Baby Bag

„ძირითადი მიზეზი არის ხოლმე...“ - რა იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?

„ძირითადი მიზეზი არის ხოლმე...“ - რა იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?

ხელებისა და ფეხების დაბუჟების მიზეზებზე ნეიროქირურგმა გიორგი მაღალაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

​„ბევრი დაავადება შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ადამიანს ჰქონდეს ან უსიამოვნო შეგრძნება ან შეგრძნების დაქვეითება ან დაბუჟება კიდურებსა თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადი მიზეზი არის ხოლმე ზურგის ტვინის და ხერხემლის არხის სხვადასხვა დაავადება. ყველაზე გავრცელებული რაც შეიძლება იყოს, ეს არის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ხერხემლის ძვლოვანი სისტემის პათოლოგიასთან. ეს შეიძლება იყოს ტრავმული, მიკროტრამვული, ინფექციური, ასაკობრივი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - ეს ყველაფერი იწვევს სახსრის ელასტიურობის დარღვევას, ელასტიურობადარღვეული სახსარი შეიძლება იყოს ზედმეტად მოძრავი, რაც  ტკივილს იწვევს. 

გარდა ამისა, შეიძლება იყოს სხვა პროცესები, მაგალითად, სისხლძარღვოვანი, სიმსივნური წარმონაქმნი, დისკების გამოვარდნა და ზეწოლა ზურგის ტვინზე, განსაკუთრებით სიმპტომატიკა არის კისრის დონეზე. ეს არის ყველაზე მაღალი ზურგის ტვინის დონე, საიდანაც იმართება როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურები. შესაბამისად, როდესაც ეს ყველაფერი ხდება წელს ქვემოთ, მაშინ მხოლოდ ქვედა კიდურებზე იქნება მათი ზემოქმედება. 

ზურგის ტვინის ექსტრამედულური სიმსივნეების დროს დაბუჟება იწყება ფეხის თითებიდან და ნელ-ნელა ამოდის ზემოთ და როცა მიაღწევს იმ დონეს, სადაც იყო ზეწოლა ზურგის ტვინზე, მერე ჩერდება რაღაც დონეზე. შეიძლება ფეხებში იყოს დაბუჟება და პროცესი იყოს კისერში. ამ დროს ავადმყოფი უნდა გაისინჯოს, ნახოს სპეციალისტმა,“ - აღნიშნა გიორგი მაღალაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვატაროთ ნიღაბი ვაქცინაციის შემდეგ

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვატაროთ ნიღაბი ვაქცინაციის შემდეგ

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან გარკვეული დროის მანძილზე, ვიდრე მოსახლეობას კოვიდის მიმართ მყარი იმუნიტეტი არ ჩამოუყალიბდება, ნიღბის ტარება კვლავ ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად დარჩება. ვაქცინაციის შემდეგ ნიღბის ტარების საჭიროებას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შესახებ ჩვენს სტატიაში გესაუბრებით.

1. ვაქცინას 100 %-იანი ეფექტიანობა არ აქვს

ფაიზერისა და მოდერნას ​ვაქცინები 95 %-იანი ეფექტიანობით გამოირჩევიან, რაც კვლევებითაც არის დადასტურებული. მიუხედავად ამისა, ვაქცინაციის შემდეგ ყოველი ოცი ადამიანიდან ერთი კვლავ დაუცველია და ინფიცირების მაღალი რისკი აქვს. ვაქცინები კონტროლირებად გარემოში, კლინიკურ სივრცეში გამოიცადა. არაკონტროლირებად გარემოში მათი ეფექტიანობა იკლებს. ვაქცინების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად განაპირობებს მათი ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების ზედმიწევნით დაცვა. წესებიდან ნებისმიერი გადახვევა ვაქცინის ეფექტიანობაზე გავლენას ახდენს.

