Baby Bag

„როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს...“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის პრობლემით ბევრი პაციენტი მომმართავს. მათ აინტერესებთ, უკავშირდება თუ არა ეს სიმსივნეს. სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა შემთხვევათა 98%-ში არ უკავშირდება სიმსივნეს და როგორც წესი, შედარებით კეთილთვისებიანი დაავადებებით არის გამოწვეული. სიმსივნით გამოწვეული ტკივილი გვხვდება მხოლოდ 0,2-2%-ში. როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: უკავშირდება თუ არა ის მენსტრუალურ ციკლს და როგორი ხასიათისაა.

თუ ქალს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა აწუხებს ორივე მხარეს, განსაკუთრებით ზედა გარეთა კვადრატებში და ის იწყება მენსტუაციამდე 2 კვირით, ერთი კვირით ადრე, ეს ციკლური ხასიათის მასტალგიაზე მეტყველებს და ყველაზე გავრცელებული ტკივილია ჩვენს რეალობაში. ამ დროს იმატებს თავის ტვინში პროლაქტინის გამოყოფა, რის გამოც ჯირკვლოვანი მასა იზრდება ზომაში. ეს ტკივილი არის ან მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის და მენსტრუაციის დაწყებისას ჩაცხრება. ეს კეთილთვისებიანი ტკივილია.

სარძევე ჯირკვლის აციკლური ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მის უკან არსებული ქსოვილების დაზიანებით. ეს შეიძლება იყოს ძვლის, ხრტილის, კუნთის დაზიანება, ნერვის დაზიანება და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ ამ ტკივილს ახლავს თუ არა სხვა ნიშნები, მაგალითად, გამონაყარი სარძევე ჯირკვალზე, შეწითლება, შესიება იმდენად, რომ ტემპერატურა იმატებს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში გამონადენი ერთ ან ორივე მხარეს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში აქერცვლა, ქავილი, დვრილის ჩაბრუნება, ფორთხოლისებური კანის ფენომენი. თუ ამ ნიშნებს შენიშნავთ და დაინახავთ სარძევე ჯირკვლებს შორის გამოხატულ ასიმეტრიულობას, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა გაჩნდა, მაშინ სასურველია, რომ მიმართოთ მამოლოგს. ამ შემთხვევაში მეტი ყურადღება გვმართებს, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა.

თუ თქვენ ისინჯავთ კვანძებს, მიუხედავად იმისა ისინი მოძრაობს, თუ არ მოძრაობს, მაინც მიმართეთ მამოლოგს. აუცილებელია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მუდმივი სკრინინგი. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სკრინინგი იწყება სხვადასხვა ასაკიდან, ზოგან 45 წლიდან, ზოგან 50-დან,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

კრუნჩხვები, მხედველობის დაქვეითება, გონებრივი უნარ-ჩვევების შეზღუდვა - შედეგები, რასაც ბავშვის ნჯღრევის სინდრომი იწვევს

კრუნჩხვები, მხედველობის დაქვეითება, გონებრივი უნარ-ჩვევების შეზღუდვა - შედეგები, რასაც ბავშვის ნჯღრევის სინდრომი იწვევს

რას გულისხმობს ბავშვის ნჯღრევის სინდრომი და რა სავალალო შედეგები შეიძლება, გამოიწვიოს ბავშვზე მძიმე ზემოქმედებამ - ამის შესახებ ექიმი, გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, აღნიშნულნა სინდრომმა შესაძლოა, წლების შემდგომ ბავშვში მძიმე პრობლემები გამოიწვიოს.

​,,ამ მეთოდს ჰყავს მომხრეები და ასევე ჰყავს მოწინააღმდეგეები. ბავშვის ნჯღრევის სინდრომი არ ახლავს მხოლოდ და მხოლოდ ამ მეთოდს, არამედ - ნებისმიერ ზემოქმედებას ბავშვზე. ეს შეიძლება, იყოს, მაგალითად, როდესაც ჩვილი არ იძინებს და მშობელი, მომვლელი მას მძიმედ ანჯღრევს. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაზიანებები ორ ორგანოში - ეს არის თავის ტვინი და მეორე გახლავთ თვალები. 

ამ მოძრაობების დროს, სამწუხაროდ, თავის ტვინი ვერ ეწევა ქალას ძვლების მოძრაობას და რადგან უკვე წინ გადაიხრება თავი, ამ დროს უკვე შეიძლება, თავის ტვინი ვერ მიწვდეს ქალას ძვლებს და უკან მოძრაობისას თავის ტვინის წინა ნახევარი მიეჯახოს ქალას სარქვლის შიგნითა კიდეს. ამ დროს ზიანდება შუბლის ნაწილი და ასევე გამოხატულად ზიანდება უკან კეფის ნაწილი. ანუ, უეცარი მოძრაობების დროს, უმთავრესად, ეს ორი ადგილი ზიანდება ბავშვებში, როდესაც ხდება მათი ძლიერი ნჯღრევა. შეიძლება, დაზიანდეს, მაგალითად, თხემის ძირის მიდამოც - გააჩნია მიმართულებას, თუ როგორ ამოძრავებენ ბავშვებს ასეთი ზემოქმედების შედეგად. ბავშვის თავის ტვინის ქსოვილი ვითარდება და, მოცემული დაზიანებების შედეგად, შეიძლება, ამას მოჰყვეს თავის ტვინის ტრავმა, მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვში არ გამოვლინდეს. ანუ - ბავშვის ნჯღრევის სინდრომი ყოველთვის არ ვლინდება კლინიკურად, თუნდაც, შევისწავლოთ ეს ბავშვი ტომოგრაფიაზე. ასევე, გააჩნია დაზიანების ხარისხს - თუ ის იქნება ძალიან მძიმე, მაშინ შესაძლოა, იყოს გამოხატული სისხლჩაქცევები და ეს გამოჩნდება უშუალოდ ტომოგრაფიული გამოკვლევით. 

სამწუხაროდ, პრობლემა არის ის, რომ ამ ყველაფერს შეიძლება, მოცემულ პერიოდში არაფერი ახლდეს, მაგრამ მოგვიანებით, წლების შემდგომ შეიძლება, გართულების სახით გამოვლინდეს კრუნჩხვები, მხედველობის დაქვეითება, გონებრივი უნარ-ჩვევების შეზღუდვა... ძალიან, ძალიან მძიმე შემთხვევებში, თუ ბავშვის ტვინზე წეზოლა იქნება უფრო მკვეთრი, ამ ყველაფერს შეიძლება, საბოლოოდ, მოჰყვეს დაზიანება ე.წ. ხიდისებრი ვენებისა", - განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად