Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

შვრია ნამდვილად კარგი არჩევანია საუზმისთვის, მაგრამ უნდა გავითავლისწინოთ რამდენიმე ფაქტორი

შვრია ნამდვილად კარგი არჩევანია საუზმისთვის, მაგრამ უნდა გავითავლისწინოთ რამდენიმე ფაქტორი

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას შვრიაზე. 

გასულ კვირას მივიღეთ წერილი, სადაც ჩვენი რუბრიკის მკითხველი აღნიშნავდა, რომ ბოლო სამი თვეა ყოველ დილას მიირთმევს შვრიის ფაფას და აინტერესებდა, რამდენად მართებულია მისი მიდგომა რაციონში შვრიის ფაფის უცვლელობის შესახებ. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებთ  შვრიაზე.

შვრია არის ერთ-ერთი გამორჩეული და სასარგებლო მარცვლოვანი პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვანი ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტების წყაროა. შვრია მდიდარია ბოჭკოვანი ნივთიერებით, რითაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ ფუნქციონირებაში იკავებს მნიშვნელოვან როლს. შვრიის დადებით თვისებებს მიეკუთვნება ასევე ორგანიზმში ქოლესტერინის დონის დარეგულირება.
100 გრამი ნედლი შვრია არის 389 კკალ. და შეიცავს:
  • წყალი 8%
  • ცილა 16,9 გრამი
  • ნახშირწყლები 66,3 გრამი 
  • შაქარი 0 გრამი
  • ბოჭკო 10,6 გრამი 
  • ცხიმი 6,9 გრამი
შვრია ნამდვილად კარგი არჩევანია საუზმისთვის, მაგრამ უნდა გავითავლისწინოთ რამდენიმე ფაქტორი: თუ თქვენ მიირთმევთ მხოლოდ წყალზე დამზადებულ შვრიის ფაფას, მოსალონდელია, რომ მალე ისევ შეგვაწუხებთ შიმშილის გრძნობა, ამიტომ ყოველთვის სასურველია შვრიის ფაფასთან ერთად მიირთვათ ან ხილი, ან რძის ნაწარმი, ან თხილი, ნიგოზი, ნუში, ქიშმიში - ამ ყველაფერთან ერთად თქვენი საუზმე უკვე ხდება სრულფასოვანი და ნაყროვანების შეგრძნებაც დიდხანს გაგყვებათ. ასევე გახსოვდეთ, რომ უნდა შეიძინოთ მსხვილმარცვლოვანი შვრია, რომელსაც სჭირდება ხარშვა, რადგან შვრიის ის სახეობა, რომელიც მზადდება მასზე ადუღებული წყლის დასხმით, კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყუთის გახსნის შემდეგ რეკომენდებულია, შვრია გადავიტანოთ მინის ჭურჭელში და შევინახოთ გრილ, ბნელ ადგილას.
რაც შეეხება შვრიის უარყოფით თვისებებს, იგი აფერხებს კალციუმის ათვისებას, ასევე რთულად მოსანელებელია მათთვის, ვისაც აქვთ გლუტენის აუტანლობა, ამიტომ ზოგადად სასურველი და რეკომენდებულია, რომ კვება იყოს მრავალფეროვანი და დილაობით ცვალოთ მარცვლეული: შვრია, წიწიბურა, სიმინდი, ბრინჯი ა.შ. თუმცა განსაკუთრებით შვრიის მოყვარულებს შეგიძლიათ მთელი თვის მანძილზე შვრია მიირთვათ თამამად, ხოლო შემდეგი ერთი თვე კი თავი შეიკავოთ და შვრია ჩაანაცვლოთ სხვა მარცვლეულით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად