Baby Bag

წონაში კლების ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - ნუტრიციოლოგ მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ წონაში ფრთხილად და ეტაპობრივად კლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ორგანიზმი შრომობს იმისთვის, რომ ერთი წონიდან მეორე წონით კატეგორიაში ფრთხილად გადაინაცვლოს. ეს პროცესი გულისხმობს, რომ საფეხურებრივად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს წონაში კლება. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი სასტარტო წონის 10-15%-ის კლებაზე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ დრო, რა დროში გვინდა ამ ამოცანის მიღწევა. სულსწრაფობაა, როდესაც ასეთ ამოცანებზე ვსაუბრობთ 3 თვეში, 6 თვეში, 9 თვეში. მნიშვნელოვანია ასეთი ამოცანების გაწერა ერთწლიან პერსპექტივაზე.

თუ ჩვენ დავისახეთ ამოცანა, ჩვენი სხეულის სასტარტო წონის 10-15% დავიკლოთ 12 თვის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ გადავთვლით, რამდენი კილოგრამი უნდა დავაკლოთ ჩვენი სხეულის წონას, ამ კილოგრამებს გადავანაწილებთ 12 თვის განმავლობაში. შემდეგ სპეციალურ გრაფიკს მივყვებით, მოვნიშნავთ შესრულებული ამოცანა როგორ გამოიყურება.

წონის კლებაში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ასეთი ფრთხილი კლება, რომელიც ორგანიზმს ახალ წონასთან შეჩვევისა და შეგუების შესაძლებლობას აძლევს, არის გარკვეული საიდუმლო და წინაპირობა იმისა, რომ წონა შევინარჩუნოთ. თუ ორგანიზმი შეეჩვევა ახალ წონას, ჩვენ მას საშუალებას ვაძლევთ, რომ უფრო მდგრადად, უფრო მყარად გადაინაცვლოს ახალ წონით კატეგორიაში. ეს არის ერთი საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მერე უკვე ფრთხილად მივდივართ სამიზნე წონისკენ, ნელ-ნელა ვიკლებთ და ამასაც ვანაწილებთ დროში,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში?

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში?

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა შვილებს დამოუკდებლად თამაშის სწავლაში ხელი უნდა შეუწყონ. ​ბავშვმა დამოუკიდებლად, თქვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე თამაში უნდა შეძლოს, თუნდაც მხოლოდ მცირე ხნით. მცირეწლოვან ბავშვის ამის უნარი ნამდვილად აქვს. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ როდესაც მცირეწლოვანი ან სკოლამდელი ასაკის ბავშვები ჰყავთ, მათ მთელი დღე ბავშვის გართობაში უნდა გაატარონ, რაც მცდარი მოსაზრებაა.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ბაღში სიარული, ცეკვის, მუსიკისა და სპორტის წრეებში მონაწილეობა. გარდა ამისა, ისინი ეკრანთან და გაჯეტებთანაც ატარებენ დროს. მცირეწლოვან ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ართობენ, თუმცა მათ ყველაზე მეტად სწორედ დამოუკიდებლად თამაში ესაჭიროებათ. დამოუკიდებლად თამაშში ბავშვის მარტო თამაში იგულისხმება. ​ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ამის უნარი აქვთ და მარტო თამაშით სიამოვნებასაც იღებენ. გარდა იმისა, რომ ეს ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს, თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია. ცხადია, თამაშის დროს ბავშვთან ახლოს უნდა იყოთ და მას ყურადღება მიაქციოთ.

მცირეწლოვანი და სკოლამდელი ასაკის ბავშვები ყველაზე კარგად თავისუფალი თამაშისას სწავლობენ. ისინი კრეატიულები ხდებიან, წარმოსახვას იყენებენ და იმპროვიზაციას მიმართავენ. დამოუკიდებელი თამაშისას შეძენილ უნარებს ბავშვი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებს. მ​არტო თამაში ბავშვს ემოციების რეგულაციას, იმრპოვიზაციას, პრობლემების გადაჭრას ასწავლის და საკუთარი თავის შემეცნებაში ეხმარება. ის უფრო ყურადღებიანი ხდება დეტალების მიმართ და მისი თავდაჯერებაც მატულობს.

სახლში ბავშვისთვის უსაფრთხო, თავისუფალი სათამაშო სივრცე შექმენით. ბავშვს ბუნებრივად გაუჩნდება სურვილი, რომ თამაში დაიწყოს. ბავშვის წახალისება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, რათა მას დამოუკიდებლად თამაშის მოტივაცია გაუჩნდეს.

მომზადებულია​ moms.com-ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად