Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ისევე როგორც ბავშვს სჭირდება დედა, მისთვის აუცილებელია მამა. ორივე მშობელს თავისი ფუნქციები აქვს,“ - პაატა ამონაშვილი

„ისევე როგორც ბავშვს სჭირდება დედა, მისთვის აუცილებელია მამა. ორივე მშობელს თავისი ფუნქციები აქვს,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგი ​პაატა ამონაშვილი ბავშვის ცხოვრებაში მამის როლის შესახებ საუბრობს:

„ბუნებამ ასე დააწესა, რომ ბავშვს ჰყავს ორი მშობელი, დედა და მამა. ისევე როგორც ბავშვს სჭირდება დედა, მისთვის აუცილებელია მამა. ორივე მშობელს თავისი ფუნქციები აქვს. თუ უფრო ზოგადად ვიტყვით, დედა არის უპირობო სიყვარულისა და სითბოს მატარებელი ბავშვისთვის, მამა არის, როგორც მცველი, ძალა, სიძლიერე და ინტელექტი. ამ ორი არსების, დედის და მამის შერწყმა, ბავშვის განვითარების უპირობო ნაწილია. აშკარაა, რომ მამას ბიჭისთვის და გოგოსთვის სხვადასხვა როლი აქვს. გარდა იმისა, რომ ორივე შვილისთვის მას მოაქვს დაცვა, სიძლიერე და თავისებური კაცური სიყვარული, ამასთან ბიჭისთვის იდეალური მამა არის კაცობის საუკეთესო ნიმუში. ყველა ბიჭი კაცობას სწავლობს საკუთარი მამისგან. როგორი მამაც ჰყავს ბიჭს, ასეთივე მამა იქნება ის მომავალში, როგორ მეუღლესაც ხედავს მამაში დედისთვის, ასეთივე მეუღლე იქნება თავადაც. გოგო შვილისთვის მამა არის იდეალი, თუ როგორი ურთიერთობა უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის. ამასთან გოგოსთვის მამა უპირობო სიყვარულის გამტარებელი და საუკეთესო მცველიც არის.“

​აუცილებელი არ არის, რომ მამას მოჰქონდეს სიმდიდრე, ძვირფასი ნივთები. არსებობს ასეთი თქმულება, რომ ერთმა მილიონერმა მამამ თავისი შვილი ღარიბების ოჯახში წაიყვანა. ღარიბი მეთევზეები ოკეანის პირას ცხოვრობდნენ და ერთი ძაღლი ჰყავდათ. როდესაც მამა-შვილი უკან დაბრუნდნენ, მამამ ჰკითხა, ხომ დაინახე რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და ღარიბებს შორისო. შვილმა უპასუხა, კი, დავინახე, ჩვენ ღობე გვაქვს, იმათ კი - მთელი ოკეანე, ჩვენ ნათურები გვინათებენ ღამეს, მათ კი მთელი ვარსკვლავების ცა ადგათ თავზეო. აქედან ჩანს, რომ სიმდიდრეში არ არის ზრუნვა, სიმდიდრეში არ არის ერთმანეთის გატანა, იდეალური მამა უფრო გრძნობებს აძლევს თავის შვილს და არა ნივთებს, ბავშვს უყვარს მამა, არა ნივთების მომტანი, არამედ დაცულობის შეგრძნების მომცემი. არცერთ მამას არ ვურჩევდი, იზრუნონ იმაზე, რომ მათ შვილებს ძვირიანი ნივთები ჰქონდეთ. კეთილდღეობა ჩვენი განცდა და ემოციაა, რომლის მოპოვება ჩვენ შეგვიძლია ბალახზე ერთად სიყვარულით წოლით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ,“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი.

წაიკითხეთ სრულად