როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
მედიკამენტების მიღებით გამოწვეული მინერალების დანაკარგი ორგანიზმში - მარი მალაზონიას რეკომენდაციები
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტის გამოყენებისას ორგანიზმში მინერალების დანაკარგის რისკებზე ისაუბრა:
„თუ ჩვენ სისტემატურად ვიყენებთ ამა თუ იმ ფარმაკოლოგიურ ჯგუფს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს შეიძლება გახდეს ამ ელემენტების დანაკარგის წინაპირობა. უნდა გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ სისტემატურად იღებთ კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს, კორტიკოსტეროიდებს, შარდმდენებს, ყველა ამ ჯგუფის პრეპარატის სისტემატური მოხმარების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ, რამდენად არის შენარჩუნებული ორგანიზმში კალციუმის დონე. შეიძლება სისხლში კალციუმი წონასწორობაში იყოს, მაგრამ მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ კალციუმი წამოიღო კბილებიდან, ძვლებიდან, გამოფიტა ეს ორგანოები.“
„შარდმდენებისთვის დამახასიათებელია მინერალების დანაკარგი. ცხადია, ეს შარდმდენის სახეობაზეც არის დამოკიდებული. თუ თქვენ გჭირდებათ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და სისტემატურად გჭირდებათ შარდმდენის გამოყენება, მაგნიუმის დანაკარგი ორგანიზმში იზრდება. თუ თქვენ მეტფორმინის გამოყენება გჭირდებათ, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ამბობთ ამ წამლებზე. თუ თქვენ სისტემატურად იყენებთ ამ წამლებს, გჭირდებათ B12 ვიტამინის დონის შემოწმება. თუ თქვენ იღებთ ანტიკონვულსანტებსა და ქალის სასქესო ჰორმონებს, ასევე უნდა გაითვალისწინოთ ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა. ასეთი რისკი არსებობს. შარდმდენების გამოყენებისას შეიძლება დაგვაკლდეს B1 ვიტამინი,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.