Baby Bag

წონაში კლების ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - ნუტრიციოლოგ მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ წონაში ფრთხილად და ეტაპობრივად კლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ორგანიზმი შრომობს იმისთვის, რომ ერთი წონიდან მეორე წონით კატეგორიაში ფრთხილად გადაინაცვლოს. ეს პროცესი გულისხმობს, რომ საფეხურებრივად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს წონაში კლება. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი სასტარტო წონის 10-15%-ის კლებაზე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ დრო, რა დროში გვინდა ამ ამოცანის მიღწევა. სულსწრაფობაა, როდესაც ასეთ ამოცანებზე ვსაუბრობთ 3 თვეში, 6 თვეში, 9 თვეში. მნიშვნელოვანია ასეთი ამოცანების გაწერა ერთწლიან პერსპექტივაზე.

თუ ჩვენ დავისახეთ ამოცანა, ჩვენი სხეულის სასტარტო წონის 10-15% დავიკლოთ 12 თვის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ გადავთვლით, რამდენი კილოგრამი უნდა დავაკლოთ ჩვენი სხეულის წონას, ამ კილოგრამებს გადავანაწილებთ 12 თვის განმავლობაში. შემდეგ სპეციალურ გრაფიკს მივყვებით, მოვნიშნავთ შესრულებული ამოცანა როგორ გამოიყურება.

წონის კლებაში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ასეთი ფრთხილი კლება, რომელიც ორგანიზმს ახალ წონასთან შეჩვევისა და შეგუების შესაძლებლობას აძლევს, არის გარკვეული საიდუმლო და წინაპირობა იმისა, რომ წონა შევინარჩუნოთ. თუ ორგანიზმი შეეჩვევა ახალ წონას, ჩვენ მას საშუალებას ვაძლევთ, რომ უფრო მდგრადად, უფრო მყარად გადაინაცვლოს ახალ წონით კატეგორიაში. ეს არის ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მერე უკვე ფრთხილად მივდივართ სამიზნე წონისკენ, ნელ-ნელა ვიკლებთ და ამასაც ვანაწილებთ დროში,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი, მასში არის უამრავი ფრუქტოზა,“- გიორგი ღოღობერიძე

„საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი, მასში არის უამრავი ფრუქტოზა,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ პროდუქტების გლიკემიური ინდექსის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხილი და ბოსტნეული თავისი თვისებებით განსხვავებულია და მათი გლიკემიური ინდექსიდან გამომდინარე ზოგი მათგანი გამხდარი ადამიანებისთვისაა მეტად სასარგებლო, ზოგი კი - ჭარბწონიანთათვის:

„ყველა ხილი და ბოსტნეული განსხვავდება თავისი თვისებებით. ​ზოგიერთი ხილი ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, აწუხებს შაქრიანი დიაბეტი. არსებობს ხილი და ბოსტნეული, რომელიც უფრო კარგია მათთვის, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. ამის შეფასების ერთ-ერთი პარამეტრი არის გლიკემიური ინდექსი.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ის პროდუქტები, რომლებსაც დაბალი გლიკემიური იდექსი აქვთ, ჭარბწონიანი ადამიანებისთვის არის კარგი:

„თუ გლიკემიური ინდექსი დაბალია, ნაკლებია 55-ზე, ამ პროდუქტებში არსებული ნახშირწყლები ეტაპობრივად შეიწოვება. ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, ან ჭარბწონიანია. მსგავსი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები არის: ​ვაშლი (36), ფორთოხალი 43 (50), ბანანი (51), მანგო (51), მარწყვი (49).“

„არსებობს საკვები, რომელიც ხასიათდება მაღალი გლიკემიური ინდექსით. როგორც კი შეჭამ მსგავს პროდუქტს, გლუკოზა რომელიც მასშია, მყისიერად აღმოჩნდება ჩვენს სისხლში. ასეთი საკვები ჭარბწონიანებს არ გამოადგებათ, ასევე არ გამოადგებათ მათ, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ გამოადგება მათ, ვინც არის ფიზიკურად აქტიური. ასეთი საკვები შეიძლება იყოს ანანასი (59), გოგრა (64). ​ამ კუთხით ლიდერი არის საზამთრო (76). მასში მართლაც ბევრი წყალია, მაგრამ მასში არის უამრავი ფრუქტოზა, ამიტომ საზამთრო უფრო გამოადგება მათ, ვინც არის გამხდარი და ფიზიკურად აქტიური. დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტის დოზასაც. თუ მცირე რაოდენობით მიირთმევთ, მან შეიძლება არსებითი გავლენა არც იქონიოს,“ - აღნიშნულ თემაზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​„პოსტ ალიონი“

წაიკითხეთ სრულად