Baby Bag

„ძირითადი მიზეზი არის ხოლმე...“ - რა იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?

„ძირითადი მიზეზი არის ხოლმე...“ - რა იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?

ხელებისა და ფეხების დაბუჟების მიზეზებზე ნეიროქირურგმა გიორგი მაღალაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

​„ბევრი დაავადება შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ადამიანს ჰქონდეს ან უსიამოვნო შეგრძნება ან შეგრძნების დაქვეითება ან დაბუჟება კიდურებსა თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადი მიზეზი არის ხოლმე ზურგის ტვინის და ხერხემლის არხის სხვადასხვა დაავადება. ყველაზე გავრცელებული რაც შეიძლება იყოს, ეს არის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ხერხემლის ძვლოვანი სისტემის პათოლოგიასთან. ეს შეიძლება იყოს ტრავმული, მიკროტრამვული, ინფექციური, ასაკობრივი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - ეს ყველაფერი იწვევს სახსრის ელასტიურობის დარღვევას, ელასტიურობადარღვეული სახსარი შეიძლება იყოს ზედმეტად მოძრავი, რაც  ტკივილს იწვევს. 

გარდა ამისა, შეიძლება იყოს სხვა პროცესები, მაგალითად, სისხლძარღვოვანი, სიმსივნური წარმონაქმნი, დისკების გამოვარდნა და ზეწოლა ზურგის ტვინზე, განსაკუთრებით სიმპტომატიკა არის კისრის დონეზე. ეს არის ყველაზე მაღალი ზურგის ტვინის დონე, საიდანაც იმართება როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურები. შესაბამისად, როდესაც ეს ყველაფერი ხდება წელს ქვემოთ, მაშინ მხოლოდ ქვედა კიდურებზე იქნება მათი ზემოქმედება. 

ზურგის ტვინის ექსტრამედულური სიმსივნეების დროს დაბუჟება იწყება ფეხის თითებიდან და ნელ-ნელა ამოდის ზემოთ და როცა მიაღწევს იმ დონეს, სადაც იყო ზეწოლა ზურგის ტვინზე, მერე ჩერდება რაღაც დონეზე. შეიძლება ფეხებში იყოს დაბუჟება და პროცესი იყოს კისერში. ამ დროს ავადმყოფი უნდა გაისინჯოს, ნახოს სპეციალისტმა,“ - აღნიშნა გიორგი მაღალაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა ტკბილეულმა ბავშვებში და როგორ ჩავრთოთ რაციონში ისე, რომ ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ?

​რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა ტკბილეულმა ბავშვებში და როგორ ჩავრთოთ რაციონში ისე, რომ ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ?

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა ტკბილეულმა ბავშვებში და როგორ ჩავრთოთ რაციონში ისე, რომ ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ის ესაუბრა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი მარიამ ფხალაძე.

- ქალბატონო მარიამ, რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ბავშვს ტკბილეულის ზედმეტმა რაოდენობამ?
- პირველი და ძირითადი პრობლემა არის ჭარბი წონა. ზედმეტი რაოდენობა მიჩვევას იწვევს და დამოკიდებულები ხდებიან, ეს კი დროთა განმავლობაში წონაზე აისახება, ხოლო ჭარბი წონა, მოგვიანებით, შესაძლოა, გადავიდეს დიაბეტში, საუბარია მეორე ტიპის დიაბეტზე.

​- როგორ უნდა ჩავრთოთ რაციონში შაქარი ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

​- შედარებით პატარა ასაკის ბავშვებში უმჯობესია, უშაქრო ფაფები გამოიყენონ და თავიდანვე ჩამოუყალიბონ პირის გემო, არა ტკბილზე, არამედ სიტკბოს გარეშე სითხეებზე, მაგალითად, ჩაიზე, რძეზე, სადაც ნაკლებად გამოიყენებენ შაქარს. ასევე კარგია, თუ მოგვიანებით ასაკში, ფაფებს ხილით დაატკბობენ, ნებისმიერი სახის ხილი გაურიონ შვრიაში ან სხვა ფაფებში, თუნდაც ჩირი და ასე მიაწოდონ ბავშვს. სუფთა სახით შაქრის გამოყენება ზოგადად არ არის რეკომენდებული, ყავისფერი შაქარი კიდევ შესაძლებელია, ან შაქრის შემცვლელი მცენარეული დამატკბობელი.
- საშუალოდ, რა რაოდენობის ტკბილეული უნდა მიიღოს პატარამ დღის განმავლობაში?

​- რაოდენობა განსაზღვრული არ არის. უმჯობესი იქნება მიიღოს სუფთა, შავი შოკოლადი, რაც სასურველია კვებასთან არ იყოს კავშირში და ხემსის სახით მიიღოს.

​- რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი ტკბილეულის მიცემა?

​- ზოგადად, ტკბილეულის მიცემა მიზანშეწონილია 3-4 წლიდან.

​- როგორ ავიცილოთ თავიდან მისგან გამოწვეული გართულებები და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

​- გართულებების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ ტბილეულის მიღება. თუ საშუალება გვექნება, საერთოდ ამოვიღოთ რაციონიდან. ხოლო თუ მივცემთ, ჩავანაცვლოთ ჯანსაღი ტკბილეულით, შავი შოკოლადის, ჩირების და მსგავსი პროდუქტების სახით. რასაკვირველია, მცირე რაოდენობით ყველაფერი მისაღებია, თუმცა ზომიერება უნდა დავიცვათ. ჭარბი წონის შემთხვევაში, რაოდენობრივად ვზღუდავთ ნახშირწყლებს. სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ საკვებს, გაზიან სასმელს საერთოდ ვიღებთ რაციონიდან, ვზრდით ფიზიკურ აქტივობას, მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ცილოვანი პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი სუფთა სახით და საღამოს შვიდი საათის შემდეგ არ არის რეკომენდირებული კვება. თუ ბავშვს ეწყება გაძლიერებული წყურვილი, შარდვა, იმატებს წონაში ან პირიქით, ძალიან სწრაფად იკლებს, ასევე თუ გაძლიერებული მოთხოვნილება აქვს ტკბილეულზე, ამ შემთხვევებში აუცილებელია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად