როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ორგანიზმში, რომელიც გაკაჟებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას,“ - პედიატრი ქეთი შარანგია
პედიატრმა ქეთი შარანგიამ ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებით მხარეებზე ისაუბრა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ფეხისგულების მასაჟის დადებით გავლენას გაუსვა ხაზი:
„ფეხშიშველი სიარული სასურველია არამხოლოდ ნამიან ბალახზე, არამედ ოთახშიც. ამ შემთხვევაში იატაკი უნდა იყოს მხოლოდ ბუნებრივი ხის, ის არ უნდა იყოს ლამინირებული. ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ძალიან ბევრი რეცეპტორია განლაგებული. მათი აქტივაცია იწვევს სხვადასხვა ორგანოში მსგავსი რეცეპტორების აქტივაციას.“
ქეთი შარანგიას თქმით, ფეხისგულების რეცეპტორების აქტივაცია ხელს უწყობს ბავშვებში ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების პრევენციას:
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი რეცეპტორები, როგორიც ფეხისგულებზეა მოთავსებული, არის მოთავსებული ცხვირში. მათი აქტივაცია ხელს შეუწყობს იმას, რომ ბავშვები იშვიათად გახდებიან ავად ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციებით.ძალიან მნიშვნელოვანია ფეხისგულების მასაჟი და სტიმულაცია. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მით უმეტეს, თუ ეს არის ნამიანი ბალახი, კიდევ უფრო მეტად არის სასურველი. ბავშვი წყლის მსგავს პროცედურებსაც ეჩვევა.“
„როდესაც გაკაჟებაზე ვსაუბრობთ, გაკაჟება არის ორგანიზმის შეგუება მისთვის არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი. არახელსაყრელი პირობა რა შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის?! ეს არის ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი ტემპერატურა. გაკაჟების ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ გამოვიყენოთ მზის, ჰაერის და წყლის აბაზანები. ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ორგანიზმში, რომელიც გაკაჟებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას. მით უმეტეს, თუ ვეხებით ზაფხულის პერიოდს. ეს არის საუკეთესო პერიოდი გაკაჟებისთვის. არცერთი პერიოდი არ არის ცუდი იმისთვის, რომ გაკაჟება დავიწყოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი შარანგიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.