2. ვაქცინის ეფექტი მყისიერი არ არის

არცერთი ვაქცინა მისი გაკეთებისთანავე არ ავლენს სასურველ ეფექტს. ორგანიზმს ორი კვირა მაინც სჭირდება ვირუსის ბლოკირებისთვის საჭირო ანტისხეულების გამომუშავებისთვის. ​კოვიდის ვაქცინის შემთხვევაში, ეს დრო კიდევ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე გრიპის ვაქცინების გაკეთებისას. სასურველი შედეგის მისაღებად მოდერნასა და ფაიზერის ვაქცინის ორი დოზის გაკეთებაა საჭირო. ფაიზერის ვაქცინა სამკვირიანი შუალედით კეთდება, ხოლო მოდერნას ვაქცინა - ოთხკვირიანი. ადამიანი ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან პირველი ხუთი-ექვსი კვირის განმავლობაში ვირუსისგან სრულად დაცული არ არის.

3. ვაქცინაციის მიუხედავად, შესაძლოა, ადამიანი იყოს ვირუსის გამავრცელებელი

კოვიდის ვაქცინა ადამიანებს ავად გახდომისგან იცავს, თუმცა არა - ინფიცირებისგან. ​ისინი, შესაძლოა, მაინც დარჩნენ ვირუსის გამავრცელებლებად, მას შემდეგ, რაც ვაქცინას გაიკეთებენ. მკვლევარებს აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გამოსაკვლევად დრო სჭირდებათ, რათა ზუსტად დადგინდეს, რამდენად უსაფრთხოა ვირუსის გავრცელების მხრივ ის ადამიანი, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა. ვიდრე მეცნიერები ამ მხრივ ვაქცინის ეფექტიანობას გამოიკვლევენ, ნიღბის ტარება საუკეთესო გზაა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

4. ნიღაბი სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს იცავს

სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. შესაძლოა, ვაქცინამ ვერ შეძლოს მათი დაცვა. იმ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვის სიმსივნე აქვთ, განსაკუთრებით უჭირთ პრევმონიასთან ბრძოლა, რადგან სამკურნალო პროცედურებისგან მათი იმუნური სისტემა მნიშვნელოვნად არის დასუსტებული. ლეიკემია და ლიმფომა იმუნურ უჯრედებს აზიანებს, რის გამოც პაციენტების ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლა უჭირს. ექიმებმა არ იციან, თუ ​რამდენად ეფექტიანი იქნება სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ვაქცინა, რადგან ისინი არ იყვნენ ჩართული შესაბამის კვლევებში. კვლევების ზოგიერთ მონაწილეს სიმსივნის დიაგნოზი კვლევების დაწყების შემდეგ დაუსვეს. აღნიშნულ პაციენტებს ვაქცინა მხოლოდ 76 %-ით იცავდა. ზოგიერთი ადამიანი ვაქცინას საერთოდ ვერ გაიკეთებს. მართალია, მედიკოსები ალერგიული ადამიანების დიდ ნაწილს ვაქცინაციის ჩატარების რეკომენდაციას აძლევენ, თუმცა მათ, ვისაც პოლიეთილენ გლიკოლზე ან ვაქცინის სხვა კომპონენტებზე მწვავე ალერგიული რეაქცია აქვთ, ვაქცინა არ გაუკეთდებათ. ვაქცინაცია არ ჩაუტარდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებისას სახიფათო ალერგიული რეაქცია გამოუვლინდებათ.

5. ნიღაბი კორონავირუსის ნებისმიერი ახალი შტამისგან დაგიცავთ

კორონავირუსმა არაერთი გენეტიკური მუტაცია განიცადა. კვლევებით გდგინდება, რომ ვაქცინა ახალი შტამების მიმართაც ეფექტიანი იქნება. ერთი რამ ცხადია, დისტაციის დაცვა, ჯგუფური თავშეყრისთვის თავის არიდება და ​ნიღბის ტარება კორონავირუსის ახალი შტამებით დაინფიცირებისგან გვიცავს. ნიღაბი ეფექტიანია სხვა რესპირატორული ვირუსების თავიდან აცილებისთვისაც. მსოფლიო მასშტაბით გრიპის ვირუსის ცირკულაციამ მნიშვნელოვნად მოიკლო მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირების წესების დაცვა დაიწყეს. პანდემიის დასასრულებლად საუკეთესო გზაა არა არჩევანი ნიღაბს, დისტანციას და ვაქცინაციას შორის, არამედ მათი კომბინირება. სოციალური დისტანცია, ნიღბის ტარება და ვაქცინაცია საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება.

მომზადებულია​ gavi.org- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად