Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბევრს დღემდე სჯერა, რომ მინერალური წყლებით „ამორეცხვები კუჭ-ნაწლავს წმენდს“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზე

„ბევრს დღემდე სჯერა, რომ მინერალური წყლებით „ამორეცხვები კუჭ-ნაწლავს წმენდს“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ მითებზე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

რამდენიმე ხნის წინ ჩემ მიერ დადებულმა ​პოსტმა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა „ჰაერის მონაცვლეობის“ აუცილებლობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის მითია, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ბევრისგან რისხვა დავიმსახურე. ბრალი დამედო წინაპართა შეურაცხყოფაში. იყო ამ შინაარსის საყვედურები: „როგორ, ჩვენმა წინაპრებმა უკეთესად არ იცოდნენ, რომელი ჰაერია უკეთესი და რისი განკურნება შეუძლია?“ მე შეურაცხყოფა ის უფრო მგონია, პროგრესა და კვლევებზე უარი ვთქვათ და როგორც ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, შელოცვებით ვუმკურნალოთ (ესეც ხომ საუკუნეების მანძილზე აპრობირებული მეთოდი იყო), ან რატომ ვცრით ბავშვებს, „მობრძანდნენ ბატონები, მოვეფეროთ და გავისტუმროთ“. ბევრს დღემდე სჯერა, რომ მინერალური წყლებით „ამორეცხვები კუჭ-ნაწლავს წმენდს.“

მითების ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. თუმცა, მითებთან ბრძოლის მოტივაცია კი გამიჩინა ჩემი პოსტის გამოხმაურებებმა. ზოგიერთებმა პოსტის შინაარსი არასწორად გაიგეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მკაფიოდ ეწერა პოსტშიც, გავიმეორებ, რომ სუფთა, გამონაბოლქვისგან თავისუფალი ჰაერი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. აქვე ისევ მყარად ვიტყვი, რომ ამ სუფთა ჰაერს ადამიანი სად სუნთქავს - ბოდბეში, ხიდისთავში, ნატანებში, კორბოულში, ბარალეთში, ომალოში, ბაკურიანში, სვირში, ბახმაროში, წითელგორაში, წრომში თუ რა ვიცი, უამრავ სხვა ულამაზესი ბუნების მქონე სოფელში, ეს ნამდვილად სულერთია და ყველა შემთხვევაში სასარგებლოა. ასევე არავის დაუდგენია, რომ გინდა თუ არა ეს სუფთა ჰაერი 21 დღე უნდა ისუნთქო. რატომ, 25 ან 30 დღე რომ ისუნთქო, სუფთა ჰაერის ნორმას გადააჭარბებ?

​ალბათ ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის კალაშნიკოვს დამიმიზნებენ, მაგრამ აბასთუმანი, ასევ ულამაზესი ბუნებით და საოცრად სუფთა ჰაერით, ტუბერკულოზს არ კურნავს. ვისაც ეს სჯერა, ის მაინც სვამს ანტიტუბერკულოზურ მედიკამენტებს და სწორედ ეს მედიკამენტები კურნავს და არა ჰაერი. აბასთუმანში დასვენებას რა ჯობია, მაგრამ ტუბერკულოზისგან ისინიც ზუსტად ისევე იკურნებიან, ვინც თავის ცხოვრებაში აბასთუმანში არ ყოფილა.

კურორტების თემაზე ადამიანებისგან ბუნებრივი რეაქცია იყო, რადგან ბევრისთვის ეს ცნობილი კურორტები იმდენად მყარად არის ასოცირებული ზოგი დაავადების „განკურნებასთან“, რომ ამ სტერეოტიპის შეცვლა ალბათ დიდხანს შეუძლებელი იქნება. ჩემგან ამის მცდელობა არც იყო. პოსტის იდეა სულ სხვაა და საბედნიეროდ, ბევრმა სწორად გაიგო, რისთვისაც დიდი მადლობა.

მე სხვა რამემ უფრო დამაფიქრა, მეხმაურებოდნენ ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად მედავებოდნენ იმაზე, რომ სამეცნიერო კვლევები საჭირო არ არის და „მშობელმა უკეთ იცის ბავშვს რა ჭირდება“, რომ მე, უცოდინარმა, არ ვიცი, რომ კურორტოლოგია მეცნიერებაა და ეს მეცნიერება ამტკიცებს, რომ მაგალითად, „ბრონქების განკურნება ზოგიერთი კურორტის ჰაერით არის შესაძლებელი“ და რა თქმა უნდა, როდესაც ვთხოვდი, შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებები გაეზიარებინათ, ამას არ/ვერ აკეთებდნენ. ამ ლოგიკით მედიკამენტების კვლევებიც საერთოდ არ ყოფილა საჭირო, თუ ადამიანებმა უკეთ იციან, რა „მოუხდებათ“. ზუსტად ასე მსჯელობენ ექიმბაშები და ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.

მოკლედ, სამედიცინო მითები ჩვენ ირგვლივ უამრავია. უბრალოდ, მთავარია, ამ მითებმა ადამიანებს ცხოვრება არ გაურთულოს და ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობაზე დამაზიანებელი გავლება არ იქონიოს (თუმცა ასეც ხდება ხოლმე). ამიტომ კარგია, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა ხშირად წერს ამ მითების შესახებ. მეც შევეცდები ეს თემა გავაგრძელო“.

წაიკითხეთ სრულად