Baby Bag

წონაში კლების ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - ნუტრიციოლოგ მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ წონაში ფრთხილად და ეტაპობრივად კლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ორგანიზმი შრომობს იმისთვის, რომ ერთი წონიდან მეორე წონით კატეგორიაში ფრთხილად გადაინაცვლოს. ეს პროცესი გულისხმობს, რომ საფეხურებრივად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს წონაში კლება. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი სასტარტო წონის 10-15%-ის კლებაზე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ დრო, რა დროში გვინდა ამ ამოცანის მიღწევა. სულსწრაფობაა, როდესაც ასეთ ამოცანებზე ვსაუბრობთ 3 თვეში, 6 თვეში, 9 თვეში. მნიშვნელოვანია ასეთი ამოცანების გაწერა ერთწლიან პერსპექტივაზე.

თუ ჩვენ დავისახეთ ამოცანა, ჩვენი სხეულის სასტარტო წონის 10-15% დავიკლოთ 12 თვის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ გადავთვლით, რამდენი კილოგრამი უნდა დავაკლოთ ჩვენი სხეულის წონას, ამ კილოგრამებს გადავანაწილებთ 12 თვის განმავლობაში. შემდეგ სპეციალურ გრაფიკს მივყვებით, მოვნიშნავთ შესრულებული ამოცანა როგორ გამოიყურება.

წონის კლებაში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ასეთი ფრთხილი კლება, რომელიც ორგანიზმს ახალ წონასთან შეჩვევისა და შეგუების შესაძლებლობას აძლევს, არის გარკვეული საიდუმლო და წინაპირობა იმისა, რომ წონა შევინარჩუნოთ. თუ ორგანიზმი შეეჩვევა ახალ წონას, ჩვენ მას საშუალებას ვაძლევთ, რომ უფრო მდგრადად, უფრო მყარად გადაინაცვლოს ახალ წონით კატეგორიაში. ეს არის ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მერე უკვე ფრთხილად მივდივართ სამიზნე წონისკენ, ნელ-ნელა ვიკლებთ და ამასაც ვანაწილებთ დროში,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლებს კი გვინდა ხოლმე, რომ საუკეთესო აღზრდა მივცეთ ჩვენს შვილებს, მაგრამ ეს შეუძლებელია,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

„მშობლებს კი გვინდა ხოლმე, რომ საუკეთესო აღზრდა მივცეთ ჩვენს შვილებს, მაგრამ ეს შეუძლებელია,“ - ფსიქოლოგი ინგა ბლესსი

​ფსიქოლოგმა ინგა ბლესსმა ბავშვის იდეალურად აღზრდის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობელს არ შეუძლია ბავშვი იდეალურად აღზარდოს:

„ჩვენი საუბრის თემა არის იდეალური აღზრდა. მშობლებს კი გვინდა ხოლმე, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთოთ და საუკეთესო აღზრდა მივცეთ ჩვენს შვილებს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ ვართ იდეალურები. მეორე, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იდეალური პირობები.“

ინგა ბლესის თქმით, მშობელიც ადამიანია და მისი შესაძლებლობები ლიმიტირებულია:

„არის ასეთი მოცემულობა, არის ოჯახი, არის თერთმეტი ადამიანი, არის საქმე, რომელიც გასაკეთებელია. მშობელი ადამიანია. მას არ შეუძლია ეს ყველაფერი მარტომ გააკეთოს. ​შესაბამისად ბავშვებიც ჩართულები არიან შრომაში, ერთმანეთის აღზრდაში. ეს მოცემულობაა. კარგად აისახება ეს ვიღაცაზე, ვიღაცაზე ცუდად აისახება თუ რას იზამს, ეს მოცემულობაა და ამ მოცემულობას ვერ გაექცევი.“

„იდეალური პირობები არ არსებობს. შეიძლება ბავშვში ბევრი კარგი თვისება ჩამოყალიბდეს, შეიძლება რაღაც დააკლდეს. რაც გვაქვს, ჩვენ იმის მიცემა და გაცემა შეგვიძლია. რაც არ გვაქვს, როგორც არ უნდა გვინდოდეს, ამას ვერ მივცემთ ვერავის, მათ შორის შვილებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან გვიყვარს, მათზე ვზრუნავთ და მათთვის საუკეთესო გვინდა,“ - აღნიშნა ინგა ბლესსმა.

წყარო:​ IBEL ACADEMY

წაიკითხეთ სრულად