როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ხასიათის ტკივილი სახსრებში, რა თქმა უნდა, მან, პირველ რიგში, უნდა მიმართოს სპეციალისტს,“- რევმატოლოგი თამთა კობახიძე
რევმატოლოგმა თამთა კობახიძემ კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებში სახსრების ტკივილის ხშირი გამოვლენის შესახებ ისაუბრა:
„ხშირი შემთხვევაა, როდესაც კოვიდ ინფექციის დროს არის ტკივილი სახსრებში. არაფერი არ იყო, პაციენტს მსგავსი ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ დაეწყო ტკივილი თითქმის ყველა სახსარში. აქ რევმატოლოგებიც ვერთვებით, არის თუ არა იქ რაიმე სისტემური პათოლოგია თუ რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე.“
თამთა კობახიძის თქმით, ძლიერი ხასიათის ტკვივილის დროს პაციენტმა სპეციალისტს უნდა მიმართოს:
„თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ხასიათის ტკივილი სახსრებში, რა თქმა უნდა, მან, პირველ რიგში, უნდა მიმართოს სპეციალისტს. შეიძლება გარკვეული დღეების განმავლობაში მივიღოთ ანთების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელი პრეპარატი, მაგრამ ამას არ უნდა მივცეთ მასიური სახე. მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ შინაგან ორგანოებს. ანტიბიოტიკი სახსრების ტკივილის დროს აბსოლუტურად მიუღებელი პრეპარატთა ჯგუფია.“
„სახსარი სუსტი და ნაზი ორგანოა. ის მაქსიმალურად შეიგრძნობს ამინდის ცვლილებას. შესაბამისად იწყება ტკივილი. რევმატიზმით დაავადებული პაციენტები უფრო მკვეთრად აღიქვამენ ამ ყველაფერს. ამინდის ცვლილებაზე რეაგირება წინასწარ პრევენციას და მედიკამენტოზურ დახმარებას არ საჭიროებს,“- აღნიშნულ საკითხზე თამთა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.