმპტომი. თუ უბრალოდ არის სურდო, რომელიც მოდის წყალივით, ეს არის რინოვირუსი. თუ არის ხველება ტემპერატურის გარეშე, ეს შეიძლება იყოს ​რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. მწვავედ განვითარებული დაავადება თავის ტკივილით, სახსრების ტკივილით, მაღალი ტემპერატურით გახლავთ სეზონური გრიპი. გრიპს ახასიათებს მთელი რიგი გართულებებისა. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ პირველ 48 საათში მოხდეს გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა. გრიპის ყველაზე ხშირი გართულებაა სინუსიტები და ტრაქეიტი. ამავე დროს არსებობს გრიპთან ასოცირებული პნევმონია, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.“

ფატი გაბუნია აღნიშნავს, რომ გრიპის ვაქცინის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. ინფექციონისტის თქმით, ინფექციური დაავადებებისგან დამცავი ვაქცინაცია მედიცინაში ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება:

„ინფექციური დაავადებების ვაქცინით პროფილაქტიკა არის მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევა და ამ მიღწევის უგულებელყოფა არავის მიერ არ შეიძლება. ​გრიპის ვაქცინა ყოველწლიურია. ვაქცინის საპასუხოდ იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება 6-8 კვირა.“

„ძალიან მკაფიოდ მინდა გავუსვა ხაზი, რომ სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში შემოტანილი ყველა​ ვაქცინა შემოწმებულია ხარისხზე. ის მოწოდებულია უშუალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ უპირატესობა მიანიჭონ უფასო ვაქცინას,“ - აცხადებს ფატი გაბუნია.

წყარო: ​პოსტ ალიონი

წაიკითხეთ სრულად