არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები? - ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, თსსუ-ს პროფესორმა დავით თელიამ ისაუბრა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ბუნებაში არ არსებობს ასეთი პრეპატარი, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, იმუნურ პასუხს აძლიერებს. ვინაიდან ასეთი არავითარი მტკიცებულება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, სავსეა ლიტერატურა და მათ შორის, სოციალური ქსელები სხვადასხვა რეკომენდაციით. დღეს მედიცინაში არსებობს ერთი მთავარი პრობლემა - სარწმუნო სამედიცინო ინფორმაცია.
რასაკვირველია, არ არის საჭირო გამოკეტვა, მუდმივი შიში, რომ რაღაც ინფექცია დაგვემართება. რაც უფრო მეტ ინფექციას ხვდება ადამიანი, მისი იმუნური სისტემა მით უფრო ვარჯიშობს. ძალიან ხშირად პაციენტები მოდიან ჩივილით, განსაკუთრებით მშობლები, რომ მათი შვილები წელიწადში 4-5-ჯერ ცივდებიან ვირუსული ინფექციებით. მე მინდა დავამშვიდო, რომ 6-7 და ზოგიერთი მონაცემებით 8 ინფექცია, ჩვეულებრივი ვირუსული სახადი ინფექცია, არის მისაღები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის იმუნუდეფიციტური მდგომარეობა არის, პირიქით ეს ყველაფერი აძლიერებს იმუნურ სისტემას, მას ასტიმულირებს. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება - ვიტამინები და ა.შ. სამწუხაროდ, არ აძლიერებს იმუნიტეტს, კარგი იქნებოდა, რომ ასეთი საშუალებები ყოფილიყო, მაგრამ დღესდღებით ასეთი საშუალებები არ არსებობს“, - მოცემულ საკითხზე დავით თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.