,,ძილი, შეიძლება ითქვას, არის საკმაოდ აქტიური პერიოდი. მართალია, ფიზიკურად ბავშვი არის მოსვენებულ მდგომარეობაში, მაგრამ, სინამდვილეში, ამ დროს მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული პროცესები თავის ტვინში", - ამის შესახებ ნევროლოგმა, ნინო თარხნიშვილმა ,,იმედის დილაში" სტუმრობისას ისაუბრა.
,,ძილი ადამიანის - განსაკუთრებით, ბავშვების განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დაახლოებით, 6 თვის ასაკისთვის, უმეტეს შემთხვევაში, დღის ძილი არის ძალიან ხანმოკლე, მაგრამ ღამის ძილი, მეტ-ნაკლებად, მოწესრიგებულია და ეს წარმოადგენს მისაღებ ნორმას.
რა თქმა უნდა, არსებობს საყურადღებო და სერიოზული მდგომარეობები, როდესაც ყურადღება უნდა მიაქციოს მშობელმა და არ უნდა გამოეპაროს. ახალშობილობის ასაკში თუკი ბავშვს გადაჭარბებულად სძინავს, შეიძლება ითქვას, რომ არ ფხიზლდება, რა თქმა უნდა, ეს საყურადღებოა. ამ დროს შეიძლება, საქმე გვქონდეს გარკვეულ თანდაყოლილ, ნევროლოგიურ დაავადებებთან, რომლებიც შესაძლებელია, უშუალოდ დაბადების პროცესში არ გამოჩნდეს, მაგრამ პირველი თვის მანძილზე იჩინოს თავი.
ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ - საწოლის შერჩევა, საწოლის სწორი პოზიცია - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც თენდება, მზის სხივი აუცილებლად უნდა აღწევდეს ოთახში და კონკრეტულად - საწოლამდე. ეს ბავშვს ეხმარება გამოღვიძებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატრასი იყოს აუცილებლად მყარი, არ არის რეკომენდებული ბალიშის გამოყენება. ზოგიერთ შემთხვევაში ვითვალისწინებთ ხოლმე გარკვეულ პედიატრიულ პათოლოგიებს, რომლებიც ხშირია ახალშობილობის ასაკისთვის - ასეთ დროს რეკომენდებულია მატრასის ოდნავი დახრა", - განმარტა ნინო თარხნიშვილმა.