Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნაყინი ანგინას არ იწვევს, ანგინა ბაქტერიული ინფექციაა,“ - ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე

ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ნაყინის, როგორც ანგინის გამომწვევი ტკბილეულის შესახებ მითს ამსხვრევს:

„მინდა გითხრათ, რომ ცივი წყალი და ნაყინი აუცილებელია ბავშვებისთვის, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც. ნაყინი ეს არის პოზიტივი, ენდორფინი, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც კარგ განწყობაზე ვართ, იმუნიტეტიც კარგი გვაქვს. ნაყინი რეკომენდებულია ბავშვებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს გამთბარი ნაყინი ან გამთბარი წყალი. ვიცი, რომ ახლა საყოველთაოდ ამიჯანყდებიან ბებიები. ნაყინი და ცივი წყალი არის გაკაჟების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ხშირად უთბობენ ხოლმე ბავშვებს ნაყინს, რაც საჭირო არ არის.“

„არსებობს კატეგორია ბავშვების, რომლებსაც ყელში ქრონიკული ინფექციის წყარო აქვს. ასეთ ბავშვებს ეკრძალებათ ნაყინის მირთმევა, იმიტომ, რომ, შესაძლებელია, ინფექცია გამწვავდეს. თვითონ ნაყინი ანგინას არ იწვევს, ანგინა ბაქტერიული ინფექციაა, ნაყინმა და ცივმა წყალმა, შესაძლებელია, გააქტიუროს უკვე არსებული ინფექციური კერა. ვინაიდან რძის პროდუქტები მიკრობებისთვის ნოყიერი საკვებია, ნაყინის მირთმევის შემდეგ წყლის გამოვლება კარგია, რათა პირის ღრუში რძის ნარჩენები არ დარჩეს, რომლებიც მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. ნაყინის მირთმევის შემდეგ კბილების გამოხეხვაც კარგი იქნება,“ - აღნიშნავს ქეთევან გოცაძე.

წაიკითხეთ სრულად