Baby Bag

რა სიმპტომები ახასიათებს და რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს

რა სიმპტომები ახასიათებს და რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს

„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა,“ - აღნიშულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.

„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია პოლიკლინიკებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით, თუმცა 2016 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია. წელს ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც უფრო მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში იყო. მიმდინარე პერიოდში გრიპის ვირუსი საგანგაშო მაჩვენებელზე არ არის და 100 000 ადამიანზე 170-ს შეადგენს. ვირუსის სიმპტომებია: სიცხე, ყელის ტკივილი და ღებინება. მოქალაქეებს ვურჩევ, აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართონ. ასევე საჭიროა, ჰიგიენის ნორმების დაცვა - ხელების ხშირად დაბანა და გაციების ან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, სახლში დარჩენა,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

წაიკითხეთ სრულად